in

ადამიანი და ინდივიდუალიზმი, როგორც დიზაინის ამოსავალი წერტილი — ინტერვიუ ნათია ობოლაძესთან

ნათია ობოლაძე ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინერია. მის შემოქმედებაში მთავარი ადამიანი და მისი ინდივიდუალიზმია, ამიტომ სივრცის შექმნისას ცდილობს, ბოლომდე მოუსმინოს დამკვეთს და პროექტის კონცეფცია კონკრეტულ მაცხოვრებელსა თუ მფლობელს მოარგოს. ჩვენი რესპონდენტისთვის ამ პროფესიისადმი სიყვარული ბავშვობიდან იწყება. როგორც ნათია გვიყვება, პატარა ასაკიდან ხიბლავდა სივრცეების გარდაქმნა და ოთახის გადაკეთება. ამ ინტერესის გაღრმავებას კი ხელოვანთა ოჯახიც უწყობდა ხელს. შემოქმედებითმა გარემომ მასზე დიდი გავლენა იქონია და საბოლოოდ, თავადაც ეს გზა აირჩია. დღეს  ნათია საკუთარი გამოცდილების, საინტერესო პროფესიული ცხოვრებისა  და შეხედულებების შესახებ გვიამბობს.

ნათია, როგორი იყო თქვენი ბავშვობა და ის გარემო, რომელშიც გაიზარდეთ?

შემოქმედებით გარემოში გავიზარდე, რამაც დიდი გავლენა იქონია შემდეგში ჩემს პროფესიასა და მსოფლმხედველობაზე. ბაბუა პოეტი იყო და არაჩვეულებრივად ხატავდა. დედა ხელოვნებათმცოდნეა, მამა კი არქიტექტორი. ბავშვობიდან მიყვარდა სხვადასხვა სივრცის შექმნა, ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი და ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მშობლებს სრულიად სხვა ფერის კედლები დახვედრიათ მეორე დღეს სახლში. ასე რომ, ის გარემო, რომელშიც ვიზრდებოდი, უდიდეს გავლენას ახდენდა ჩემზე.

გვიამბეთ როგორ წარიმართა თქვენი პროფესიული გზა? 

სკოლის დასრულების შემდეგ თბილისის სამხატვრო აკადემიაში, ტანსაცმლის მოდელირების მიმართულებით ჩავაბარე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან საინტერესო სფეროა, დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი უფრო მაინტერესებდა. საბოლოოდ კი ის გზა ავირჩიე, რომელიც ბავშვობიდან მიზიდავდა და მხიბლავდა. თავდაპირველად, მეგობრებთან ერთად დავაარსე სტუდია, სწორედ ეს იყო  პირველი პროფესიული ნაბიჯი და გამოცდილება ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინში, რასაც დიდი სიყვარულითა  და ენთუზიაზმით მივუდექი. საქართველოში საქმიანობის პარალელურად, ერთ-ერთ პროექტზე საფრანგეთში, ნიცაში მოგვიწია მუშაობა, რაც უცხო ქვეყნის ბაზარზე ჩემთვის პირველი გასვლა იყო და ამან უდიდესი გამოცდილება შემძინა.

მოგვიანებით, დაგროვილი გამოცდილების შემდეგ, ახალი გამოწვევების დამოუკიდებლად ძიება გადავწყვიტე. ახლა უკვე 8 წელზე მეტია ამ სფეროში ვარ და ბედნიერება მქონდა, მემუშავა არაერთ საინტერესო პროექტზე, რამაც ძალიან გამზარდა და ეს პროფესია კიდევ უფრო შემაყვარა.

მუშაობის დროს საიდან იღებთ შთაგონებას?

დიდ შთაგონებას ვიღებ თავად ადგილისგან, სადაც ობიექტი მდებარეობს. ასევე დამკვეთისგან. აუცილებელია სივრცე ითვალისწინებდეს მის შეხედულებებს, გემოვნებასა თუ სურვილებს. თავად მე დეტალებზე ვარ ორიენტირებული და ყოველთვის ვცდილობ თითოეული დეტალის გააზრებას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი მომსახურებაა და აუცილებელია, დამკვეთს ხარისხიანი პროდუქტი მივაწოდოთ. ამ ყველაფრის სინთეზით კი ვფიქრობ, ჩემთვის სახასიათო ნამუშევარი იქმნება, რომელსაც ჩემი ხელწერაც შეგვიძლია ვუწოდოთ.

როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი ნამუშევრების მთავარი სათქმელი?

დიზაინი ადამიანებისთვის იქმნება, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, ისეთი სივრცე შევთავაზო დამკვეთს, რომელიც მის შინაგან პიროვნებას გამოხატავს. ვფიქრობ, ინტერიერისა და ექსტერიერის მთავარი ამოცანა ისაა, რომ ადამიანის ინდივიდუალიზმი დახვეწილი და ფუნქციური დიზაინით გამოხატოს.

