in

ინდივიდუალიზმის ძიება არქიტექტურასა და დიზაინში — ინტერვიუ ნინი ჭანტურიასთან

ნინი ჭანტურია ქართულ თანამედროვე არქიტექტურასა და დიზაინში გამორჩეულ ნამუშევრებს ქმნის. მისი შემოქმედება ინდივიდუალიზმით, განსხვავებული ესთეტიკითა და ღრმა შინაგანი სამყაროს გამომხატველი ფორმებით ხასიათდება. როგორც თავად ამბობს, შემოქმედებითი აზროვნებისა და ხელოვნებისადმი ინტერესის განვითარებაში დიდი წვლილი ოჯახს, განსაკუთრებით კი ბებიას მიუძღვის, რომელიც მას სხვადასხვა სახელოვნებო აქტივობას ასწავლიდა. ნინისთვის ბავშვობიდანვე დიდ ყურადღებას იქცევდა სივრცეები, მათი გარდაქმნისა და იერსახის შეცვლის სურვილი, რომელიც შემდგომში  პროფესიულ საქმიანობად აქცია. ჩვენი რესპონდენტი თვლის, რომ ამ სფეროში მთავარი ინდივიდუალური ხედვა და  იდეის ორიგინალური სახით გამოხატვაა, რომელიც აუცილებელია გარემოს ჰარმონიულად ესადაგებოდეს. სწორედ გარემოსა და შინაგანი სამყაროს საინტერესო სინთეზით იქმნება გამორჩეული ობიექტები, რომლებიც ნებისმიერ მნახველს აღტაცებას ჰგვრის. დღევანდელი სტატია ნინი ჭანტურიას ცხოვრების, შემოქმედებისა და პროფესიული გზის შესახებ მოგითხრობთ და დიზაინისა და არქიტექტურის სამყაროში გამოგზაურებთ.

ნინი, რამდენად დიდი გავლენა აქვს თქვენს ცხოვრებასა და პროფესიაზე ბავშვობას და იმ გარემოს, რომელშიც იზრდებოდით?

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახის წევრების უმეტესობა სამედიცინო სფეროში საქმიანობს, ბებიამ — ქეთევან ჭავჭავაძემ, რომელიც ხატვის გარდა, ქარგავდა ქსოვდა და სხვადასხვა ტიპის ხელსაქმით იყო დაკავებული, დიდი გავლენა იქონია ჩემზე. ვინაიდან დიდ დროს ვატარებდი მასთან ერთად, ვფიქრობ, ამან დიდი როლი შეასრულა ჩემი შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაში, მოთმინების უნარის გამომუშავებასა და ინტელექტუალურ ზრდაში. დღემდე, სხვადასხვა ტიპის სახელოვნებო აქტივობები ჩემი ყოველდღიურობის განუყრელი ნაწილია, რაც ამავდროულად, დამატებითი ინსპირაციისა და განტვირთვის საშუალებაცაა.

საცხოვრებელი სახლი თვალადში

გვიამბეთ, როდის დაინტერესდით არქიტექტურითა და ინტერიერის დიზაინით?

კონკრეტულად  არქიტექტურით და დიზაინით დაინტერესება სკოლის პერიოდს უკავშირდება: მაინტერესებდა სივრცეები, მათი შექმნა, სხვადასხვა სახით მოწყობა, გადალაგება, იერსახის შეცვლა, ერთი და იგივე გარემოში ფერებისა და ფაქტურების უჩვეულო კომბინაციების მოფიქრება. პროფესიული განათლება კი  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე მივიღე.

