in ,

“ნინიას ბაღი” – ძველი ტრადიციების მატარებელი ახალი სივრცე ძველ თბილისში

Banner M2
Banner M2

ამ რესტორნის ისტორია მაშინ დაიწყო, როდესაც ერთ დღეს, მერიკო გუბელაძეს მეგობარმა ძველ თბილისში გაყოლა სთხოვა ეზოიანი სახლის სანახავად. მეგობარს აინტერესებდა თუ რამდენად დაინტერესდებოდა ცნობილი შეფ-მზარეული და რესტორატორი ამ სივრცეში რესტორნის გახსნით.

“წავყევი, თუმცა, ტექსტი წინასწარ მქონდა მომზადებული. ვაპირებდი მეთქვა, “გადასარევია, მაგრამ არ მცალიათქო (მართლა ძალიან დაკავებული ვარ).” თუმცა, შევედი თუ არა შენობაში, სივრცე და აურა ისე მომეწონა, რომ მოუცლელობა დამავიწყდა და იმწუთასვე გადავწყვიტე, რესტორანი გაგვეკეთებინა,” – გვიამბობს მერიკო

მალე ყველაფერმა ოფიციალური სახე მიიღო და ხელშეკრულებასაც მოეწერა ხელი. როგორც მერიკო გუბელაძე იხსენებს, ეს სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც “უჰანში პირველმა ჩინელმა დააცემინა”. შესაბამისად, პროცესიც გაიწელა და გართულდა, მაგრამ იდეის ავტორები არ დანებდნენ და დღეს ძალიან კმაყოფილები არიან მიღებული შედეგით ისევე, როგორც რესტორნის სტუმრები.

ლოკაციის შერჩევის შემდგომი ეტაპი რესტორნის სახელის მოფიქრება იყო. ამ დეტალზე ბევრი არ უფიქრიათ და მალევე დაიბადა სახელწოდებაც.

“რადგან სახლს ძალიან ლამაზი ბაღი ჰქონდა, მეგობარს “ნინიას ბაღი” გაახსენდა. ამის შემდეგ მოვიძიეთ ინფორმაცია ინტერნეტში და გავარკვიეთ, რომ ვინმე ნინია ზარიძე გასული საუკუნის დასაწყისში მდიდარი ვაჭარი ყოფილა. როგორც აღმოჩნდა, მას ჰქონია ბაღი, და თუ იმ დროინდელ თბილისში ბაღში შესვლა ფასიანი იყო, ნინია მსურველებს უფასოდ უშვებდა მის სივრცეში. სწორედ აქედან მოდის ცნობილი გამოთქმა – “ნინიას ბაღი ხომ არ გგონიაო?!”. მოგვეწონა ეს ლიბერალი, ძლიერი ქალი. ცოტა გაგვიკვირდა კიდეც თუ როგორ მოახერხა ეს ყველაფერი იმდროინდელ საქართველოში, მაგრამ ბევრი აღარ გვიფიქრია და რესტორანს “ნინიას ბაღი” დავარქვით. თუმცა, ყველაზე საინტერესო ჯერ კიდევ წინ იყო: რესტორნის გახსნიდან ორ თვეში მეგობარმა ნინია ზარიძის ფოტო გამოგვიგზავნა. ასე გავიგეთ, რომ ნინია (იგივე ნიკოლოზ) ზარიძე კაცი ყოფილა,”- იხსენებს მერიკო

სივრცე, რომლის რენოვაციასაც პროექტის ავტორები შეუდგნენ, საკმაოდ დიდი აღმოჩნდა. ეს იყო მაღალჭერიანი სახლი, ულამაზესი ხის პარკეტითა და ეზოში შადრევნით. როგორც ახალმა მეპატრონეებმა შეიტყვეს, ადრე აქ ორი ოჯახი ცხოვრობდა, რომლებიც თურმე, განსაკუთრებული გულუხვობითა და სტუმართმოყვარეობით გამოირჩეოდნენ. სწორედ ამიტომ, აქ ხშირად იმართებოდა უზარმაზარი სუფრები. სივრცის დღევანდელი მფლობელები კი მიზნად ისახავენ, სახლის ეს ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდეს და აქედან გამომდინარე, მათი გადაწყვეტილებით, რესტორანში მოსული ყველა სტუმარი მიიღებს რაიმე საჩუქარს, იქნება ეს სასმელი, დესერტი თუ სხვა.

რაც შეეხება ინტერიერის დიზაინს, მასზე პროფესიით ფოტოგრაფმა, ირა კუდრიაშოვამ იმუშავა. თავიდანვე არსებობდა კონცეფციის ძირითადი დეტალები: ვორონცოველი ხელგაშლილი ნინია, ძველი თბილისის სახლი და ეზო, გახსნილი სამზარეულო და ყველაფერი სამზარეულოს ირგვლივ. როგორც მიღებული შედეგიდან ჩანს, დიზაინერმა დასახულ ამოცანას საკმაოდ დიდი წამატებით მიაღწია.

“გვინდოდა შეგვექმნა განსხვავებული სივრცე, რომელიც არ იქნებოდა ძალიან გადატვირთული დიზაინის ელემენტებით. ეს ცოცხალი პროცესი იყო, წინასწარი რენდერი არ გვქონია და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებოდით ყველა ეტაპს. მოვხსენით ბევრი კედელი, გადავხადეთ სახურავი, ძალიან მოგვეწონა ზემოდან ჩამოსული შუქი და ერთი ოთახი ასე დავტოვე,” – გვიამბობს მერიკო

აღნიშნულ პროექტში ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ქართველი მხატვრების, მაია სუმბაძისა და გიორგი მასხარაშვილის ულამაზესი ნამუშევრები, რომლებიც სივრცეს სრულიად გამორჩეულ ხასიათს სძენს.

ინტერიერში გვხვდება მსუბუქი ფერთა გამა. ეს არის ერთი შეხედვით ცივი, მაგრამ ძალიან ჰაეროვანი ცისფერი. სიმსუბუქის შეგრძნებას აძლიერებს სივრცეში გამოყენებულ სარკეები, გამჭვირვალე ჭერი და ორანჟერეა მეორე ოთახში. რესტორნის ექსტერიერში უხვი სიმწვანეა. პროექტის ავტორების თანახმად, დროთა განმავლობაში მცენარეები ხის ბოძებზე აიზიდებიან და სივრცე ნამდვილ “ნინიას ბაღს” დაემსგავსება.

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე 

ლონდონის ძველი სახლის ახალი სიცოცხლე – ნატაშა ჰოვარდის ნამუშევარი

როგორი უნდა იყოს ხარისხიანი დიზაინ პროექტი – “ნამაი სტანდარტი” გირჩევთ