დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ საკუთარ პროფესიაზე უზომოდ შეყვარებულ, ძალიან საინტერესო ადამიანს — ნინო შენგელიას, რომელი არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის ავტორი და ლანდშაფტის არქიტექტორია. მის სახელს უკავშირდება „საქართველოს ლანდშაფტის არქიტექტურის და ეკოლოგიის ასოციაციის“ (AGLAE) ჩამოყალიბება. ასევე, ნინო შენგელია გახლავთ ბუნების შემსწავლელი და საგანმანათლებლო სივრცე „ჰაბიტატის“ პროექტის თანაავტორი და გუნდის წევრი. ნინო შენგელია დღევანდელ ინტერვიუში განსაკუთრებული თხრობის მანერითა და სიყვარულით გვიყვება საკუთარი შემოქმედების, პროფესიისა და განვლილი გზის შესახებ.
ქალბატონო ნინო, გაიხსენეთ როდის დაინტერესდით პირველად ლანდშაფტითა და არქიტექტურით?
ახლა როგორც ვიხსენებ და ვაანალიზებ, ვხვდები, რომ ცხოვრება შთაბეჭდილებების, გამოცდილების, გარემოებების თანმიმდევრული ჯაჭვია. ჩემი მშობლები გეოგრაფები, ჰიდროლოგები იყვნენ. სწავლობდნენ წყლის რესურსებს. ზაფხულს ხშირად მათთან ერთად ექსპედიციებში ვატარებდი. განსაკუთრებით შოვი მახსენდება, სადაც მამა გლაციოლოგიურ ექსპედიციას ხელმძღვანელობდა და კვლევებს ატარებდა მყინვარებზე “ბუბა” და “თბილისა”. ასე რომ, ბუნება და ლანდშაფტი ჩემი ცხოვრების ორგანული ნაწილი იყო. დედას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემი ხელოვნებით დაინტერესებაში. სახლში უამრავი წიგნი გვქონდა ხელოვნებაზე, დიდი მხატვრების ნამუშევრების რეპროდუქციები. ბავშვობის საუკეთესო მოგონებების სწორედ ამ რეპროდუქციების თვალიერებას და ფიქრს უკავშირდება.
დიდი გავლენა იქონია ჩემზე თემო ჯაფარიძის შემოქმედებამაც, რომელიც ღრმა მოაზროვნე და მხატვარი იყო. თემოს შემოქმედებასთან სულ პატარა ასაკიდან მქონდა შეხება, რადგან მისი შვილი, ლელა ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. სწორედ თემომ მირჩია ფერწერის ნაცვლად არქიტექტურაზე ჩაბარება.
ასე რომ, მხატვრობა, ბუნება, არქიტექტურა — ეს ის სამყარო იყო, რომელმაც მიმიყვანა ლანდშაფტის არქიტექტურასთან. როგორც ჩანს, ყველაფერი შემთხვევაა და არაფერია შემთხვევითი.
გვიამბეთ შემდეგ როგორ განვითარდა თქვენი გზა და შემოქმედებითი ცხოვრება?
ჩვიდმეტი წლის ასაკში დავამთავრე სკოლა და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (დღეს ტექნიკური უნივერსიტეტი) ჩავაბარე არქიტექტურის ფაკულტეტზე. ჩემი სადიპლომო ნამუშევრის თემა ქუთაისის პარკი იყო. დიპლომის ხელმძღვანელი კი გია შაიშმელაშვილი გახლდათ, რომელიც იმ დროს ქუთაისის პარკის პროექტზე მუშაობდა (ესეც შემთხვევითობა იყო). ამ თემაზე შემომთავაზა სადიპლომოს გაკეთება და მეც დავთანხმდი. იმ პერიოდში (ოთხმოციან წლებში), არქიტექტურის სტუდენტებისთვის ინფორმაციის ძირითადი წყარო ტექნიკური ბიბლიოთეკა იყო. დიპლომზე მუშაობისას აქტიურად ვეცნობოდი უცხოურ ლიტერატურას ლანდშაფტის არქიტექტურაზე. პირველად ამ დროს გამიჩნდა დიდი ინტერესი და სწრაფვა ამ პროფესიის მიმართ. ხოლო 2009 წელს დიდ ბრიტანეთში ინგლისური ბაღების პროფესიული კურსი გავიარე, რამაც დიდი ინსპირაცია მომცა.
