in ,

ქართული არქიტექტურა ულურსმნო ხის სახლებიდან მარსის კაფსულებიან ქალაქამდე – ინტერვიუ ნინო ლაღიძესთან

Alliance Group
Alliance Group

არქიტექტურასთან შეხება ნინო ლაღიძეს საკმაოდ ადრეული ასაკიდან აქვს. როგორც ის გვიამბობს, იგი ინჟინრების ოჯახში დაიბადა და სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა მისი სამომავლო პროფესიაც. დღესდღეობით ნინო ლაღიძე საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ჟურნალი „სტილის“ მთავარი რედაქტორი და საქართველოს უნივერსიტეტის  ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის, არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის დეპარტამენტის  ხელმძღვანელია. იგი ასევე საერთაშორისო კონკურსის „არქიტექტურული პრემია“ –  თანაორგანიზატორი გახლავთ. დღეს ჩვენ მას თანამედროვე არქიტექტურასა და თბილისის განაშენიანებაზე გავესაუბრეთ:

სანამ ქართულ არქიტექტურაზე ვისაუბრებთ, გვიამბეთ, რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?

ალბათ ოჯახის გამო. დედაც და მამაც ინჟინრები იყვნენ. მამა იყო მშენებელი ინჟინერი, დედა კი ენერგეტიკოსი. დედა, თითქმის ორმოცდაათი წელი, „საქენერგოპროექტში“, საქართველოს ყველა სოფელში მიკროჰესების პროექტირებაში იყო ჩართული.

მახსოვს, ვაკის პარკის კასკადის სამუშაოებში მამა აქტიურად იყო ჩართული, ასევე საქართველოში სამგზავრო საბაგირო გზების გაყვანაში, ვაკე-საბურთალოს გზის გაჭრის პროცესში, რაც  იმხანად ქალაქისთვის რეზონანსული და მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ეს იყო დრო, როდესაც მთის აფეთქება და საკმაოდ რთული კონსტრუქციული გადაწყვეტილებების მიღება გახდა საჭირო. აქაც ჩემი მშობლები აქტიურად იყვნენ ჩაბმულები. ეს უდიდესი მოვლენები იყო მათთვის და ბუნებრივია, სახლში ეს ამბები დიდი ემოციებით განიხილებოდა. არქიტექტურულ მოვლენებთან დაკავშირებული მშობლების აღტაცება კი მეც გადმომედო. მოხდა ისე, რომ ჩემთვის არქიტექტურა ოჯახთან, სახლთან, წარმატებასთან  იყო გაიგივებული. ამიტომაც დღეს ის ჩემი განუყოფელი ნაწილია.

ვაკე-საბურთალოს გზა
ვაკის პარკის კასკადი

მამის სამსახური –  „საქგიპროშახტი“ –   ზემელზე მდებარეობდა. ხშირად ვაკითხავდი და ძალიან მომწონდა მის ახლოს, კინოს სახლის ეზოში არსებული პანდუსიდან  საბაგირო გზის ქვედა სადგურამდე ასვლა და შემდეგ მთაწმინდამდე საჰაერო ვაგონიდან თბილისზე ცქერა.  ეს ხედები ჩემზე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენდა.

ნებისმიერ არქიტექტურულ თუ ურბანულ პროექტი   მშენებლებისა და არქიტექტორების ერთობლივი ძალისხმევით იქმნება…  და, მახსოვს, ასევე –  მამა ხუმრობდა ხოლმე არქიტექტორებზე: „ავუვლი, ჩავუვლი და სულ სადღაც, შორს იყურებიან, და რომ კითხო – მუშაობენ, ასე მპასუხობენ – ჩვენი მუშაობა ფიქრიაო“…

ბავშვობიდან ასეთ აქტიურ სამშენებლო პოლიგონზე ვიყავი. ფაქტობრივად, გენეტიკური არქიტექტორი გამოვდივარ. მეუღლეც არქიტექტორი მყავდა და შვილებიც არქიტექტორები არიან.

რას გვეტყვით გენდერულ ფაქტორზე არქიტექტურაში? 

ჩემი აზრით, არქიტექტურაში გენდერული მომენტი არ არსებობს. თუ ქალი არქიტექტურას ეჭიდება და არა დეკორს, ის არქიტექტორია და არა “ქალი არქიტექტორი”. რომ დააკვირდეთ პროექტებს, რომლებსაც ქალი არქიტექტორები ქმნიან, შრომის ნაყოფიერების, ეფექტურობის, შეუპოვრობის,  ხედვის კუთხით გენდერულ სხვაობას ვერ ნახავთ.

