in

ნიუ-იორკიდან თბილისში განხორციელებული პროექტები – ინტერვიუ არქიტექტორ ნინო მშველიძესთან

ნინო მშველიძე ნიუ-იორკში მცხოვრები არქიტექტორია, რომელიც  აქტიურად მუშაობს სხვადასხვა პროექტებზე საქართველოში.

ნინო არქიტექტორებისა და მშენებლების გარემოში გაიზარდა. მამა, თემურ მშველიძე, კონსტრუქტორი იყო და მთელი ბავშვობა საქალაქმშენპროექტში გაატარა, რამაც მისი მომავალი პროფესიის არჩევაზე დიდი გავლენა იქონია. საბოლოო ჯამში კი მამის, როგორც მშენებლის მიმართ აღფრთოვანებამ, ნინოს პროფესიაც განსაზღვრა.

„მამის  დამოკიდებულება და სიყვარული თავისი საქმისადმი ჩემთვის, შთამბეჭდავი იყო“.

ნინო გვიყვება, რომ პეკინის 2 ნომერში გაიზარდა, „აი, იმ ცნობილ აკადემიკოსების სახლში“. უზარმაზარი სიმაღლის ჭერი, დიდი ვინტაჟური შუშაბანდი და ერთმანეთში გამავალი დიდი ოთახები საშუალებას აძლევდათ, შეექმნათ ის გარემო, რაც 90-იანი წლებისათვის არ იყო სტანდარტული. „მახსოვს, ერთხელ როგორ მოგვიწყვეს ჩემმა მშობლებმა ანტრესოლის შექმნით საბავშვო, ზღაპრული სივრცე“. 

Homeis-თან ინტერვიუში ნინო საკუთარ პროფესიასა და შემოქმედებაზე თავად გვიამბობს.

სად მიიღეთ განათლება და როდის დაინტერესდით ინტერიერის დიზაინით? 

მე-10 კლასიდან გადავედი ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულ, ნატიფი ხელოვნების სკოლაში (School of Fine Arts) და შემდეგ არქიტექტურის ფაკულტეტზე, ამავე უნივერსიტეტში ჩავაბარე. დამთავრებისთანავე ერთ-ერთ წამყვან სამშენებლო კომპანიაში დავიწყე მუშაობა, სერვისის სამსახურის თანამშრომლად, საიდანაც ჩემი და მომავალი მაცხოვრებლების ურთიერთობა დაიწყო. ეს პერიოდი უმნიშვნელოვანესი გამოცდილება იყო ჩემი, როგორც პროფესიონალის ჩამოყალიბებაში.

ნინო მშველიძის შესრულებული პროექტი

მოგვიყევით თქვენი კარიერული გზის შესახებ, როგორ მოხვედით იქამდე, სადაც ახლა ხართ?

ყველაფერი დაიწყო კომპანია „აქსისიდან“. ეს იყო 2005 წელს, როდესაც უნივერსიტეტი დავამთავრე და მომეცა შესაძლებლობა „აქსისის“ პროფესიონალთა გუნდის წევრი გავმხდარიყავი.

შემდეგ იყო ბერლინი, რამაც დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემზე, არქიტექტურისა და კულტურის თვალსაზრისით. ბერლინი იყო ჩემი პირველი, გრძელვადიანი ევროპული არდადეგები.

როგორც ინტერიერის დიზაინერმა, შემდეგში მუშაობა Olive Design-ში დავიწყე. ეს პერიოდი, პროფესიონალური თვალსაზრისით, გაზრდისა და განვითარების საშუალება იყო. ამ კომპანიამ შესაძლებლობა მომცა, მემუშავა ავეჯის დიზაინის მიმართულებით და მონაწილეობა მიმეღო ისეთ საერთაშორისო გამოფენებზე, როგორებიცაა Salone Del Mobile – მილანში და  100% Design – ლონდონში.

2014 წლიდან „ლისი დეველოპმენტის“ გუნდის წევრი ვარ. აღნიშნულმა კომპანიამ საშუალება მომცა, მემუშავა არა მარტო ქართველ, არამედ საერთაშორისო დამკვეთებთან და გამეგო მათი მოთხოვნების, ინტერესების შესახებ.

როგორია თქვენი დიზაინ ფილოსოფია? რა არის თქვენი ნამუშევრების მთავარი სათქმელი?

არ ვიქნები ორიგინალური თუ ვიტყვი, რომ ემოცია. ემოცია და ენერგია იმ ადამიანების, რომელთათვის ეს ადგილი იქმნება. სივრცის ათვისება ფუნქციონალურად ქმნის ზუსტად იმ სწორ ინტერიერს, რის შექმნასაც ვცდილობ ხოლმე. დროთა განმავლობაში, ემოციური მდგომარეობის ცვლილებასთან ერთად, იცვლება ჩემი დამოკიდებულებაც, ინტერესიც. მაგალითად, ბოლო პერიოდში შევამჩნიე, რომ ინსპირირებული ვარ ადგილობრივი, კონკრეტული ლოკაციისა და სივრცისთვის დამახასიათებელი ავთენტური მასალებით. თითქოს, ეს უფრო ორგანულს ხდის ამ გარემოს. საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ემოცია და ორგანულობა არის ჩემი დიზაინ ფილოსოფია.

რას გვეტყვით ქართულ არქიტექტურულ და დიზაინ სივრცეზე?

