in

შინაგანი განწყობით შთაგონებული ინტერიერის დიზაინი – ინტერვიუ ნინო არზიანთან

ნინო არზიანი პროფესიით დიზაინერია. მისი შემოქმედებისადმი მისწრაფება და საკუთარი ფანტაზიის მატერიალიზაცია ბავშვობიდან იწყება. შემდგომში მისი კარიერაც სწორედ ხელოვნებას დაუკავშირდა. დღეს ის Ocean Capital-ის მთავარი დიზაინერია და აქტიურად არის ჩართული ყველა მიმდინარე პროექტში, კონცეფციის შექმნასა და იდეის დამუშავებაში. მუშაობის პროცესს მისი შინაგანი მდგომარეობა და განწყობა განსაზღვრას, რომელსაც შემდგომში საკუთარი ნამუშევრებით გამოხატავს. ნინო ცდილობს ყველა პროექტს ინდივიდუალურად მიუდგეს და თითოეულ მათგანში ორიგინალური ხედვა იგრძნობოდეს. საკუთარი გამოცდილების გაზიარებას კი ბავშვობის მოგონებიდან იწყებს…

დაგვიხასიათეთ თქვენი ბავშვობა…

განსაკუთრებით მიზიდავდა და მიყვარდა ხელოვნება. ბავშვობიდან გატაცებული ვიყავი ხატვით, მიყვარდა ხელით სხვადასხვა საგნის შექმნა. ხან თოჯინებს ვაკეთებდი, ხან ხის ტოტებისგან კომპოზიციებს, ეს ბევრად უფრო მსიამოვნებდა, ვიდრე სკოლაში სავალდებულო საგნების სწავლა.

როდის დაინტერესდით ინტერიერის დიზაინით?  

სკოლის დასრულების შემდეგ თბილისის სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე, კინოს მხატვრობის განხრით. ჩვენი ხელმძღვანელი ბატონო დიმიტრი თაყაიშვილი იყო, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია ჩემზე. მასთან ურთიერთობამ ბევრი რამ მასწავლა. ამ სფეროსთან დაახლოება 2005-2006 წლებს უკავშირდება, როდესაც ავეჯის დიზაინით დავინტერესდი, რომელიც ნამდვილად არ იყო მხოლოდ გატაცება. მაშინ ჩემს მეგობარ ნინო ყურაშვილთან ერთად რამდენიმე სახლისა და ავეჯის დიზაინზეც ვიმუშავე, რაც ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო ჩემთვის.

სადაც არ უნდა მემუშავა, რაღაც დოზით ჩემი საქმიანობა ყოველთვის მხატვრობასთან იყო დაკავშირებული. ერთ დღესაც სასტუმრო „მუზეუმის“  დიზაინზე მუშაობა შემომთავაზეს. ეს იყო ჩემთვის დიდი გამოწვევა, ძალიან საინტერესო პროექტი, რომელმაც მართლაც ყველაფერი შეცვალა ჩემს ცხოვრებაში და  დღემდე  მაძლევს იმპულსს, რომ აქტიური ვიყო ამ სფეროში.

სწორედ ამ პროექტით  დაიწყო ჩემი და არქიტექტორ ნინო მშველიძის თანამშრომლობა, რომელიც დღემდე გრძელდება. ამჟამად კი Ocean Capital-ში ვმუშაობ, რაც ასევე ჩემი ცხოვრების უდიდეს ნაწილს მოიცავს.

რა არის ყველაზე მთავარი მუშაობის პროცესში და რა გაძლევთ ინსპირაციას?

ჩემთვის მთავარია, ყოველი პროექტი იყოს ინდივიდუალური, შესაბამისად, არ ვანიჭებ უპირატესობას რომელიმე ერთ სტილს. მაგალითად, ეს იქნება მინიმალისტური თუ კლასიკური. დიდ პროექტზე მუშაობისას, დიზაინის კუთხით, ბევრ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას თავად ვიღებ. თუმცა მაშინ, როდესაც ბინის მფლობელთან  ვმუშაობ, მეტად ვითვალისწინებ მის სურვილებსა და მოთხოვნებს.