გაგვიზიარეთ თქვენი კარიერული გზა და ის საინტერესო გამოცდილება, რამაც აქამდე მოგიყვანათ

19 წლის ასაკიდან მე და ლუკა ჩაგანავამ დავიწყეთ პროექტებზე ერთად მუშაობა. თავდაპირველად სტუდენტურ პროექტებს ვასრულებდით, შემდეგ მივხვდით, რომ მსგავსი გემოვნებისა და ხედვის გათვალისწინებით, კარგად გამოგვდიოდა კოლაბორაცია. ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ ყველაფრისთვის ოფიციალური სახე მიგვეცა და შევქმენით „NS Studio“.  ეტაპობრივად მოხდა პროექტების მასშტაბებისა და მათი მნიშვნელობის ზრდაც. თავისთავად, ეს გზა რთული აღმოჩნდა, ვინაიდან ყოველი მომდევნო პროექტი სრულიად ახალი გამოწვევა იყო ჩვენთვის. საკუთარ თავზე სისტემატურმა მუშაობამ მოგვიყვანა დღევანდელ რეალობამდე, რაც მოიაზრებს 2 სტუდიას თბილისსა და ქუთაისში, 40 თანამშრომელს, 280-ზე მეტ შესრულებულ პროექტს. ასევე, ცალკე გამოვყავით პროდუქტის მიმართულება — „NS PRODUCT“- ის სახელით, რომელიც ამჟამად საწყის ეტაპზეა, თუმცა წინ მასშტაბური სამომავლო გეგმები აქვს.

NS Product -Take A Seat Collection

როგორ ფიქრობთ, რა მიზანს ემსახურება 21-ე საუკუნის არქიტექტურა?

არქიტექტურა არის პროფესია, რომელიც არქიტექტურის გარდა, მოითხოვს მეტ-ნაკლებად ყველა იმ საქმის ცოდნას, რა ფუნქციის სივრცის დაპროექტებაც გიწევს. ამას გარდა, უნდა იყო ფსიქოლოგიც, რათა სწორად „გადმოთარგმნო“ დამკვეთის სურვილი, გაუგო მას და დაეხმარო, რადგან ის პროცესი, რომლის განუყოფელი ნაწილიც ის ხდება (მშენებლობა, დიზაინი ), არც თუ ისე მარტივია დღევანდელ ჩვენს რეალობაში. ამიტომ საჭიროა მუდმივი განვითარება, სწავლა, რაც კიდევ უფრო მრავლისმომცველს და საინტერესოს ხდის ყოველდღიურად მუშაობას.

XXI საუკუნის არქიტექტურა მსოფლიოს მასშტაბით გლობალური ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრას ცდილობს. რა თქმა უნდა, მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები ამ მიმართულებით უსაზღვრო რესურსს დებენ, როგორც კვლევების, ისე შემდგომი მათი შესრულების სახით. ვფიქრობ, რომ მცირე და გააზრებული ნაბიჯებით, ყველა პროექტში შესაძლებელია გარკვეული სისტემებისა და მიდგომების გამოყენება ქართულ ბაზარზე და ამით მცირედი წვლილის შეტანა გლობალური პრობლემის მოგვარებაში.

რას გვეტყოდით ქართულ არქიტექტურულ და დიზაინ სივრცეზე? როგორ დაახასიათებდით მას? 

აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად საქართველოში პროექტებისა და სამუშოების წარმოების ხარისხი უმჯობესდება, თუმცა ეს საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ერთბაშად და სწრაფად ფიზიკურად ვერ მოხდება, ამიტომ პროგრესის დანახვა უკვე სასიამოვნოა. აქამდე არქიტექტორი და დიზაინერი მხოლოდ საშუალება იყო იმისა, რომ დამკვეთის სურვილები პირდაპირ რეალობად ექცია. დღეს კი უკვე ჩვენი აზრი, მიდგომა და რჩევა პრიორიტეტულია. დამკვეთები ამას ხვდებიან და ამიტომ არჩევენ ჩვენთან მუშაობას.

რედისონი – ქუთაისი

ვისაუბროთ თქვენს შემოქმედებაზე, თქვენთვის რა არის ყველაზე მთავარი მუშაობის პროცესში?

მუშაობის პროცესში ინსპირაციის წყარო შეიძლება გახდეს ნებისმიერი დეტალი — ადამიანის ქმედება, კონკრეტული დღის მონაკვეთში შემჩნეული განათება და სხვა. დიდი ხანია, აღარ ველოდები შთაგონებას სხვადასხვა პროექტებზე მუშაობისას, იქნება ეს არქიტექტურა, ინტერიერი თუ პროდუქტი. მივეჩვიე, რომ მთავარია, გამოიმუშაო უნარი, კონცენტრირდე და დაისახო სწორი ამოცანა. ვფიქრობ, გარემოს შენებური აღქმის, ინტერპრეტირებისა და შემდეგ გარდაქმნის უნარია ყველაზე მნიშვნელოვანი კონკრეტული მიმართულებით შედეგის მისაღებად.

