„Navy Blue“ ახალგაზრდა წყვილის ბინაა, რომელიც ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 175 კვ. მ-ია. საინტერესო ინტერიერის მქონე სივრცე სტუდია „Due“-ს მორიგი ნამუშევარია. როგორც დიზაინერები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, ბინის მფლობელებს ძალიან მოსწონდათ ტრადიციული სტილის ინტერიერი, პროექტის ავტორებმა კი ესთეტიკას თანამედროვე ელემენტები შესძინეს. ასე შეიქმნა გამორჩეული ნამუშევარი – „Navy Blue“.
დიზაინის კონცეფცია თანამედროვე და ტრადიციული ფორმების ჰარმონიული სინთეზის შედეგად შეიქმნა. ინტერიერი სივრცის მოწყობისას გამოყენებულმა ისეთმა წამყვანმა ბრენდებმა განსაზღვრა, როგორებიცაა „Gubi“ და „101 Copenhagen“-ი. დიზაინერების თქმით, პროდუქციის დიზაინი სახლის სტილს ჰარმონიულად შეერწყა და ინტერიერის მომხიბვლელობა განაპირობა.
დომინანტ ტონალობად ლურჯი ფერი შეირჩა, რომელმაც გარემოს სოლიდურობა და სიმშვიდე მიანიჭა. ლურჯის „სიცივის“ დასაბალანსებლად სივრცე ხისა და ქვის ბუნებრივი ფაქტურებით შეივსო. შედეგად, ინტერიერმა მეტი ზომიერება და სიმყუდროვე შეიძინა.
ბინაში ერთ-ერთი საინტერესო ზონა იზოლირებული, დიდი სამზარეულოა. სივრცის სრულად ათვისების მიზნით, გამოყენებულია მუქი ტონალობის ბუნებრივი ხის ფაქტურა, რომლის მარმარილოსთან კონტრასტმა ინტერიერი დააბალანსა. მუქი ყავისფრისა და თეთრის კომბინაციით სივრცემ ელეგანტური, კლასიკური ელემენტები შეიძინა და სახლის გამორჩეულ ნაწილად იქცა.
მისაღები სივრცე გრაციოზულობითა და მდიდრულობით გამოირჩევა, რაც კედელზე გამოყვანილი მოლდინგებისა და ორიგინალური, მიმზიდველი დიზაინის ავეჯის დამსახურებაა. ოთახში თანამედროვე დიზაინის ტენდენციები ნამდვილად იგრძნობა, რაც მოდურ, ამავდროულად კი, ინდივიდუალურ სტილს ქმნის. ყურადღებას იპყრობს უჩვეულო დიზაინის პატარა მაგიდა, რომელიც იდეალურად ერწყმის თეთრი სავარძლის დიზაინსა და მოზრდილი, ოვალური ფორმის ხალიჩას. ხალიჩა და ტელევიზორთან დამონტაჟებული ელექტრობუხარი სახლს მყუდროებასა და სიმშვიდეს სძენს.
ტელევიზორის ზონა მუქი აქცენტებით საინტერესოდაა გამოყოფილი, ავეჯის განათება კი ამ ადგილს მეტ მომხიბვლელობას ანიჭებს.
მოსასვენებელ კუთხესთან ახლოს ვხვდებით მცირე ზომის სასადილო მაგიდას, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის დანარჩენ სივრცეს და კომფორტულ ზონას ქმნის. მაგიდის თავზე დამონტაჟებული ორიგინალური ფორმის სანათი კი ობიექტს უფრო მეტად გამოკვეთს.
მიმზიდველი დიზაინის ავეჯითა და საინტერესო განათებით გამოირჩევა სამუშაო კუთხე. კედლის მოლდინგები და ღია მწვანე ტონალობა ამ ზონას მრავალფეროვნებას ანიჭებს.
„Due“-ს გუნდის აზრით, პროექტი ტრადიციული და თანამედროვე ელემენტების სინთეზით გამოირჩევა. მთავარ საძინებელში მიმზიდველ კონტრასტი იქმნება თანამედროვე ავეჯსა და კლასიკური სტილის კედლის პანელს შორის, რომელიც მოლდინგითაა გაფორმებული. ასევე, საინტერესო აქცენტია თანამედროვე სტილის სავარძლისა და ტრადიციული დიზაინის ტორშერის კომბინაციაც. მუქი ფერების გამოყენებით მიიღწევა სიმკაცრისა და სოლიდურობის ეფექტი, რომელსაც კედლების ღია ტონალობა და გარდერობზე გამოყენებული ღია კრემისფერი აბალანსებს.
მეორე საძინებლის ინტერიერი უფრო მეტად ნაზი და მსუბუქია, რაც ღია ფერების სწორი გადათამაშების დამსახურებაა. განსაკუთრებით საინტერესოა ერთ კედელზე გამოყენებული ყვავილიანი შპალერი, რომელსაც სივრცეში სიხალისე შემოაქვს, განათებული, დიდი სარკე კი სივრცის მოცულობას ზრდის.
ძველისა და ახლის საინტერესო სინთეზი აბაზანაშიც იგრძნობა, სადაც ინტენსიური ფირუზისფერი ფილებისა და მარმარილოს ტრადიციულ დიზაინს ვხვდებით. სააბაზანო ოთახების მდიდრულობას აქაც კედელზე გამოყენებული მოლდინგები და მუქი მწვანე და ლურჯი ტონალობების კომბინაცია ქმნის.
პროექტი „Navy Blue“ გემოვნებიანი, დახვეწილი და გამორჩეული ნამუშევარია, რომელშიც კლასიკური და თანამედროვე ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის. ელეგანტური ინტერიერი განათების სწორი დაგეგმარების, ორიგინალური ავეჯისა და კონტრასტული ფერების გამოყენების შედეგია.
პროექტის ავტორი: ინტერიერის დიზაინ სტუდია Due