რაც შეეხება შთაგონების წყაროს, ინსპირაციას განწყობა და შინაგანი მდგომარეობა მაძლევს, რომელიც შემდეგ თითოეულ პროექტში აისახება.

კერძო ბინა

როგორ შეაფასებდით ქართულ არქიტექტორულ და დიზაინ სივრცეს? როგორ დაახასიათებდით ქართველ დამკვეთთან ურთიერთობას?

ვფიქრობ, დღეს ინტერიერის დიზაინერის პროფესია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა ამ სფეროში და მათთან  ერთად კოლაბორაცია ყოველთვის საინტერესო და სასიამოვნოა ჩემთვის.

დამკვეთთან ურთიერთობა არ არის იოლი. როგორც დიზაინერმა, მისი ყველა მოთხოვნაც უნდა გაითვალისწინო და შენი ხედვაც გაუზიარო, რათა საბოლოო შედეგი საუკეთესო გამოვიდეს. შესაბამისად, ეს პროცესი სირთულეებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ამავდროულად, ძალიან საინტერესოა.

მიმდინარე პროექტი, კერძო ბინა
მზიურის ბიზნეს ცენტრი

თქვენს რომელ ნამუშევრებს გამოარჩევდით?

ჩემთვის გამორჩეულად საყვარელი პროექტია სასტუმრო „მუზეუმი“. განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს მასთან. ხშირად დაღლილი იქ შევივლი ხოლმე დასასვენებლად და დასამუხტად.

ასევე, ძალიან საინტერესო იყო პანდემიის პერიოდში ჩემს მეგობართან, თეკუნა გაჩეჩილაძესთან ერთად კახეთში Silver Lakes Farm – ვერცხლის ტბებზე მუშაობა. გამოვყოფდი ერთ-ერთ წარმატებულ პროექტს – გასტრონომის დიზაინის შექმნასაც.

“ვერცხლის ტბები”

ამასთანავე, Caraps Medline-ის ფილიალის კონცეფციის შექმნაც საინტერესო იყო ჩემთვის. მინდა აღვნიშნო ადამიანები, რომელთა გარეშეც ეს პროექტები ვერ შედგებოდა: არქიტექტორი ნინო მშველიძე, ვიზუალისტი ლაშა სინაძე და ახალგაზრდა არქიტექტორი მარიამ მშვილდაძე.

ამჟამად ვმუშაობ „ოუშენ კაპიტალის“ ოთხ პროექტზე. ორი პროექტი უკვე დასრულებულია. ასევე, მაქვს რამდენიმე ახალი, დიდი პროექტი და ინდივიდუალური დაკვეთებიც.

რას ურჩევდით თქვენი პროფესიით დაინტერესებულ ახალგაზრდებს? რა არის თქვენს პროფესიაში ის დეტალი, რისთვისაც ღირს ყველა სირთულის გადალახვა?

შედეგის დანახვა არის ის, რაც გიბიძგებს წინსვლისკენ. შედეგის მისაღწევად დაბრკოლებების გადალახვა კი ყველაზე სასიამოვნო პროცესია. ვურჩევდი, არ შეუშინდნენ სირთულეებს და დიდი სიყვარულით აკეთონ საკუთარი საქმე.

სასტუმრო “მუზეუმი”

რესტორანი “სირაჩხანა” 
კერძო პროექტი
მიმდინარე პროექტი

სასტუმრო “ზემელი”
სასტუმრო “ზემელი”
მიმდინარე პროექტი, კერძო ბინა

უილიამ მორისი — პირველი დიზაინერი ისტორიაში

VELI.Store-ის საახალწლო დეკორაციები სახლიდან გაუსვლელად – Homeis.ge-ს რჩეული ნივთები