in

23 წლის გამოცდილება და ცნობილი საერთაშორისო ბრენდების რეგიონული გაყიდვების მენეჯერი — ინტერვიუ ნინო ლეგაშვილთან

ნინო ლეგაშვილი საერთაშორისოდ აღიარებული ავეჯის, სანათების და აქსესუარების ცნობილი ბრენდების წარმომადგენელია ამიერკავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და თურქეთში.  ის თანამშრომლობს ისეთ ცნობილ კომპანიებთან, როგორებიცაა —  „Nemo Lighting“, „De Castelli“, „Amura“, “Nani Marquina Co Edition” „Etro Home Accessories“, “EMANUEL GARGANO LIGHTING”, “Zava Luce”, “Tooy”, “Conte Bed”, “LT FORM”. დღევანდელ ინტერვიუში ნინო გვიყვება საკუთარი თავგადასავლის შესახებ, თუ როგორ გახდა არაერთი საერთაშორისო ბრენდის წარმომადგენელი და როგორ მოახერხა ამ საოცრად საპასუხისმგებლო საქმის წარმატებით შესრულება. ჩვენი რესპონდენტი ასევე გვიამბობს იმ სირთულეებზეც, რაც პროდუქტის დიზაინის სფეროს ახლავს თან და გვესაუბრება იმ გამოწვევებზე, რომელთან გამკლავებაც უწევს, რათა მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის მომსახურება და ბრენდირებული პროდუქტი შესთავაზოს. ერთი სიტყვით, დღეს ნინო ლეგაშვილი სფეროს განსხვავებული კუთხით გაგვაცნობს და დიზაინის შიდა სამყაროში გვამოგზაურებს.

ნინო გვიამბეთ თქვენ შესახებ. როდის დაუკავშირდა თქვენი ცხოვრება დიზაინს?

ჩემი საქმიანობა უკავშირდება რამდენიმე საერთაშორისოდ აღიარებულ ევროპულ კომპანიას, რომელთა წარმომადგენელიც ვარ ამიერკავკასიაში, თურქეთსა და ცენტრალურ აზიაში. დიზაინის სფეროში უკვე 23 წელია ვსაქმიანობ და ამ საქმეს ძალიან კარგად ვიცნობ. ზოგადად, მგონია, ჩვენს სამომავლო გეგმებს ქვეცნობიერად განაპირობებს ის გარემო, რომელშიც ვიზრდებით. ჩემი ბავშვობა კი ხელოვნებით იყო მოცული. მამა ტექსტილის დეკორატორი და ინტერიერის დიზაინერი იყო, დედაც ამ სფეროში მოღვაწეობს დღემდე. ბავშვობიდანვე მჭიდრო შეხება მქონდა არქიტექტორებთან, დიზაინერებთან, მხატვრებთან, მოქანდაკეებთან.  მამას ყოველთვის თან დავყავდი ხელოვან მეგობრებთან, სტუდიებსა თუ სახელოსნოებში. ეს ყველაფერი ჩემს ცნობიერებაში დაილექა და ადრეული ასაკიდან არქიტექტურისა და დიზაინის მიმართ დიდი ინტერესი გამიჩნდა.

NANI MARQUINA

როგორ განვითარდა თქვენი კარიერული გზა? როგორ მოხვდით ამ სფეროში?  

მომავალი პროფესიის არჩევის დრო საქართველოში ცუდ პერიოდს დაემთხვა, ამიტომ ემიგრაციაში წასვლა მოგვიწია და იქ უცხო ენათა ფაკულტეტი დავამთავრე. ზოგადად, მახასიათებს არსებული მოცემულობის მიღება და მასთან შეგუება. რასაც ვერ ვცვლი, იმას შესაძლებლობად აღვიქვამ და შემდეგ საფეხურზე გადასასვლელად ვიყენებ. ასე შევარჩიე ეს პროფესიაც, თუმცა დიზაინისა და არქიტექტურის მიმართ ინტერესი არასდროს დამიკარგავს.

