in

კერამიკის ახალი სიცოცხლე საქართველოში 30 წლიანი სტაგნაციის შემდგომ – White Studio-ს ისტორია

კერამიკულ ნაკეთობებს ერთი განსაკუთრებულად კარგი თვისება აქვს – ადამიანის ცნობიერში ის თან სიძველესთან შეიძლება ასოცირდებოდეს, თან კი ინტერიერსა და ექსტერიერში თანამედროვე ხასიათი შეჰქონდეს. საქართველოში არსებობს კერამიკული ნაკეთობების გალერეა “White Studio”, რომელიც უკვე შვიდი წელია, ქართული კერამიკული ტრადიციების აღდგენას, გაგრძელებასა და საკუთარი კერამიკული სტილის ჩამოყალიბებას ცდილობს.

გადავწყვიტეთ, უფრო ვრცლად, მის თანადამფუძნებელს, ნატო ერისთავს გავსაუბრებოდით:

პირველ რიგში, გვიამბეთ, როდის შეიქმნა „White Studio“, საიდან დაიწყო ყველაფერი? 

კერამიკა საქართველოს კულტურის, ხელოვნებისა და ისტორიის განსაკუთრებულად საყურადღებო მიმართულებაა. ქართული კერამიკის დარგი მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, იმით, რომ კერამიკული ქვევრის გარეშე ჩვენს ქვეყანას არ ექნებოდა საამაყო ღვინის დაყენების უნიკალური მეთოდი. საქართველოში თიხის დამუშავება და ქვევრის დამზადება ხომ ამ უძველესი ტრადიციის განუყოფელი ნაწილია და ათასწლეულებს ითვლის. ამიტომაც იყო გულსატკენი, რომ ღვინის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცეოდა, ხოლო საქართველოში კერამიკული ჭურჭლის დამზადების ტრადიცია თითქმის დაკარგული იყო.

ნებისმიერ ქვეყანაში სტუმრობისას, ვხედავთ, როგორი პოპულარულია კერამიკული ხელოვნება და როგორ ვითარდება ეს დარგი, ტრადიციული ტრანსფორმირდება თანამედროვე ფორმებში, ხოლო ძველი ნიმუშები პატივისცემითაა მოწოდებული კერამიკის მუზეუმებში.

მოგეხსენებათ, საქართველოში, სამწუხაროდ, არ არსებობს კერამიკის მუზეუმი. დაკარგვის პირას იყო კერამიკის ტრადიციები, გამოცდილება, ინტერესი და უმეტესად გვხვდებოდა სრულიად უსახო, უხარისხო და მომწამვლელი ნივთიერებებით შეღებილი კერამიკის ნიმუშები..

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც 90-იანებში დაიკეტა ქარხნები და ურთულესი პერიოდი დაუდგა ქვეყანას, სულ რამდენიმე ადამიანი იყო, ვინც შეინარჩუნა ამ დარგისადმი სიყვარული. მიუხედავად კერამიკოსის პროფესიის თანმდევი სირთულეებისა, მათ მოიტანეს ცოდნა-გამოცდილება დღევანდელ დღემდე და ეს უფროსი თაობის მხატვარ-კერამიკოსები ნამდვილად უდიდეს პატივისცემას იმსახურებენ.

2013 წელს White Studio-ს დაარსება იყო ერთ-ერთი მცდელობა, დაგვემტკიცებინა ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც, რომ საქართველოშიც შესაძლებელია ისეთი ხარისხიანი და მხატვრული ნიმუშები შეიქმნას, როგორსაც აწარმოებენ სხვა ქვეყნებსა თუ კონტინენტებზე. ეს იყო მცდელობა, აგვეხსნა ჩვენი თანამემამულეებისთვის რომ კერამიკა, მხოლოდ ფიალა და დოქი არაა.. გაგვეზიარებინა, რამდენად საინტერესო და უსაზღვრო შესაძლებლობების მქონე დარგია და რომ ამ დარგს განვითარება სჭირდება.

ეს იყო ჩემი და ჩემი მეგობრების სრულ ენთუზიაზმზე დაფუძნებული იდეა. პირველად საქართველოში დავიწყეთ ადგილობრივი თეთრი თიხის თვისებების კვლევა და ნამუშევრებში გამოყენება. აქედანვე მოდის სახელი, თეთრი სახელოსნო „White Studio„. ასევე, გვინდოდა დაგვემტკიცებინა, რომ ქართული კერამიკა იმსახურებს, გახდეს ჩვენი ისტორიისა და კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. სურვილი გვქონდა, ქართულ კერამიკას ღირსეულად გაეგრძელებინა ტრადიცია და არ ჩამორჩენილიყო თანამედროვე ხელოვნების განვითარების დინამიკას და მსოფლიოში გავრცელებულ ტენდენციებს.