ინსტიტუტის შემდეგ მუშაობა „საქართველოს სახელმწიფო პროექტში” დავიწყე, მასშტაბურ საპროექტოში (მაშინ კერძო კომპანიები არ არსებობდა), სადაც სამშენებლო და არქიტექტურული დარგის სპეციალისტები ერთ შენობაში, ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობაში იყვნენ. ვმუშაობდი გენგეგმების განყოფილებაში, ვერტიკალურ გეგმარებაზე. მაშინ ეს ძალიან მოსაწყენ საქმედ მეჩვენებოდა, თუმცა მოგვიანებით გავიაზრე, რომ მივიღე უნიკალური გამოცდილება, რომელიც მომავალში პროფესიაში ძალიან გამომადგა.
რამდენიმე წელში სხვა განყოფილებაში გადავედი, სადაც არქიტექტურული სამუშაო ნახაზების შესრულება და მომიჯნავე სფეროს ინჟინრებთან თანამშრომლობა ვისწავლე. შემდეგ, როდესაც 1988 წლიდან ქვეყანა აირია, ჩვენ ერთი ფორმაციიდან გადავიჭერით გაურკვევლობაში და დაიწყო პოლიტიკური ტურბულენტობა. მთელი ათი წელი აღმოვჩნდით მძიმე, უიმედო ვითარებაში, როდესაც არავის ეცალა არქიტექტურისთვის, მითუმეტეს ლანდშაფტისთვის…
ასე რომ, მხოლოდ ორმოცი წლის ასაკში, როდესაც ჩემი შვილებიც ცოტა წამოიზარდნენ, დაიწყო ჩემი ლანდშაფტის არქიტექტორის კარიერა. ძალიან გამიმართლა – როგორღაც, არაჩვეულებრივი პროფესიული, ძირითადად უცხოური წიგნების და პერიოდიკის ბიბლიოთეკა დამიგროვდა. ხოლო საგნის ცოდნის გაღრმავებას პრაქტიკული გამოცდილებაც ემატებოდა.
იმ დროისთვის საბჭოთა დროიდან შემოჩენილი რამდენიმე სანერგე თუ არსებობდა. მასალა პრაქტიკულად არ გვქონდა. ჯადოქრობას ჰგავდა, როდესაც არაფრისგან რაიმეს შემექმნა მიწევდა, მაგრამ ვახერხებდი. მახსენდება ჩემი პირველი შესრულებული ბაღი — ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ოფისი იაპონურ მოტივებზე. ბაზარში ნაყიდი ჰოსტებით და უზარმაზარი დასავლეთიდან ჩამოტანილი აზალიით, ულამაზესი ქვების ლოდებით, რომლებიც ქვის კარიერზე შევარჩიე.
დაახლოებით 2005 წელს დავიწყე თანამშრომლობა ცნობილ ბიზნესმენ და მეცენატ ბადრი პატარკაციშვილთან და მის მეუღლე ინა გუდავაძესთან. ამ პერიოდში ჩემი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზების საშუალება მომეცა — პირველი სკოლის ბაღი, ოჯახის კერძო პარკი ოქროყანაში, მუსიკალური დრამის თეატრის კონცეპტუალური სივრცე და რაც მთავარია, მთაწმინდის პარკის ლანდშაფტური რედიზაინის პროექტის შემუშავება და განხორციელება. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და საინტერესო პროექტი ჩემს პორტფოლიოში, რომელსაც დიდი სიხარული და ამავდროულად დიდი ტკივილი უკავშირდება, ვინაიდან უნებლიეთ აღმოვჩნდი ამ ოჯახის ყველაზე დრამატული და ტრაგიკული მოვლენების ეპიცენტრში.