ჩემი კარიერული გზა 2000 წელს დაიწყო, როდესაც უცხოეთში ერთ-ერთ დიზაინ სტუდიაში, უცხო ენების სპეციალისტად დავიწყე მუშაობა. ვთარგმნიდი სტატიებსა და დოკუმენტებს, ამავდროულად კი უჩვეულო ინტერესს ვიჩენდი შოურუმში წარმოდგენილი პროდუქციის მიმართ. საგულისხმო დამთხვევაა ისიც, რომ იმ შოურუმში განთავსებული იყო  „ETRO HOME ACCESSORIES“-ის პროდუქტი, იტალიური ბრენდის, რომლის რეგიონული გაყიდვების მენეჯერი სულ ცოტა ხნის წინ გავხდი…

2005 წელს დავბრუნდი საქართველოში და სრულიად შემთხვევით,  ვაკანსიის საფუძველზე,  „Opera Design“-ში გასაუბრება გავიარე, რის შედეგადაც ბრენდ მენეჯერად დავიწყე მუშაობა. „Opera Design“-ი იმ პერიოდში გახლდათ ერთერთი მაღალი დონის იტალიური ბრენდების წარმომადგენელი შოურუმი საქართველო, სადაც ხელმისაწვდომი იყო ის პროდუქცია, რასთანაც მე უცხოეთში უკვე მქონდა შეხება. ამ კომპანიაში 7 წელი დავყავი, რაც უმნიშვნელოვანესი გამოცდილება იყო ჩემთვის. სწორედ აქ მქონდა პირველი შეხება ქართულ დიზაინ სფეროსთან. აქტიურად ვთანამშრომლობდი  არქიტექტორებთან, დიზაინერებთან და დამკვეთებთან. ვმუშაობდით სხვადასხვა პროექტზე, ვაწყობდით პრეზენტაციებს. თუმცა როდესაც მივხვდი, რომ ამ კომპანიაში ჩემი შესაძლებლობები ამოვწურე, მუშაობა განვაგრძე ერთ-ერთ იტალიურ სააგენტოში, რომელიც ზუსტად იმ პერიოდში, 2013 წელს  ამიერკავკასიაში იწყებდა ოპერირებას.

იტალიურ კომპანიაშიც გაყიდვების მენეჯერის პოზიცია დავიკავე, სადაც ხუთი წელი გავატარე. ეს საკმაოდ რთული გამოწვევა იყო ჩემთვის, რადგან არავის არაფერი უსწავლებია და როგორც ოკეანეში, ისე ვგრძნობდი თავს – დიდ მასშტაბებთან მიწევდა მუშაობა. აქ საერთაშორისო ბაზრის სპეციფიკას გავეცანი, პირველად დავამყარე კომუნიკაცია აზერბაიჯანელ და სომეხ არქიტექტორებთან და მომხმარებლებთან.

მახსოვს, პირველი სერიოზული თანამშრომლობა არქიტექტურულ კომპანია „Dephani AD“-თან გვქონდა, რომელთან ერთადაც საინტერესო პროექტი განვახორციელეთ ყვარელში. როდესაც ეს პროექტი ერთ-ერთი საერთაშორისო ბრენდის განათების კატალოგში მოხვდა, საოცარი გრძნობა დამეუფლა. შემდეგ იყო სამსახური ბაქოში, პროექტის დეპარტამენტის ხელმძღვანელად, 2018 წელს კი საქართველოში დავბრუნდი და სწორედ აქედან იწყება ჩემი, როგორც ბრენდის წარმომადგენლის საქმიანობა…

EMANUEL GARGANO LIGHTING

გაიხსენეთ თქვენი პირველი თანამშრომლობა მსოფლიო ბრენდთან, როგორ დაამყარეთ პირველი კონტაქტი და როგორ წარიმართა ეს პროცესი?

ჩემი პირველი თანამშრომლობა მსოფლიო ბრენდთან განათების კომპანია „Nemo Lighting“-ს უკავშირდება. ამ კომპანიას ძალიან დიდი ხანი ვიცნობდი, რადგან ეს არის ერთადერთი ბრენდი, რომელიც არქიტექტორ ლე კორბუზიეს მიერ შექმნილ სანათებს აწარმოებს. „Nemo Lighting“-ის წარმომადგენელი გავიცანი ფრანკფურტში, „Light and Building“-ის გამოფენაზე, მაშინ ჯერ კიდევ ბაქოში ვმუშაობდი. სწორედ ამ გამოფენაზე შევხვდი ბრენდის კომერციულ დირექტორს, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, საქართველოშიც იყო ნამყოფი. როდესაც ბაქოდან საქართველოში დავბრუნდი, დამიკავშირდა და ამიერკავკასიაში ბრენდის წარმომადგენლად მუშაობა შემომთავაზა. შეიძლება ითქვას, რომ „Nemo Lighting“-ი გახდა “პირველი მერცხალი” ამ სფეროში.