როდესაც კომერციულ ობიექტზე ვმუშაობ, სადაც დიზაინს ესთეტიკურ და ფუნქციურ როლთან ერთად,  ბიზნეს ამოცანების შესრულებაც ევალება, ამ დროს აუცილებელია, დიზაინერმა არა მხოლოდ შემოქმედებითი კუთხით შეხედოს პროექტს, არამედ სტრატეგიული მიდგომით დამკვეთთან ერთად შექმნას ისეთი კონცეფცია, რომელიც მას მიზნების მიღწევაში დაეხმარება.

მოგვიყევით შემოქმედებით პროცესზე, როგორ ხდება კონცეფციის შემუშავება და რომელ თქვენს ნამუშევრებს გამოარჩევდით?  

პირველ რიგში, სანამ მუშაობის პროცესი დაიწყება, აუცილებელია პროექტის კარგად შესწავლა, მისი საჭიროებებისა და მიზნების განსაზღვრა, მუდმივი დიალოგი დამკვეთთან და მასთან ყველა საკითხის დაზუსტება. ასევე, მნიშვნელოვანია ბიუჯეტის განსაზღვრა, რათა ზუსტად ის შედეგი მივიღოთ, რისი მიღწევაც გვსურს. ყველა დეტალის გავლის შემდეგ ერთგვარი ჩარჩო იკვრება, რომელსაც არ უნდა გავცდეთ, რათა რეალისტური მოლოდინები შევინარჩუნოთ. სწორედ ამ ყველაფრის შემდეგ იწყება კონცეფციის შემუშავება და წერტილების ერთმანეთთან დაკავშირება.

რაც შეეხება ნამუშევრებს, ბინის პროექტი ნიცაში ჩემთვის ძალიან საინტერესო სამუშაო აღმოჩნდა, რომელიც მე და ჩემმა კოლეგამ ერთობლივად შევასრულეთ. ეს იყო უცხო ბაზარზე ჩვენი პირველი გამოცდილება და მასთან  ბევრი სასიამოვნო მოგონება მაკავშირებს.

ასევე მინდა გამოვყო მეორე პროექტი – ყაზბეგის სასტუმრო „სუატის რეზორტი“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია, რაზეც კი აქამდე მიმუშავია და ამიტომ ჩემთვის გამორჩეულია.

როგორ შეაფასებდით ქართულ არქიტექტურულ და დიზაინ სფეროს? 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ეს სფერო არ ვითარდება ისე სწრაფად, როგორც სხვა ქვეყნებში, მგონია, აქ არის ძალიან საინტერესო და „შეკრული“ დიზაინერების საზოგადოება, სადაც პროფესიონალები საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ და ერთმანეთს წინსვლაში ეხმარებიან, ეს კი თავის მხრივ, დარგის განვითარებას უწყობს ხელს. თუ დავაკვირდებით, საქართველოში ძალიან მრავალფეროვანი ტიპის ადამიანები ცხოვრობენ, ამიტომ თითოეულ მათგანს თავისი ინდივიდუალური მოთხოვნილება და გემოვნება აქვს. შესაბამისად, ჩვენთან სხვადასხვა სტილი თუ მიმდინარეობაა აქტუალური და კონკრეტულად ერთი თემატიკა არ გამოიყოფა. ძალიან მახარებს ის ფაქტიც, რომ ინტერიერის დიზაინის მომსახურებაზე ამჟამად მოთხოვნა ძალიან დიდია, როგორც საცხოვრებელ, ასევე კომერციულ სივრცეებზე.  ეს კი ამ პროფესიის განვითარებასა და კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

გვესაუბრეთ თქვენს მიმდინარე და სამომავლო გეგმებზე

ამჟამად რამდენიმე საცხოვრებელი ბინის დიზაინზე ვმუშაობ, რომლებშიც ვცდილობ, თანამედროვე ესთეტიკისა და ფუნქციური დიზაინის ელემენტები შევიტანო. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჩემი მიზანია, გავაფართოო პორტფოლიო დიზაინის ინოვაციური ტენდენციების შესწავლითა და მრავალფეროვანი პროექტების განხორციელებით, რომლებიც ჩემს შემოქმედებას შთააგონებს.

დაბოლოს, რას ეტყოდით თქვენს ახალგაზრდა კოლეგებსა და დიზაინერებს? 

ინტერიერის დიზაინით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ვურჩევდი, იყვნენ კრეატიულები. ასევე, ჩვენს პროფესიაში გადამწყვეტია სივრცეების გარდაქმნისა და კლიენტის ხედვის აღქმის უნარი. მაქსიმალურად ყოველთვის ეცადონ, ინტერიერში ესთეტიკა და ფუნქციონალურობა დააბალანსონ და ისე შექმნან ნამუშევარი.

ავტორი: მეკო მეტრეველი

10 ადგილი თბილისში, სადაც ძველი ავეჯის რესტავრაციას შეძლებთ

ჰორიზონტალური თუ ვერტიკალური კერამიკული ფილები? – რა ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ არჩევნის გაკეთებამდე