ამასთან დაკავშირებით ერთი კურიოზი მინდა გავიხსენო: ჟურნალ „სტილში“ (არქიტექტურა, ინტერიერი, დიზაინი)  სხვადასხვა სტატიას ზოგჯერ ფსევდონიმის ქვეშ ვწერ ხოლმე და ერთხელაც “ბეჟან ზეიკიძის” სახელით გამოვეცი სტატია ერთ ჩემს ნაცნობ არქიტექტორზე.  სტატია, როცა წაიკითხა, მან  მითხრა: „აი, რა კარგია! ხომ ეტყობა, რომ კაცის დაწერილია?! გამაცანი თუ შეიძლებაო…”

მკაფიოდ გამოკვეთილ მსოფლიოში სახელგანთქმულ  ქალ არქიტექტორებში ზაჰა ჰადიდსა და ნერი ოქსმენს დავასახელებ. ეს უკანასკნელი არქიტექტურაში სრულიად ახალი ტერმინის – ,,მატერიალური ეკოლოგიის,, შემომტანია.

ნერი ოქსმენი

პირველი ქართველი არქიტექტორი ქალებიდან –  ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანს, რუსუდან (რუდა) მეფისაშვილს გამოვყოფდი.

როგორ შეაფასებთ დღევანდელ თბილისს და მის თანამედროვე არქიტექტურას?

საქართველოში, ქართველი და უცხოელი არქიტექტორების მიერ,  ბოლო წლებში შექმნილი თანამედროვე არქიტექტურა, ფიგურალურად რომ ვთქვათ, პოსტსაბჭოთა ლანდშაფტში გაბნეულ „კოსმოსურ სადგურებს“ მოგვაგონებს. თუნდაც ის ეგრეთწოდებული „ბოტები“, იუსტიციის სახლი, შუშის ხიდი…გაზვიადებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ბევრისთვის ეს ზედმეტად რადიკალური „ახალმოდური“ არქიტექტურაა. არსებობს გარკვეული შეშფოთება, რომ ამან, შეიძლება  უარყოფითად იმოქმედოს ისტორიული ქალაქის კოლორიტსა და ღირებულებაზე.

რიყის საკონცერტო დარბაზის კომპლექსი
იუსტიციის სახლი
მშვიდობის ხიდი

ჩვენ ყველამ ვიცით: მსგავსი ცვლილებები მოხდა ევროპის ბევრ ქალაქში, მათ შორის ისეთ მსხვილ  და მდიდარი არქიტექტურული და ისტორიული მემკვიდრეობის მქონე ქალაქებში, როგორიცაა პარიზი და ლონდონი. საკმარისია გავიხსენოთ პარიზის პომპიდუს ცენტრი ან  ჰაი-ტეკური ექსპერიმენტები ბრიტანეთის დედაქალაქის ცენტრში. თუმცა, ახლა ამ ქალაქების მოსახლეობა   „არქიტექტურული ექსპერიმენტების“  აღქმას ახლებურად იწყებს. ვფიქრობ, ეს ცვლილება საქართველოშიც მოხდება. ჩემი აზრით, თვითიდენტიფიკაციის დაკარგვის შიშის მიზეზები არ არსებობს.  მრავალი საუკუნის განმავლობაში, საქართველოში ქმნიან არა მხოლოდ ახალს, არამედ განსაკუთრებული მგრძნობელობით ეკიდებიან  ტრადიციულ ფასეულობებსა და მარადიულ კულტურულ ორიენტირებს.

ძალიან ვაფასებ და მომწონს ისეთი არქიტექტურა, რომლის  ინტერიერი და ექსტერიერი ერთმანეთს ქმნის და ერთმანეთისგან გამომდინარეობს. ნაკლებად მომწონს არქიტექტურა, სადაც ექსტერიერს მხოლოდ საფასადე დანიშნულება გააჩნია.

ერთ ამბავს გავიხსენებ… როდესაც ზაჰა ჰადიდმა ბაქოში ალიევის მუზეუმი დააპროექტა, ამისთვის უზარმაზარი ტერიტორია გაათავისუფლეს და მთელი დასახლება იქ გადაიტანეს. ზაჰამ ისეთი შენობა შექმნა, რომელსაც დიდი სივრცე სჭირდებოდა, მთელი მისი ღირსების აღქმა ხომ შორიდან იწყება.

ჰეიდარ ალიევის მუზეუმი ბაქოში

ზაჰა ჰადიდის პროექტის ბაქოში განხორციელების დროს კონკურსი თბილისშიც ჩატარდა იმ ადგილის განაშენიანებაზე, სადაც ახლა King David“-ის კომპლექსია განლაგებული. კონკურსში ზაჰაც იღებდა მონაწილეობას და საუკეთესოებს შორის მისი პროექტიც მოხვდა. თუმცა, მაშინდელმა ჟიურის წევრებმა უპირატესობა არსებულ პროექტს მიანიჭეს, ვინაიდან ზაჰასი ზედმეტად მასშტაბურად მიიჩნიეს. სხვათა შორის, ზაჰას ძალიან ეწყინა ეს და მისი ამ კონკურსში მონაწილეობის ფაქტის გახმაურება კატეგორიულად აგვიკრძალა. ვფიქრობ, ზაჰას პროექტს რომ გაემარჯვა, დღეს ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტურული ნაგებობა დაამშვენებდა თბილისს.