„Nemo Lighting“-ზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღვნიშნო ცნობილი არქიტექტორის ლე კორბუზიეს სანათი —”LAMP DE MARSEILLE”, რომელიც ჩემთვის გამორჩეული ნამუშევარია. მოგვიანებით სპეციალურად ვიმოგზაურე ქალაქ მარსელში, სადაც მოვინახულე “Unite d’ Habitation”, შენობა, რომლისთვისაც შეიქმნა ეს და მრავალი სხვა მოდელი, რომლებიც “Nemo Lighting” -ის კოლექციაშია.

ცნობილი არქიტექტორის ლე კორბუზიეს სანათი LAMP DE MARSEILLE,
პიკასოს პარიზის ბინა

Unite d’ Habitation, მარსელი, 2023 წელი
ESCARGOT BY LE CORBUSIER, NEMO LIGHTING 1954

ამის შემდეგ ჩემი კარიერა კიდევ ორ საერთაშორისო ბრენდს დაუკავშირდა. მაშინ დავფიქრდი, რომ უფრო მასშტაბურ სფეროში ვინაცვლებდი და მეტი პასუხისმგებლობა მმართებდა. მინდოდა, ჩემს პორტფოლიოში ყოფილიყო ისეთი ბრენდები, რომლებიც აქამდე არასდროს ყოფილა ამიერკავკასიაში. იქიდან გამომდინარე, რომ მე ეს სფერო ძალიან კარგად ვიცი, დავიმატე იმ დროისთვის აბსოლუტურად უცნობი იტალიური ბრენდები, რომლებიც დღესდღეობით ყველაზე გაყიდვადი პროდუქტებია ჩემს მიერ  ოპერირებულ ქვეყნებში.

ასეთი ბრენდია “AMURA LAB”, რომლის შემოქმედებითი დირექტორი, EMANUEL GARGANO შთაგონებას პულიის ლანდშაფტიდან და ისტორიიდან იღებს. მაგალითად, ცნობილი მოდელი “LAPIS” -ის შთაგონება მატერას ქვის ქვაფენილი გახდა და სწორედ “LAPIS”-სი არის მოდელი, რომელმაც პირველი საერთაშორისო აღიარება მოუტანა ბრენდს.

მოდელი — LAPIS SOFA
ნინო ლეგაშვილი ემანუელ გარგანოსთან ერთად, მოდელი – PALMO SOFA

ამის პარალელურად, კომპანია „MOTIF“-შიც ვმუშაობდი ორი წელი, რომელმაც არაჩვეულებრივი გამოცდილება მომცა, თუმცა სანამ პანდემია დაიწყებოდა, მომიწია არჩევანის გაკეთება. ერთდროულად ორ საქმეს ვერ ვუძღვებოდი, ამიტომ ვარჩიე, მთელი ყურადღება ჩემი კომპანიისთვის დამეთმო და საერთაშორისო ბრენდების ხელმისაწვდომობის კუთხით ჩვენი რეგიონი განმევითარებინა.

შემდეგ პანდემიაც დაიწყო და ჩვენს სფეროში დიდი კრიზისი დადგა. წარმოიდგინეთ, იტალიურმა კომპანიებმა, რომელთა ისტორიაც 80 წელს ითვლის, წარმოება გააჩერა. ამ რთულ პერიოდში ერთი წამითაც არ შემშინებია, პირიქით, გამოსავლის ძიება დავიწყე. კვირაში ერთხელ ვატარებდი „Zoom“ ჩართვებს იტალიური ბრენდების წარმომადგენლებთან, ადგილობრივ და უცხოელ არქიტექტორებთან, დიზაინერებთან და სალონურ საუბრებს ვაწყობდი. ასევე, ჩემს პარტნიორებს  — შოურუმებს განსაკუთრებული პირობები შევთავაზე, რათა ფინანსურად მყარად ყოფილიყვნენ, ამიტომ ეს პერიოდი შეძლებისდაგვარად მარტივად გადავაგორეთ. მოგვიანებით, ჩვენს პროდუქციაზე  დიდი მოთხოვნა გაჩნდა და მომხმარებელმა სხვანაირად გადაიაზრა მაღალი ხარისხის კომფორტული ავეჯისა და სანათების მნიშვნელობა.

რას ნიშნავს იყო ბრენდის წარმომადგენელი და ამჟამად რამდენ კომპანიასთან თანამშრომლობთ?