პარკი, რომელშიც ბადრიმ ჩადო არამხოლოდ უზარმაზარი ფინანსური რესურსი, არამედ გული და თბილისისადმი უსაზღვრო სიყვარული, მთავარი ეტაპის დასრულების წინ, ოფიციალურ გახსნამდე დაიკეტა განუსაზღვრელი ვადით. წელიწად-ნახევრის განმავლობაში სივრცე, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი მცენარეებით, ახლადშექმნილი პეიზაჟებით დარჩა ბედის და ბუნების ანაბარა. მებაღეებსაც აეკრძალათ ტერიტორიაზე შესვლა და მცენარეების მოვლა. მახსოვს, წვიმა მიხაროდა, იმედით გავყურებდი მთაწმინდას, ვნატრობდი, იქნებ რაიმე გადარჩენილიყო დარგული მცენარეებიდან. რაღაც მართლაც გადარჩა: დიდი ზომის ხე-ბუჩქები, ხოლო საშუალო და პატარა ზომის ბუჩქები, ბალახოვანი მრავალწლიანები — პარკის ნამდვილი სამკაული, უმოწყალოდ გახმა. იმდენად მოულოდნელად მოგვიხდა პარკის დატოვება, რომ ვერც მოვასწარი ფოტოების გადაღება, რაზეც ყველაზე ძალიან მწყდება გული.
შემდეგ, ძირითადად კერძო ბაღების პროექტებზე გავაგრძელე მუშაობა. საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსებზე მივიღე მონაწილეობა და ნომინაციაში „ლანდშაფტის არქიტექტურა, განხორციელებული პროექტები“ 2010, 2011, 2016 და 2024 წლებში მთავარი პრიზი მოვიპოვე. ბოლო პრიზი ჩემს შვილთან და კოლეგასთან, ლანდშაფტის არქიტექტორ ფარნა მარღანიასთან ერთად მივიღე. ასევე, ფარნასთან ერთად ვხელმძღვანელობ ჩვენს კომპანიას — “Shengelia Landscape Architects“-ს. რამდენიმე წლის წინ ჩამოვაყალიბეთ „საქართველოს ლანდშაფტის არქიტექტურის და ეკოლოგიის ასოციაცია“ (AGLAE). ხშირად ვესწრები ხოლმე ამ სფეროს მსოფლიო კონგრესებს და ევროპის განყოფილების ასამბლეებს, საიდანაც სამშობლოში უამრავი მასალა და, რაც მთავარია, მოტივაცია ჩამომაქვს.
თქვენი საინტერესო ნაამბობის შემდეგ, ერთგვარი გადახვევა გავაკეთოთ და მკითხველისათვის უფრო გასაგებად ავხსნათ, რას გულისხმობს ლანდშაფტის არქიტექტურა და რა განსხვავებაა მასა და ლანდშაფტის დიზაინს შორის?
ამ თემაზე რთულია მოკლე პასუხის გაცემა. პირველ რიგში, მინდა დავიწყო ლანდშაფტის არქიტექტურისა და ლანდშაფტის დიზაინის განმარტებით.
ლანდშაფტის არქიტექტურა გარემოს ორგანიზების ხელოვნებაა. ამ დარგის ობიექტია ყველაფერი, რაც ღია ცის ქვეშ არსებობს და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ადამიანის ჩარევას მოითხოვს. ლანდშაფტის არქიტექტურა აერთიანებს და ეყრდნობა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, როგორებიცაა ნიადაგმცოდნეობა, ენტომოლოგია, აგრონომია, მცენარეთა ფიზიოლოგია, ეკოლოგია. ასევე ხელოვნების სხვადასხვა სფეროს, ინჟინერიას, ტექნოლოგიებს, ფილოსოფიასა და ისტორიას. ლანდშაფტის არქიტექტურა იყენებს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ დარგს მისი მთავარი მიზნის — გარემოს დაგეგმარების მისაღწევად. ამიტომ როგორი იქნება ეს გარემო და შესაბამისად, ჩვენი ცხოვრების ხარისხი, მეტ წილად ჩვენზე, ლანდშაფტის არქიტექტორებზეა დამოკიდებული.