King David-ის კომპლექსი

ისე, საოცარ დროში ვცხოვრობთ –  ადრე თუ არქიტექტურაში სტილები საუკუნეების მანძილზე არსებობდნენ და ვითარდებოდნენ, დღეს არქიტექტურა იმდენად ინდივიდუალური გახდა, რომ კონკრეტული პროფესიონალის  განუმეორებელ ხელწერამდეა დაყვანილი.

სხვათა შორის, ამჟამად, საქართველოს უნივერსიტეტში არქიტექტურის პროგრამის სტუდენტების ჩართულობით „ნასას“ შეკვეთაზე ვმუშაობთ – მარსზე საცხოვრებელი კაფსულებისგან შექმნილი განაშენიანების პროექტირება მიმდინარეობს. უახლოეს 10-15 წელიწადში, მსოფლიო მასშტაბით, მსგავსი პროექტების განხორციელება იგეგმება მარსზე. იმედი მაქვს, ქართველი არქიტექტორები, მათ შორის ქალი არქიტექტორები, მარსზეც დავტოვებთ ჩვენს „ხელწერას“.

რა აზრის ხართ თბილისის განაშენიანებაზე?

5-6 წლის წინ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე შემუშავდა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. თუმცა სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის შესახებ, კანონიდან გამომდინარე, თბილისს უნდა ჰქონდეს თბილისის „ქალაქმშენებლობითი გეგმა“, რომელიც შედგება „მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა“ და „განაშენიანების რეგულირების გეგმისგან“. გარდა ამისა, უნდა არსებობდეს ქვეყნის ტერიტორიის სივრცითი მოწყობა – ქვეყნის სივრცითი მოწყობის გენერალური სქემა და თბილისი განვითარების სტრატეგია, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყნის სოციალურ და ეკოლოგიურ საკითხებს –  დააზუსტებს უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების ქალაქთმშენებლობით მახასიათებლებს, რელიეფის ორგანიზებას, ტერიტორიების კეთილმოწყობასა და გამწვანებას, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფას. აქ ველოსიპედის გამოგონება არ არის საჭირო, თუმცა, ამაზე ამჯერად არავინ ფიქრობს… ქალაქის განაშენიანებაში ძირითადად ფინანსურად ძლიერი დეველოპერების ინტერესები და სურვილებია გათვალისწინებული. მინდა გითხრათ, რომ ეს თანამედროვე ფენომენია. მე-20 საუკუნემდეც იყვნენ მდიდრები, რომლებიც თავიანთ საცხოვრებლებს რუსთაველისა და მარჯანიშვილის პროსპექტებზე იშენებდნენ, მაგრამ ის შენობები საერთო კონტექსტიდან და კონცეფციიდან არ იყო ამოვარდნილი, რადგან მაშინ ითვალისწინებდნენ გამზირების ქალაქგეგმარებითი განშლის პრინციპებს და რაც მთავარია ამ საქმის პროფესიონალთა აზრს.

რას გვეტყვით არქიტექტურის ქართულ ხასიათზე?

საქართველოს ისტორიიდან  გამომდინარე არასტაბილურობის, ომების, შემოსევებისა და რბევათა მუდმივი საფრთხის გამო, მისი არქიტექტურა ძირითადად თადაცვითი ხასიათის მატარებელი იყო. არსებობდა სათავდაცვო ნაგებობათა  სახეები: ციხე-სიმაგრეები, ციხე- დარბაზები, გალავნები, ცალკე მდგომი კოშკები, გამაგრებული ეკლესია-მონასტრები.  არსებულ ლანდშაფტთან შერწყმით, სწორი კუთხისა და რაკურსის მიგნებით კი იქმნებოდა განუმეორებელი ქართული არქიტექტურა. რისი ბრწყინვალე მაგალითიცაა ჯვარი“.