ამჟამად მე გახლავართ  ბრენდების: „DE CASTELLI“;  „AMURA“;  „NANI MARQUINA“; „CO EDITION“; „NEMO/REGGIANI/ILTI LUCE“;  „TOOY“;  „ZAVA LUCE“; „CONTE BED“; „ETRO HOME ACCESSORIES“; “EMANUEL GARGANO LIGHTING”; “LT FORM”-ის რეგიონული მენეჯერი ამიერკავკასიაში,  ცენტრალურ აზიასა და თურქეთში. ბრენდის წარმომადგენელი გულისხმობს კომპანიის მიერ მონიჭებულ უფლებას, რომ მისი საქმიანობა მართო. შენ თანამშრომლობ შოურუმებთან, სადაც ბრენდის პროდუქცია იყიდება, მუდმივი კონტაქტი გაქვს არქიტექტორებთან და დიზაინერებთან, ავითარებ საპროექტო მიმართულებას,  წყვეტ რომელ შოურუმში გაიყიდოს ბრენდი. მე ვარ შუალედური რგოლი კომპანიასა და მომხმარებელს შორის, პირი, რომელიც მაქსიმალურ ინფორმაციას აწვდის დამკვეთს, სთავაზობს მას ნიმუშებს, აცნობს ყველა ტექნიკურ დეტალს,  ეხმარება სრულყოფილი და კომფორტული სერვისის მიღებაში,  აკონტროლებს პროცესს, რომ მომხმარებელმა მიიღოს რაც შეიძლება მაღალი ხარისხის მომსახურება და სწრაფი პასუხი.

DE CASTELLI

ასევე, მე დიდ ყურადღებას ვაქცევ პროდუქციის ხარისხიანად გაყიდვას. ყოველთვის ვატარებ პრეზენტაციებსა და ტრენინგებს, რომ პარტნიორებმა შოურუმში პროდუქტი სწორად წარადგინონ. ამასთანავე, ჩემი საქმიანობით არქიტექტორებსა და დიზაინერებს ვუქმნი უფრო საინტერესო და კომფორტულ გარემოს პროფესიული ზრდისა და განვითარებისთვის. ვცდილობ, მაქსიმალურად  მიიღონ ინფორმაცია ბაზრის სიახლეებზე, შექმნან ბევრად საინტერესო, მრავალფეროვანი პროექტები  და მათი ნამუშევრები საერთაშორისო ასპარეზზე გავიდნენ. ეს საქმე საკმაოდ შრომატევადია, მითუმეტეს როდესაც განსხვავებულ კულტურებთან გაქვს შეხება, მაგრამ ეს უფრო მრავალმხრივსა და შემეცნებითს ხდის ამ პროფესიას.

წლების განმავლობაში ამ ბიზნესის მეორე მხარეს ვმუშაობდი და ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ სფეროს 360 გრადუსით ვიცნობ. თითოეული ჩემი ბრენდი ხარისხით, ბაზრის მოთხოვნებისა და ფასის გათვალისწინებით შევარჩიე, რადგან მე ვიცი რა სჭირდება მომხმარებელსა თუ პროფესიონალს. ეს სფერო პირდაპირ უკავშირდება ბაზრის მოთხოვნებს, საერთაშორისო ტენდენციებს, რომლებიც მუდმივად იცვლება. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, ჩემი ბრენდებიც შესაბამისობაში იყვნენ ბაზრის მოთხოვნებთან. საქმეს მომხმარებლის პოზიციიდან ვუყურებ და ყველაფერს ვაკეთებ, რომ ბრენდის მოთხოვნები არსებულ რეალობას მოვარგო და ადგილობრივ ბაზარზე მას ადაპტირება გავუკეთო. ამ ბიზნესში შენ არ ხარ ინდივიდუალური მოთამაშე, არამედ გუნდის ნაწილი ხდები. შეიძლება ითქვას, რომ ბრენდის წარმომადგენელი მრავალი გუნდის წევრია, განყენებულად არავის მხარეს არ დგას, მაგრამ თითოეული კომპანიის ბიზნესის განვითარებაში იღებს მონაწილეობას.

DE CASTELLI

რა სირთულეებთან არის დაკავშირებული პროდუქტის დიზაინის სფეროში მუშაობა?