– როგორი იყო White Studio-ს საქმიანობის პროფილი თავდაპირველად და როგორ განვითარდით წლების განმავლობაში?

თავდაპირველად ეს იყო ექსპერიმენტი. გვინდოდა შეგვექმნა რამე საინტერესო, გამოყენებადი, გემოვნებიანი და ხარისხიანი, რაც, ფაქტობრივად, გამოგვივიდა. ქართული საზოგადოების უდიდესმა მხარდაჭერამ მოგვცა დიდი სტიმული და მოტივაცია, გაგვეფართოვებინა ნაირსახეობა. ამავე დროს, ჩვენ სულ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევდით გულშემატკივრების რჩევებს და სურვილებს. ყველა ნამუშევარი, რაც 7 წლის განმავლობაში ჩვენს სახელოსნოში შეიქმნა, არის უნიკალური და არ მეორდება. ნელ-ნელა ვიზრდებოდით, გვემატებოდნენ ახალგაზრდა მხატვრები, ოსტატები და იხვეწებოდა ხელწერა.

– განვითარების გზაზე რა წინაღობები შეგხვდათ?

სამწუხაროდ, ძალიან ბევრ წინაღობას წავაწყდით. პირველ რიგში, პრობლემა ისაა, რომ საქართველოში, რადგან არ არსებობს კერამიკული ქარხანა, რომელიც ადგილობრივ თიხას დაამუშავებს, გვიწევს ხარისხიანი მასალის უცხოეთიდან ჩამოტანა, რაც დაკავშირებულია დიდ თანხებთან და ლარის კურსის ცვალებადობასთან.  ნედლეულის იმპორტზე გვიწევს იგივე საბაჟო გადასახადის გადახდა, რაც უკვე მზა პროდუქტის იპორტზეა დაწესებული. ეს, რა თქმა უნდა, ასევე აისახება ნამუშევრების  ღირებულებაზე.

უნდა ავღნიშნო, რომ ძალზედ მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა White Studio-მ ქართული კერამიკის პოპულარიზაციისთვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, არანაირი მხარდაჭერა სახელმწიფოსგან არ გვქონია. 30 წლიანი კერამიკის წარმოების სტაგნაციის შემდეგ, ქართული კერამიკისა და რეწვის ფონდ „თიხის ოფისთან” (რომლის ასევე ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ) ერთად ამ დარგის განვითარებისთვის საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა: პირველად საქართველოში ჩამოვაყალიბეთ კერამიკის ცენტრი, ჩავატარეთ საერთაშორისო ფესტივალები, გამოფენები, სიმპოზიუმები, შემოვიტანეთ ახალი მასალები, დავნერგეთ თანამედროვე ტექნოლოგიები, გავზარდეთ ინტერესი, შევქმენით ახალი ხარისხიანი სასუვენირო ნიმუშები და ავაღორძინეთ ტრადიციული ფორმები და დეკორატიული ელემენტები. სამწუხაროდ, ქვეყნის დახმარების გარეშე, ბევრი პროექტი კვლავ რჩება განსახორციელებელი…

კიდევ ერთი დიდი პრობლემაა ექსპორტი. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უზარმაზარი ინტერესის მიუხედავად, ძალიან რთულია საქართველოდან კერამიკის ექსპორტი. მოგეხსენებათ, რომ კერამიკულ ნაკეთობას განსაკუთრებული შეფუთვა სჭირდება, რაც ავტომატურად ზრდის სატრანსპორტო მოცულობასა და წონას. ესეც ბევრ სირთულეს უქმნის პროდუქციის უცხოურ ბაზარზე გატანას.

– დეტალურად გვიამბეთ – რა პროდუქტს და მომსახურებას სთავაზობს White Studio მომხმარებლებს? 

ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ უნიკალური მხატვრული პროდუქტი ნებისმიერი ინტერიერისა და ექსტერიერისთვის. მსოფლიოში გავრცელებული ახალი ტექნოლოგიებისა და ტენდენციების გათვალისწინებით, შევთავაზოთ საზოგადოებას ხარისხიანი, თანამედროვე კერამიკა ტრადიციული ელემენტების გამოყენებით. ნამუშევრები შესრულებულია ჩვენ მიერ მოპოვებული ქართული ფაიფურით, ფაიანსითა და წითელი თიხით; ასევე, ვცდით კომბინაციებს სხვადასხვა მასალებთან: ხე, მინა, ტექსტილი, მეტალი და ა.შ. White Studio-ს შემოქმედებით სახელოსნოში იქმნება როგორც მოხატული სანათები, სარკეები, კედლის პანოები და ექსკლუზიური ჭურჭელი, ასევე არტ ობიექტები – კედლის დეკორატიული პანოები, ავეჯი, სამკაული, ლარნაკები და სკულპტურული ნამუშევრები ექსტერიერისთვის. ვცდილობთ, ვაჩვენოთ ხელნაკეთი კერამიკული ნამუშევრების, როგორც თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დარგის შემოქმედებითი პოტენციალი, ასევე, დავხვეწოთ ქართული ტრადიციული და თანამედროვე კერამიკის მხატვრული დონე და ქართული სუვენირის ხარისხი. ფაქტობრივად, ეს ის მრავალფეროვნებაა რაც გვქონდა დაგეგმილი.

დომინანტია თიხა, მაგრამ დიზაინი არის მთავარი, რის გარშემო არის გაერთიანებული სხვადასხვა მასალა და მიმართულება. ასევე გვაქვს სამკაულის და ტექსტილის (სუფრა, შარფი, სანათი) მიმართულებები, რაც დიდი წარმატებით ავსებს ასორტიმენტს. აუცილებლად უნდა ვახსენო მოყვარულთა სასწავლო კურსები, სადაც ნებისმიერი სპეციალობისა და ინტერესის მქონე ზრდასრულ ადამიანს შეუძლია დაეუფლოს ამ საინტერესო და სასიამოვნო პროფესიას. თიხაში მუშაობის დაწყებისთვის ასაკი არ არის შეზღუდული.

– როგორ ფიქრობთ, როგორი ტიპის სივრცეებისთვისაა განკუთვნილი თქვენი პროდუქცია?

ჩვენ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, საკმაოდ მრავალი მიმართულებით ვქმნით განსხვავებული მასალის ნამუშევრებს. ვცდილობთ, ნებისმიერ სივრცეში კერამიკაც, ტექსტილიც და შერეული ტექნიკით შექმნილი ნივთი ისევე გამოიყენებოდეს, როგორც სხვა ქვეყნებში იყენებენ: ინტერიერში, არქიტექტურასა და ლანდშაფტში.

White Studio-ს ნამუშევრები შეიძლება გამოყენებული იყოს სახლის, სასტუმროს, ბანკის, და სხვა საზოგადოებრივი სივრცის გასაფორმებლად. ასევე ეზოს, პარკის, ავტობუსის გაჩერებაზე ან თუნდაც მეტროს და მატარებლის სადგურის დეკორატიულ ელემენტებში. ცალკე გვაქვს ისეთი მიმართულებები, როგორიცაა სასუვენირო და რესტორნის ჭურჭელი, აბაზანის ნიჟარები, განათება და ბუხრის მოსაპირკეთებელი ფილა… მოკლედ, იმდენად უსასრულოდ შემიძლია ჩამოვთვალო, რომ მგონი პირიქით, ვერც ერთი სივრცე ვერ წარმომიდგენია თიხის ელემენტის გარეშე.

– როგორ ფიქრობთ, რამდენად რელევანტურია მსგავსი პროდუქტი ქართველი მომხმარებლების გემოვნების? როგორია მოთხოვნა?

რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, White Studio-ს კონცეფცია პირველი პრეცენდენტი იყო და შესაბამისად, ქართველ მომხმარებელს მოთხოვნაც ვერ ექნებოდა, რადგან საქართველოში მსგავსი რამ არც არსებობდა მანამდე. თავდაპირველად, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ  ქართველი მომხმარებელი ქართულ ხარისხს არ ენდობოდა.. ორი წლის განმავლობაში გვიწევდა მტკიცება, რომ ხელნაკეთ ჭიქაში შეიძლება ცხელი წყალი ჩაისხას და წყალი არ გაუვიდოდა. ამ სტერეოტიპის საფუძველზე ვფიქრობდით, რომ ჩვენი პროდუქცია მეტწილად უცხოელი სტუმრებისთვის იქნებოდა განკუთვნილი. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ქართველი საზოგადოებისგან მოულოდნელად დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩვენი სახელოსნოს ესთეტიკას. მუდმივად გვწერენ ჩვენი აღფრთოვანებული და კმაყოფილი მომხმარებლები. ეს გვაძლევს დიდ სტიმულს, რომ კიდევ უფრო გავახაროთ და მუდმივად გავანებივროთ სიახლეებით. წლების განმავლობაში ჩვენ და ჩვენი გალერეის სტუმრები ერთად ვიზრდებით, ვიხვეწებით და ერთმანეთს ვეხმარებით სიცოცხლის გალამაზებაში.