ჯვრის მონასტერი

ჩვენამდე მოღწეული ქართული საცხოვრებელი სახლები ცხადყოფს, რომ გარემოს გავლენა გარკვეულ კვალს აჩენდა ქართველი ხალხის საოჯახო და სამეურნეო ყოფას, მატერიალურ და სულიერ კულტურას და ძირითადად ფუნქციურ ამოცანებს წყვეტდა. ამის ნათელი მაგალითებია პიტაცარი, ძელური ჯარგვალი, ოდა, მთიანეთის ტერასული განაშენიანება და სხვ.  საერო არქიტექტურაში ძირითადად ბუნების და ლანდშაფტის პირობებთან მორგებული კონსტრუქციული გადაწყვეტილებები გვხვდება. ცალკე აღნიშვნის ღირსია აჭარაში, ხის ულურსმნო უნიკალური ლაზური სახლები და დამხმარე ნაგებობები, რაც კარ-მიდამოს ქმნიდა. ძალიან საინტერესოა ქართული გვირგვინის გადახურვის სქემა, რომელიც თავისი კონსტრუქციით უნიკალურია. ის მსოფლიო ხალხების კულტურებში ბევრგანაა გამოყენებული სხვადასხვა ინტერპრეტაციით.

 

უნიკალურია სვანეთში შემორჩენილი ინტერიერები – კოშკი თავისი „მაჩუბით“, ინტერიერის დეკორატიული ელემენტები, დედა ბოძი, სავარძელი. თითქოს საქართველოს სხვა კუთხეების ინტერიერების მსგავსია, მაგრამ ნიუანსებში განსხვავებული. დღეს საკმაოდ ტრენდულია ასეთი ძველი ელემენტების ინტერიერში შემოტანა, რასაც ასევე ცოდნა, კულტურა და მოხერხება სჭირდება, რათა ამ ძველი ელემენტებით ინტერიერი არ დაიტვირთოს. ეს მეტად ფაქიზი საქმეა. ქართული ინტერიერი ზომიერი ელემენტებით –  ულამაზესია.

სვანური “მაჩუბი”

რაც შეეხება ,,ქალაქურ“ არქიტექტურას, ეგრეთწოდებული საბჭოთა „ოკუპაციური არქიტექტურისაგან“ თავის დაღწევის მიზნით, არქიტექტორები ნაგებობებში ეროვნული შტრიხების მეშვეობით ქართული ხასიათის შემოტანას ცდილობდნენ. მაგალითად, 1899-1906 წელს პირველი ქართველი დიპლომირებული არქიტექტორის, სიმონ კლდიაშვილის მიერ დაპროექტებული უნივერსიტეტის შენობა, სადაც ქართული ხასიათი კარგად ჩანს.

ამ მხრივ, გამოირჩევა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, რომლის ფასადი დეკორი ნეოფიტე, ვლადიმერ და ლავრენტი აგლაძეების მიერ არის შესრულებული. ნაგებობა ძველი ქართული ხუროთმოძღვრული მოტივების გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ნიმუშია, რომელმაც დიდი როლი შეასრულა მომდევნო პერიოდის ქართული არქიტექტურის განვითარებაში.

შჩუსევის მიერ დაპროექტებული იმელის შენობის (ამჟამად სასტუმრო „ბილტმორი“) ექსტერიერებიც და ინტერიერებიც ძველი ქართული არქიტექტურული ელემენტებითაა შემკული. ზედაპირები კი ქართული მარმარილოთი და ბოლნისის ტუფით არის მოპირკეთებული.

იმელის შენობა

გმირთა მოედანზე მდებარე, კალაშნიკოვისა და სევეროვის მიერ 1938 წელს აშენებული პირველი „ცათამბჯენი“. 11 სართულიანი შენობა იმხანად თბილისის უმაღლეს ნაგებობას წარმოადგენდა, აქედანაა მისი „ზედსახელიც“. აქაც ქართული ელემენტებია გამოყენებული.

პირველი “ცათამბჯენი”

აღსანიშნავია საზოგადოებრივი ტელევიზიის შენობა, რომელიც კონსტრუქტივიზმის ბრწყინვალე ნიმუშია. ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს რუსული ოკუპაციური არქიტექტურის ფონზე, თბილისში ამ სტილის მატარებელი ნიშნები შემოდის.

საზოგადოებრივი ტელევიზიის შენობა

ასეთ შენობებს, იმედი მაქვს, შეინარჩუნებენ, როგორც კონსტრუქტივიზმის სანიმუშო ძეგლებს, ისევე, როგორც  ვერაზე, თბილისის ცენტრში, 1930-იან წლებში აგებული  ხუთსართულიანი შენობა, რომელიც  თანამედროვეობასთან ტანდემში, ახალ ისტორიას ქმნის. იგი  ინდუსტრიულ ეპოქასთან არის დაკავშირებული და  წლების წინ, აქ საგამომცემლო საქმიანობა დუღდა, დღეს კი სასტუმროები  „რუმს თბილისი“ და „სტამბა“  ფუნქციონირებს.

Homeis.ge-ს რჩეული თბილისის კაფეები გარე სივრცეებით

რა უნდა გავითვალისწინოთ კედლის შეღებვის დროს? – 3 მთავარი ფაქტორი