NS Product -Love NS Collection

რისი გამოხატვა გსურთ თქვენი ნამუშევრებით, როგორია თქვენი დიზაინ ფილოსოფია?

პირველ რიგში, ჩვენი მიზანია ხარისხიანი პროდუქტის შექმნა, რაც მოიაზრებს თითოეული ეტაპის კონტროლს და გაუმჯობესებას, დაწყებული პროექტირების ეტაპიდან, შენობის საბოლოოდ დასრულებამდე. ვაცნობიერებთ ჩვენს როლს და უდიდეს პასუხისმგებლობას თანამედროვე ქვეყნის მშენებლობაში. მაგრამ გვჯერა, რომ ვერც ერთი ქალაქი და ქვეყანა ვერ იქნება ძლიერი და სრულყოფილი საკუთარი ისტორიის, კულტურისა და ავთენტური იერსახის გარეშე, ამიტომაც ჩვენი მიზანია, ისტორიული სივრცეებისა და თანამედროვე დიზაინის უმტკივნეულო შერწყმა.

ასევე, ვაცნობიერებთ, რომ დიზაინის ფუნქცია არ არის მხოლოდ ესთეტიკური სიამოვნება, არამედ ეს არის პრაქტიკული, ეფექტური და ადამიანის საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების შერწყმა. ჩვენს მუშაობაში კონტექსტური მიდგომის ინტეგრირებით, გარემოს უნიკალური მახასიათებლებისა და კულტურული გავლენის გათვალისწინებით, მიზნად ვისახავთ, რომ შევქმნათ დიზაინი, რომელიც ჰარმონიულად ესადაგება კონკრეტულ ადგილს.

ქუთაისის ხელოვნების მულტიფუნქციური ცენტრი
ქუთაისის ხელოვნების მულტიფუნქციური ცენტრი – ინტერიერი
NS Product -Kissing Chair, Love NS Collection

გვიამბეთ პროდუქტს ხაზზე, როგორ გაჩნდა მისი შექმნის იდეა?  

სტუდიის დაარსების დღიდან ვმუშაობთ პროდუქტის მიმართულებით, თუმცა აქამდე ის ცალკე ხაზად არ იყო გამოყოფილი, ვინაიდან თითოეული ელემენტი, იქნებოდა ეს მაგიდა, კარადა თუ სკამი იყო კონკრეტული პროექტისთვის შექმნილი და საგანგებოდ მისთვის დამზადებული. მაშინ განვითარების ისეთ ეტაპზე ვიყავით, რომ არ გვქონდა საკმარისი დრო და ენერგია, განცალკევებულად ამ მხრივ გვემუშავა. ეტაპობრივად, სტუდიის ზრდასთან ერთად, გაჩნდა რესურსი, რამაც გვიბიძგა და გადაგვაწყვეტინა უკვე დამოუკიდებლად, კონკრეტული მიმართულების შექმნა და მის განვითარებაზე აქტიურად მუშაობა.

NS Product თარო ზიგ-ზაგი.

როგორ დაახასიათებდით თქვენს პროდუქციას? რას აერთიანებს და რა არის მისი უნიკალურობის მთავარი ფაქტორი?

დღესდღეობით საქართველოში რთულია, აწარმოო ხარისხიანი პროდუქტი და გათვლა გააკეთო მასაზე. ამის გარდა, ჩვენი სტუდიის ხასიათისა და მიდგომის გათვალისწინებით, დიდ რესურსს და დროს ვუთმობთ თითოეული დეტალის დამუშავებასა და დახვეწას. ამიტომ ვიტყოდი, რომ ჩვენი პროდუქციის უმეტესი ნაწილი მიესადაგება მომხმარებელს, რომლსაც ექსკლუზიური, არა მასობრივი წარმოების დიზაინ ობიექტების შეძენა სურთ.