– საკმაოდ კონკურენტულ ბაზარზე გიწევთ საქმიანობა და, როგორ ფიქრობთ, რითაა გამორჩეული White Studio-ს პროდუქცია?

წლების განმავლობაში ჩვენ ხელს ვუწყობდით ახალი კერამიკული სახელოსნოების ჩამოყალიბებას, ვაკეთებდით ამ დარგის პოპულარიზაციას, ვზრდიდით ახალ თაობას. ქვეყნისთვის ეს საჭირო იყო, რადგან როდესაც  White Studio გაიხსნა, სულ ხუთიოდე კერა იყო, სადაც იმავე მასალით და ტექნოლოგიით მუშაობდნენ მხატვრები. ახლა კი ყოველ დღე ახალ-ახალი სახელოსნო იხსნება და თვალნათლივ ჩანს, რამდენად იზრდება ინტერესი დღითიდღე. ეს ნამდვილად კარგია ჯანსაღი კონკურენციისთვის, რაც დაეხმარება ქართულ ეკონომიკასაც და გაზრდის ხარისხს. გარდა ამისა, კერამიკა არის თერაპია, სიამოვნება, და ბევრისთვის პროფესიული ზრდა და ახალი ბიზნესი. მართალია, სამწუხაროდ, ბევრი მიმბაძველიც გვყავს, მაგრამ ამას ჩვენ მხოლოდ ღიმილით ვუყურებთ, რადგან ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფის პროფესიონალიზმი და გამოცდილება ყოველთვის გამოირჩევა და ვერავის შეეშლება, იმდენად რთული და საინტერესო გზა გამოვიარეთ. ათასობით უნიკალური ნივთი შევქმენით და უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ White Studio-ს ნამუშევრებმა შეაღწია თითქმის ყველა ოჯახში, შენაძენის ან საჩუქრის სახით. ყველაზე საამაყო კი ის არის, რომ ჩვენი ნამუშევრები ესთეტიკური სიამოვნების მიმნიჭებელია, აბედნიერებს ადამიანებს და არ გვყოლია არც ერთი უკმაყოფილო მომხმარებელი.

– რა ეტაპზე ხართ ახლა და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

პანდემიის შედეგად White Studio-ს კონცეფცია შეიცვალა. სამწუხაროდ, შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ჩვენ მოგვიწია ორიენტაცია მეტწილად ევროპული და ამერიკული ბაზრის მიმართულებით შეგვეცვლა. შეზღუდვებმა, იმპორტულმა მასალამ და გაძვირებულმა ელექტროენერგიამ განაპირობა ფასის გაზრდა, რაც უკვე მოითხოვდა ექსპორტისთვის მზადყოფნას. მიუხედავად იმისა, რომ პანდემია მთელ მსოფლიოს შეეხო, ჩვენი ნამუშევრების მიმართ მაინც გრძელდება დიდი მოთხოვნა და ინტერესი მოდის სხვადასხვა ქვეყნებიდან. ჩვენ უკვე ვაგზავნით პროდუქციას ექსპორტზე პარტნიორებთან ჰოლანდიაში, ესპანეთში, ლატვიაში, ესტონეთში, აშშ-ში და აზერბაიჯანში.. ეს არის ჩვენთვის ახალი მოცემულობა და გამოწვევა, რადგან ჩვენ, ფაქტობრივად, უნდა გავიტანოთ ქართული კულტურა, ხელოვნება და გემოვნება უფრო დიდი აუდიტორიის წინაშე და ამ პასუხისმგებლობას კარგად ვათვითცნობიერებთ. ამიტომაც გავყავით ჩვენი გალერეა ორ ნაწილად: პირველი არის საჩუქრების მაღაზია ვერაზე, რომელიც შეძლებისდაგვარად არის ადგილობრივ მყიდველზე მორგებული. ხოლო მეორე, ეს აირს გალერეა/სახელოსნო, რომელიც უკვე ძალიან მალე გაიხსნება ზღაპრულ ადგილას, (რომელსაც ჯერ არ გავასაჯაროებ). იქ შეიქმნება კერამიკის უნიკალური ნამუშევრები, რომლებმაც ჩვენი ახალი გეგმის მიხედვით, მსოფლიო უნდა გააოცონ.

სად შევიძინოთ სააღდგომო დეკორაციები – 2022 წლის გიდი

თაფლის მაღაზია-კაფე გამორჩეული დიზაინით – Laboratory of Architecture #3-ს პროექტი