ვფიქრობ, ბევრი საინტერესო, ნიჭიერი არქიტექტორი გვყავს. გვაქვს თანამედროვე, გამორჩეული არქიტექტორული შენობებიც. არქიტექტურისგან განსხვავებით, ინტერიერში უფრო მარტივია ინდივიდუალურად სიახლეების შეტანა, რადგან არ ხარ დამოკიდებული ქალაქის იერსახეზე. თუმცა, იმავეს ვერ ვიტყოდი თანამედროვე, მშენებარე თბილისზე. მასიურად ვხდებით გაურკვეველი წარმოშობის სამშენებლო კომპანიებს, არქიტექტურის სამსახურებს, რომლებიც მშენებლობის ნებართვებს გასცემენ და არ ზრუნავენ ქალაქის იერსახეზე, ისტორიაზე, მის სწორ განვითარებაზე. ვფიქრობ, მთავარი გამოწვევა დღესდღეობით სწორედ ეს არის.

რა არის თქვენი შთაგონების წყარო და როგორ დაახასიათებდით თქვენს ხელწერას…

მოგზაურობა, გამოფენები, ახალი სივრცეები, ადამიანები, ფილმები, ფერები, რომლებიც ილექება და მერე ახალ სივრცესთან ერთად ინსპირაციის სახით ბრუნდება.

ჩემს ხელწერაზე საუბარი ალბათ ჯერ ადრეა, მაგრამ ჩემი ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია უფრო მარტივი, ურბანული, ორგანული და ნათელი სივრცეების დეტალებზე აქცენტირება.

რომელ პროექტებს გამოარჩევდით საკუთარი ნამუშევრებიდან?

სასტუმრო „მუზეუმი“ ერთ-ერთი გამორჩეული სივრცეა, რომელიც ნინო არზიანთან ერთად შევქმენი. ეს იყო ჩემთვის გამოწვევა, როგორც არქიტექტორისა და ინტერიერის დიზაინერისთვის, რადგან პროექტი საინტერესო იყო თავისი მასშტაბით, სხვადასხვა სტილისტურად და ფუნქციურად განსხვავებული სივრცეებითა და მასალით.

რას ეტყოდით თქვენი პროფესიით დაინტერესებულ ადამიანებს? ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა იწყებენ?

მქონდა ბედნიერება, მქონოდა ახლო შეხება სტუდენტებთან, რომლებიც ინტერიერის დიზაინს სწავლობდნენ  VA(A)DS -ში, თავისუფალ უნივერსიტეტში.  სტუდენტებთან ურთიერთობა, ჩემთვის დიდი მუხტისა და ენერგიის მომცემი იყო. როგორც კი ამ ახალგაზრდებს სწორ მიმართულებას და ფიქრის გასაღებს  მისცემ, იდეებისა და ინსპირაციის ფეიერვერკებს ვიღებთ.

ეს სფეროც, მსგავსად სხვა პროფესიებისა, დიდ შრომას მოითხოვს. დღეს უამრავ ინფორმაციაზე მიგვიწვდება ხელი, მათ შორის ონლაინ რესურსებზე. ახალგაზრდებს ვურჩევდი, იყვნენ თამამები და გამბედავები საკუთარ პროექტებში.

გვიამბეთ ქართველ დამკვეთებთან ურთიერთობის სპეციფიკაზე

მქონია გამოცდილება, მემუშავა როგორც ქართველ, ისე უცხოელ დამკვეთებთან. მთავარი განსხვავება ის არის, რომ უცხოელი დამკვეთი ბევრად მომზადებული და ჩამოყალიბებულია მის მოთხოვნებსა და სურვილებში. შესაბამისად, შემსრულებელმა ზუსტად იცის, თუ რა დავალება აქვს შესასრულებელი და რა მოლოდინები აქვს დაკვეთს მისგან, რაც საბოლოო ჯამში, აადვილებს მათთან მუშაობის პროცესს.

ქართველი მომხმარებელი, თითქოს ამას შენგან ელოდება. რა თქმა უნდა, ჩემთვის ქართველ დამკვეთთან მუშაობა უფრო კომფორტულია, რადგან ადვილად შემიძლია აღვიქვა ის ინტერიერში თავისი ყოველდღიურობითა და ცხოვრების სტილით. მაგრამ მათთან მუშაობა ბევრად მეტ რესურსსა და დროს მოითხოვს, რაც ხშირად მეგობრობით მთავრდება.

მოგვიყევით მიმდინარე პროექტების შესახებ

ამ ეტაპზე, ძირითადად, საცხოვრებელი სახლების ინტერიერსა და საზოგადო სივრცეებზე ვმუშაობ. ბოლო 3 წელია, ნიუ-იორკში ვცხოვრობ და ძირითადი პროექტები საქართველოში მაქვს, ალბათ ერთადერთი ვარ, ვინც ამერიკიდან საქართველოში მუშაობს. ამის გამო ხშირად მიწევს ჩამოსვლა, რაც ძალიან მახარებს, რადგან არ ვწყვეტ არა მხოლოდ ემოციურ, არამედ ფიზიკურ კონტაქტს საქართველოსთან. ამჟამად ერთ-ერთი ქართული რესტორნის ინტერიერზე ვმუშაობ ნიუ-იორკში და ვფიქრობ, საინტერესო სინთეზი იქნება. ასევე, ამ ეტაპზე ვმუშაობ არქიტექტორის ლიცენზიის მოსაპოვებლად ნიუ-იორკში, რადგან აშშ-ში ყველაფერს ლიცენზია სჭირდება.

ერთ სვეტზე აგებული სახლი ფინეთის ტყეში –  Studio Puisto-ს პროექტი

კედლის დეკორატიული პანელები ინტერიერში – სად შევიძინოთ ეს დიზაინ ელემენტი საქართველოში