in

ნატურალური ქვა ინტერიერსა და ექსტერიერში

ნატურალური ქვა ბინის ინტერიერს უფრო ეფექტურსა და ინდივიდუალურს ხდის. აღნიშული მასალით არა მხოლოდ კედლების, არამედ მაგიდების, ფანჯრის თაროების, სამზარეულოს კუნძულებისა და ბუხრების მოპირკეთებაცაა შესაძლებელი. ნატურალურ ქვას გააჩნია სხვადასხვა ფიზიკური და მექანიკური თვისებები, ასევე მისთვის დამახასიათებელი ფაქტურა და ნახატი.

პოპულარობის მიხედვით ნატურალური ქვების შემდეგი ნაირსახეობები არსებობს:

გრანიტი – ეს ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე, ყინვაგამძლე და წყალგაუმტარი ბუნებრივი მასალაა. იგი არსებობს წვრილი, საშუალო და მსხვილი მარცვლით. ის წარმოების საბოლოო ეტაპზე დამუშავების სხვადასხვა მეთოდს, მათ შორის თერმოდამუშვებასაც  გადის. გრანიტს ფერთა გამის ფართო სპექტრი აქვს: რუხი, თეთრი, ყვითელი, მოვარდისფრო-მოწითალო, მწვანე და შავი ფერი. ის იდეალურია სამზარეულოს სამუშაო მაგიდისთვის. ნატურალური ქვის ეს სახეობა შეიძლება გამოვიყენოთ სველ წერტილებში, იატაკებზე, ფანჯრის რაფებსა და ბუხრებზე.

მარმარილო ინტერიერს დახვეწილობას და სინატიფეს მატებს. ის კლდოვან ქვებში ყველაზე ლამაზი და ძვირფასია. ფერთა გამა გრანიტისგან განსხვავებით ძალიან ფართოა. მარმარილოს ძირითადი ელფერებია თეთრი, რუხი და ფერადი ტონი.

ტუფის ქვას განუმეორებელი დეკორატიული თვისებები აქვს. მას ფორისებრი სტრუქტურა გააჩნია. მისი დამუშვება ადვილია, ვინაიდან ის საკმაოდ რბილია. ტუფი განკუთვნილია აქცენტირებული კედლის ან სვეტის მოსაპირკეთებლად. იდეალურად  უხდება როგორც ინტერიერს, ასევე ექსტერიერსაც.

მდინარის კენჭები. თუ ინტერიერი საზღვაო სტილშია შესრულებული, მაშინ მდინარის კენჭი მისი განუყოფელი ნაწილია. მრავალფეროვნებისთვის ინტერიერი შეგვიძლია შევავსოთ წვრილი ნიჟარებითა და მარჯნებით. სპეციალიზირებულ მაღაზიებში მთელი სტენდებია წარმოდგენილი, თუმცამოპირკეთება დამოუკიდებლადაც არის შესაძლებელი. მდინარის კენჭი გამოდგება როგორც იატაკის, ასევე კედლების მოსაპირკეთებლად.

გაბრო-დიაბაზი. აღნიშნული მასალა შეგვიძლია მივაკუთვნოთ გრანიტს, ვინაიდან სტრუქტურით მას წააგავს. ის კლდოვანი ქანია შავი და მომწვანო ელფერით. მას კედლების მოსაპირკეთებლად იყენებენ. მისი დასუფთავება საკმაოდ ადვილია, საკმარისია სველი ტილოთი დამუშავება. სხვა ქანებისგან განსხვავებით გაბროს შედარებით დაბალი ფასი აქვს.

ჯერ კიდევ ძველ დროში ადამიანებმა ქვის დამოუკიდებელ მასალად გამოყენება დაიწყეს. ის იდეალურად უსვამს ხაზს შექმნილ ინტერიერს. მას განუმეორებელ და ძვირფას  შტრიხს მატებს. ბუნებრივ ქვას განსაკუთრებული შარმი და უნიკალურობა გააჩნია. ამიტომაც იგი ასე ძალიან უყვართ დიზაინერებს. ნატურალური ქვა გამოირჩევა მაღალი სიმტკიცითა და გამძლეობით.

იმისთვის, რომ ბუნებრივი ჩანართი იდეალურად შეეწყას ინტერიერს, ის ჰარმონულად უნდა ეხამებოდეს მის ელფერს. თუ ინტერიერი შესრულებულია კლასიკურ სტილში, მაშინ პასტელური და მშვიდი ფერების ქვებს უნდა მივცეთ უპირატესობა. მოდერნისტული სტილის დიზაინს უფრო ნათელი ფერები უხდება, რითაც აქცენტირებული კედლის მოპირკეთებაა შესაძლებელი.

ქანთრი და პროვანსის სტილი უფრო უხეში ტექსტურის და მსხვილი მარცვლის მქონე ქვებს იხდენს. ისეთი მიმდინარეობებისთვის კი როგორიცაა ლოფტი, ფიუჟენი ან ანტიკური სტილი კარგად მიდის  დამუშავებული ნატურალური ქვა.

ნატურალური ქვები ასევე შეერთებებისა და კუთხეების მოსაპირკეთებლადაც გამოიყენება. ქვით მოპირკეთება უფრო ორიგინალური გამონჩდება, თუ ის სხვადასხვა სისქის იქნება. ბუნებრივ ნატურალურ ქვას ასევე იყენებენ კიბეებისთვის, კარის ღიობებისთვის, ფანჯრის ჩარჩოს ირგვლივ, სხვადასხვა თაღებისთვის, ბუხრებისთვის და ა.შ.

მთავარია გვახსოვდეს, რომ ინტერიერი ნატურალური ქვით არ გადავტვირთოთ. ის უნდა გავაზავოთ უფრო მსუბუქი ელემენტებით – ნათელი ხალიჩებით, ლამაზი ფარდებით, გადასაფარებლებით ან პასტელური ფერის ბალიშებით და ა.შ.

 

რა უნდა ვიცოდეთ იატაკის ტიპების შესახებ

“ყველა პროექტზე განსაკუთრებულ ზეგავლენას ჩვენი წარმომავლობა ახდენს” – ინტერვიუ ნია მგალობლიშვილთან, DesignBureau