in

რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებლობის პროცესში, რომ მომავალში ნესტმა და ობმა არ შეგვაწუხოს?

საცხოვრებელში საიზოლაციო და სავენტილაციო სისტემების დაბალი ხარისხი ან მათი არარსებობა ნესტის გაჩენასა და ობის წარმოქმნას იწვევს, რაც მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის ინტერიერში და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა. გარდა იმისა, რომ დაობებული კედლები არასასიამოვნო სანახავია და მთლიანად ცვლის საცხოვრებლის ესთეტიკას, ატმოსფეროსა თუ ხასიათს, ამასთანავე ის ადამიანის ორგანიზმისთვის ძალიან საშიშია და არაერთ გართულებას იწვევს — ალერგიულ რეაქციებს, იმუნური სისტემის დარღვევას, არასასიამოვნო შეგრძნებებს, ხველასა და ჰაერის უკმარისობას.

იმისათვის, რომ ნესტისა და ობის გაჩენისგან თავი დავიზღვიოთ, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ფასადი შესაბამისად იყოს მოპირკეთებული საიზოლაციო მასალით. მშენებლობისას გასათვალისწინებელია კედლების სისქეც, რომელიც მინიმუმ 40 სმ-ს უნდა აღწევდეს, რადგან თბილი და ცივი ჰაერის ურთიერთქმედება თხელი კედლების დასველებას იწვევს და ტემპერატურის მიმართ არამდგრადია. სპეციალისტის თქმით, ფასადის დასათბუნებლად რეკომენდებულია ქვაბამბის ან მინერალური ბამბის გამოყენება, რომლის სიმკვრივე არანაკლებ 120 კგ/მ³ უნდა იყოს.

ფასადის მოპირკეთებისას ასევე გასათვალისწინებელია საიზოლაციო მასალის მონტაჟის სპეციფიკა. რა დროსაც მოსწორებული კედელი ბათქაშით მუშავდება, შემდეგ ზედაპირი მინერალური ბამბით ან ქვაბამბით იფარება და იგრუნტება. მომდევნო ეტაპზე სპეციალური ბადით არმირება სრულდება, კედელი ილესება და საბოლოოდ, წყალგაუმტარი საღებავით იფარება, რათა მაქსიმალურად შემცირდეს წყლის შეღწევადობის საფრთხე.

იმ შემთხვევაში, თუ მშენებლობის დასრულების შემდეგ საცხოვრებელი კორპუსის ან კერძო სახლის დათბუნება თბოსაიზოლაციო მასალით ვერ ხერხდება, ყველაზე გამართლებული და შედარებით ბიუჯეტური მეთოდი კედლის შიგნიდან დათბუნებაა.

შიდა დათბუნების შემთხვევაში კედელზე დამატებით მონტაჟდება თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქცია, რომელშიც საიზოლაციო მასალა თავსდება. დარგის წარმომადგენელი გვირჩევს, დათბუნებისთვის ცეცხლმედეგი მასალები — ქვაბამბა ან მინერალური ბამბა გამოვიყენოთ, რათა პროდუქტი არ აალდეს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მაინც გადაწყვეტთ აალებადი — XPS ან EPS-ის მოხმარებას, მაშინ აუცილებელია, კედელი დამატებით ცეცხლმედეგი შრით დაიფაროს და გაილესოს. გასათვალისწინებელი ფაქტორია ისიც, რომ საიზოლაციო მასალა ორ ფენა თაბაშირ-მუყაოს ფილაში თავსდება, რათა თბოდანაკარგის რაოდენობა შემცირდეს, ხმის შეღწევადობა კი მინიმუმამდე დავიყვანოთ.

კიდევ ერთი მეთოდი, რომელიც რემონტის მიმდინარეობისას შეგიძლიათ გაითვალისწინოთ, შიდა კედლის დათბუნებაა პოლიურეთანის ქაფით, რომელიც დაბალი თბოგამტარობით, მაღალი წყალგაუმტარობით გამოირჩევა და ხმისა და სითბოს იზოლაციისთვის გამოიყენება. პოლიურეთანის ქაფი ეფექტური დამცავი ბარიერია ნესტისა და ობის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელი ფაქტორია ის, რომ პოლიურეთანის ქაფი რემონტის მიმდინარეობისას მონტაჟდება და პირდაპირ ბლოკის კედელზე, სპეციალური აპარატით ნაწილდება, ხოლო ქაფის დატანის შემდეგ კედელზე სასურველი მასალა — ხე, პლასტიკატი თუ თაბაშირ-მუყაო ეკვრება.

ამგვარად, ნესტისა და ობის აღმოსაფხვრელად საუკეთესო საშუალება ეფექტური და ხარისხიანი თბოიზოლაციის გამოყენებაა. ამისათვის უმჯობესია ფასადი შესაბამისად დამუშავდეს და საიზოლაციო მასალით დაიფაროს. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ფასადის დათბუნება ვერ ხერხდება, გამოსავალი შიდა კედლის დათბუნებაა. რემონტის მიმდინარეობისას შესაძლებელია ზედაპირი პოლიურეთანის ქაფით მოაპირკეთოთ, რემონტის დასრულების შემდეგ კი შეგიძლიათ დამატებით თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქცია დაამონტაჟოთ, რომელშიც შესაბამისი საიზოლაციო მასალა იქნება მოთავსებული.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ძველი სახლის ახალი სიცოცხლე ფალიაშვილის ქუჩაზე — ირინა ესვანჯიას ინტერიერი

კლასიკური და თანამედროვე სტილის ერთიანობით შექმნილი დუპლექსი შვედეთში