გარედან შესაძლოა ლამაზად და მარტივად ჩანდეს ყველაფერი, მაგრამ რეალურად ამ სფეროში მუშაობას ბევრი სირთულე ახლავს თან. ჩვენი ბიზნესის წარმატება პირდაპირ უკავშირდება მსოფლიოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობას და ქვეყნების სტაბილურობას. მაგალითად, ძალიან ნეგატიური შედეგები გამოიწვია რუსეთ-უკრაინის ომმა. უკრაინა გახლავთ ერთ-ერთი უმსხვილესი ხისა და მეტალის მიმწოდებელი ევროპაში. კომპანიებს კი ომის შემდეგ მოუწიათ გამოსავლის ძიება და იმპორტიორის შეცვლა, რამაც სერიოზულად გაზარდა ფასები მასალებზე, ხოლო ფასების ზრდამ წარმოების ვადების გახანგრძლივება განაპირობა.

ასევე, ომის გამო, ბევრი გაუგებარი წარმომავლობის კომპანია გაჩნდა ბაზარზე, რომლებიც ცდილობენ, არაჯანსაღი კონკურენცია შექმნან და მომხმარებლებს შესთავაზონ პროდუქცია ორგანიზაციების გვერდის ავლით. ამიტომ მუდმივად მიწევს კონტროლი, თითოეული პროექტის დარეგისტრირება, საბოლოო დანიშნულების წერტილისა და ადრესატის მოძიება, რათა გაუგებრობა არ მოხდეს. არაჯანსაღი კონკურენცია საქმეს სერიოზულად გვირთულებს და უამრავ დროსა და ენერგიას გვაკარგვინებს.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ გახლავთ სურსათი, რომელსაც ყოველთვის ყიდულობ. ესაა ძვირადღირებული პროდუქცია, რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ამიტომ რთულია მომხმარებელი არჩევანის სისწორეში დაარწმუნო. ძნელია მიახვედრო, რომ ერთჯერადად, მაღალი ხარისხის ბრენდირებულ პროდუქტში გადახდილი თანხა ბევრად დიდი ინვესტიციაა, ვიდრე იაფფასიანი მოდელი, რომელიც შეიძლება ყოველ თვეს გაფუჭდეს.

ვისაუბროთ ადგილობრივ გამოწვევებზეც, თქვენი აზრით, რა მიმართულებით გვჭირდება ყველაზე მეტად განვითარება? 

ამ წელს ჩემი მთავარი მიზანია განათების კულტურის წინ წამოწევა, რადგან ჩვენთან, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით განათლების მიღება შეუძლებელია და ეს პროფესია უყურადღებოდ გვაქვს დატოვებული. არადა, ეს უმნიშვნელოვანესი დარგია. ევროპაში არსებობს  განათების არქიტექტორი, რომელიც შიდა და გარე სივრცეში განათების გეგმარებასა და გამართულობას უზრუნველყოფს. განათება დიდი და ღრმა ფილოსოფიაა, რომლის გარეშეც დიზაინი და არქიტექტურა ვერ იქნება სწორად და ეფექტურად აღქმული. შესაბამისად, ამაში დიდი ინვესტიცია უნდა ჩაიდოს. ამჟამად ჩემს პარტნიორებთან ერთად, აქტიურად ვმუშაობ ამ საკითხზე. იტალიური გუნდი ადგილობრივ პროფესიონალებს დიდ დახმარებას უწევს, ხშირად გვაქვს შეხვედრები, რათა ამ კუთხით ცნობიერება ავამაღლოთ. ამ წელს მინდა განათების კონფერენციის გამართვაც, სადაც უცხოელი სპეციალისტების ხელშეწყობით შემეცნებითი და საინტერესო ლექცია-სემინარები ჩატარდება.

CO EDITION

როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ მსოფლიო ბრენდების პროდუქციაა ხელმისაწვდომი და რა როლი გაქვთ თქვენ ამ პროცესში?

პირველ რიგში, ჩემი მიზანია, მაქსიმალურად ბევრი, საინტერესო პროექტი შეიქმნას იტალიური ბრენდების მონაწილეობით, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.  ასევე, ეს პროცესი რეგიონს მისცემს საერთაშორისო დონეზე დიდ  ცნობადობას. ჩვენს სფეროში უცხოურ ასპარეზზე რომ დაიკავო ადგილი, მხოლოდ კარგი არქიტექტურა ან ინტერიერი საკმარისი არ არის, უმნიშვნელოვანესია შიგთავსი – დიზაინ პროდუქტი. სხვანაირად ვერ შეგვამჩნევენ. მაღალი ხარისხის ბრენდებით შექმნილი პროექტი კი აუცილებლად ხვდება საერთაშორისო კომპანიების ვებ-გვერდებსა და კატალოგებში, შესაბამისად, უფრო მეტი ადამიანი ეცნობა ქართულ ნამუშევრებს და საქართველოსადმი დიდი ინტერესი ჩნდება.