მომწონს, რომ არ გვაქვს წინასწარ განსაზღვრული ჩარჩოები, არ ვერგებით კონკრეტულ მასალებს. მაგალითად, გვაქვს შავი სკამები, მაგრამ ამავდროულად ძალიან ფერადი თაროები. ვფიქრობ, ინდივიდუალიზმი არის თითოეული ჩვენი პროდუქტის ძირითადი მახასიათებელი, რაც მათი გამაერთიანებელიცაა. ხოლო ჩვენი, შედარებით, არასტანდარტული მიდგომა პროდუქტის მასალებისა და ფორმების კომბინაციის კუთხით, არის ის, რაც ბაზარზე წარმოდგენილი სხვა სტუდიების ნამუშევრებისგან განგვასხვავებს.

NS Product -Take A Seat Collection

თქვენს რომელ ნამუშევრებს გამოარჩევდით?

რამდენიმე პროექტია, რომლებიც განსაკუთრებულად მიყვარს. ვგულისხმობ როგორც მთელ პროცესს, ასევე, საბოლოო შედეგსა და იმ ურთიერთობებს, რაც დამკვეთებთან ჩამოგვიყალიბდა. რთულია, გამოვყო რომელიმე, ამიტომ ვიტყოდი, რომ ყველაზე გარდამტეხი და მნიშვნელოვანი პროდუქტის ხაზის წარდგენა და პირველი გამოფენა იყო, რომელშიც გუნდთან ერთად დიდი შრომა ჩავდეთ და ამით სამომავლო გეგმების უსასრულო სიის შესრულებას შევუდექით.

NS Product – Take A Seat Collection
NS Product -Take A Seat Collection

რა ეტაპზე ხართ ახლა და რა არის თქვენი სამომავლო მიზნები?

საკმაოდ დატვირთული სამუშაო გრაფიკი გვაქვს როგორც არქიტექტურის, ასევე, დიზაინის მიმართულებით. ჩართულები ვართ ორი სამედიცინო დაწესებულების, სხვადასხვა მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის, ბიზნეს ცენტრებისა და სასტუმროების პროექტებში. პროდუქტის მიმართულებითაც ვამზადებთ სიახლეებს. ამის პარალელურად, გვაქვს მოლაპარაკებები გალერეებთან ევროპის მასშტაბით. გეგმა, როგორც აღვნიშნე, ვრცელია და ეტაპობრივად გაგაცნობთ ყველა მნიშვნელოვან სიახლეს.

როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენს პროფესიაში ის მთავარი დეტალი, რისთვისაც სირთულეების გადალახვა ღირს?

პროცესის გავლა ფურცლიდან რეალობამდე და ჩანაფიქრის თითქმის იდენტურად განხორციელება – ეს ის შეგრძნებაა, რისთვისაც ღირს ყველა დაბრკოლების გადალახვა. წარმოუდგენელია ამ შედეგის მიღება, თუ საკუთარი საქმე ყველაფერზე მეტად არ გიყვარს და ამისთვის თავდაუზოგავად, დღე და ღამე არ მუშაობ. რთულია კონცენტრაცია, როცა გარშემო ამდენი ყურადღების გასაფანტი საშუალებაა, თუმცა მნიშვნელოვანია სწორი პრიორიტეტების დასახვა, საკუთარი თავის მუდმივ განვითარებაზე მუშაობა და საბოლოო შედეგის ხარისხზე ორიენტირება.

NS Product -Take A Seat Collection

ფოტო: დავით ჭალიძე, ლუიზა ჩალათაშვილი, გრიგორი სოკოლინსკი

რენდერები: Mir.no, Paralel Visualization Studio

ავტორი: მეკო მეტრეველი

ეზოთი გაერთიანებული სახლი იაპონიაში, რომელიც თაობებს აკავშირებს

რაზე მიგვანიშნებს ტანსაცმლის ეტიკეტზე დატანილი ნიშნები? – ქსოვილის მოვლის წესების განმარტება