რაც შეეხება ამ პროცესში ჩემს როლს,  ყველანაირად ვცდილობ, ქართული პროდუქტი საერთაშორისოდ აღიარებული გავხადო. ამასთანავე, ჩვენი კულტურა უცხო ყვეყნებს გავაცნო. ყოველწლიურად კომპანიებში გასული წლის ანალიზი დგინდება, სადაც სხვადასხვა რეგიონის მენეჯერები ერთად ვიკრიბებით. პრეზენტაციის დროს კი, როდესაც ქართულ დროშასაც ვხედავ გული სიამაყით მევსება. ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე, საჩუქრად ჩემს პარტნიორებს თუშური ჩითები ჩავუტანე, ვესაუბრე ხალიჩისა და თექის კულტურაზე. ესაა ჩემს საქმიანობაში ყველაზე მნიშვნელოვანი. ამ პროფესიაში მხოლოდ გაყიდვები და პროფესიული ამბიცია არ მამოძრავებს, მსურს, ჩვენი კულტურა მაქსიმალურად მაღალ დონეზე წარმოვაჩინო.

საინტერესოა, როგორია თანამედროვე ტენდენციები პროდუქტის დიზაინის მიმართულებით და როგორია მოთხოვნა თქვენი ბაზრის მიხედვით? 

ყოველი მწარმოებელი ცდილობს ყოველწლიურად რაღაც განსაკუთრებული წარმოაჩინოს, ახლა ჩვენ სფეროში ყურადღება მახვილდება ტექნოლოგიურ მიდგომებსა და ინოვაციურ მასალებზე. უპირატესობა ენიჭება შიგთავსს, მის ეკოლოგიურ სისუფთავეს. არქიტექტორები და დიზაინერები ძალიან სწრაფად და მარტივად ითვისებენ ბაზრის მოთხოვნებს და საუკეთესო ელემენტები თავიანთ პროექტებში გადმოაქვთ.

კავკასიის რეგიონში, სამივე ქვეყანას განსხვავებული მოთხოვნები აქვს და ჩემს ბრენდებზეც მოთხოვნა რეგიონის მიხედვით ცვალებადია. ამ ეტაპზე ცენტრალური აზიის ქვეყნებში ოპერირება საკმაოდ დიდი გამოწვევაა, ახალ კულტურა, მენტალიტეტი და იქაური პროფესიონალების მუშაობის პრინციპი, ბაზრის მოთხოვნები. ეს ყოველივე პროფესიონალურად მზრდის და ჩემს საქმიანობაში ახალ პერსპექტივებს ბადებს.

დაბოლოს, გაგვიზიარეთ თქვენი სამომავლო გეგმები 

პირველ რიგში, საინტერესო სივრცის შექმნა მინდა, რომელიც ამავდროულად ჩემი სამუშაო ოფისიც იქნება, თუმცა არა ტრადიციული გაგებით. მსურს, შევქმნა კომფორტული და მრავალმხრივი გარემო არქიტექტორებისა და დიზაინერებისთვის, სადაც სალონურ საუბრებს მოვაწყობთ, განვიხილავთ პროექტებს, დავსახავთ მიზნებს და ეს თანამშრომლობა უფრო გამყარდება. ასევე, არ გამოვრიცხავ ბრენდის დამატებასაც, თუ ბაზარზე შესაბამისი მოთხოვნა გაჩნდება. ჯერ-ჯერობით წარმოვადგენ ისეთ ბრენდებს, რომელთა დახმარებითაც მთელი სივრცის დაკომპლექტებაა შესაძლებელი, თუმცა თუ რაიმე საინტერესო სიახლე გამოჩნდა, აუცილებლად შევთავაზებ მას ქართველ მომხმარებელს. დასასრულს მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ადგილობრივი შოურუმებისა და პროფესიონალების ძალიან მადლიერი ვარ, რადგან სწორედ ისინი მაძლევენ მიმართულებას. მათ რჩევებს ყოველთვის ვუსმენ და მოთხოვნებს ვითვალისწინებ, რათა უფრო საინტერესო გავხადო ეს სფერო და თავადაც  ყოველდღიურად განვითარდე.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ნეოკლასიკური სტილის სახლი დიღომში — ანი მაჭავარიანის ნამუშევარი

როგორ მოვიქცეთ, როდესაც კედელში ჩაშენებული მილი ჟონავს?