გარემო, ლანდშაფტი, რომელსაც ვაპროექტებთ იყოფა ორ ნაწილად: მყარი ზედაპირები (Hardscape) და გრუნტით დაფარული, ცოცხალი ნაწილი, რომელიც მცენარეებსაც მოიცავს (Soft landscape). ლანდშაფტის არქიტექტორები მუშაობენ და მართავენ ნებისმიერი მასშტაბის პროექტებს, კოორდინაციას უწევენ მომიჯნავე პროექტის მონაწილე სპეციალისტებს. მთელ მსოფლიოში ისინი ჩართულნი არიან ურბანულ დაგეგმარებაში. მათი კომპეტენციის სფეროა რელიეფის შეცვლა, პასუხისმგებელი არიან ტერიტორიის ვერტიკალურ დაგეგმარებაზე, ვინაიდან ლანდშაფტის არქიტექტორებს მიღებული აქვთ არქიტექტურული განათლებაც. ჩვენ ვაგეგმარებთ ასევე მცირე არქიტექტურულ ფორმებს და სტრუქტურულ ელემენტებს, როგორებიცაა: პერგოლები, პატიო, ხიდები, ღობეები, წყლის ელემენტები და ა.შ. ამ სფეროში უმაღლესი პროფესიული განათლება აუცილებელია.
რაც შეეხება ლანდშაფტის დიზაინს, ამ სფეროში მუშაობა არ მოითხოვს უმაღლეს პროფესიულ განათლებას და აღნიშნული დარგის არეალი მცირე კერძო პროექტების შექმნა და განხორციელების მენეჯმენტი, აივნებისა და ტერასების მწვანე დიზაინია. ამ ტიპის საავტორო კურსსაც ვუძღვები პერიოდულად.
ლანდშაფტის არქიტექტურა ძალიან კომპლექსური და რთული, მაგრამ ჩემთვის პირადად, საუკეთესო პროფესიაა. თუ ცნობისმოყვარე ხარ და სიხარულს განიჭებს ბუნების გარდა ლიტერატურასთან, ისტორიასთან, ფილოსოფიასთან შეხება, ხვდები როგორ გაგიმართლა, რომ ეს პროფესია აირჩიე. კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც ამ სფეროს მომხიბლავს ხდის არის ჩანაფიქრის რეალიზების შესაძლებლობა, რადგან შეგიძლია დაინახო წარმოსახვაში გაჩენილი ლანდშაფტის სახე ხორცშესხმული. დააკვირდე, თუ როგორ ცხოვრობს და ვითარდება გარემო, რომელიც შენს გონებაში დაიბადა. ბაღს ხომ, როგორც კარგ ღვინოს, ფასი დროსთან ერთად ედება და სადღაც სამ წელიწადში შედის სიმწიფეში, აღწევს მაქსიმალურ ადაპტაციას არსებულ ბუნებასთან და ზოგჯერ მოულოდნელი ეფექტებითაც გაკვირვებს. იმაზე უკეთესიც გამოდის, ვიდრე წარმოდგენილი გქონდა…
რა ფაქტორებია გასათვალისწინებელი ლანდშაფტის პროექტირებისას? რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ეს სფერო?
სამუშაო პროცესს ვიწყებთ ტერიტორიის შესწავლით, ტოპგადაღებით, ყველა ბუნებრივი ფაქტორის მონიშვნით. ასევე დამკვეთთან საწყისი საუბარი ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია, რადგან მისი ცხოვრების წესს და საჭიროებებს უნდა მოერგო.
მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რაც ბოლო დროს თითქმის ყველა პროექტში მხვდება, რელიეფზე არასწორად დასმული შენობა, რაც ართულებს შენობაში ადამიანის მოხვედრას. ჩვენი თავსატეხი ხდება საპროექტო რელიეფის შენობაზე მორგება, არადა პირიქით უნდა იყოს. ყველაზე სწორია, საწყის ეტაპზე, არქიტექტორმა და ლანდშაფტის არქიტექტორმა ერთობლივად იმუშაოს, რაც მომავალში არაერთი პრობლემისგან დაგვიცავს.
ხშირ შემთხვევაში, ვქმნით ბუფერულ გარდამავალ ზონას შენობასა და ლანდშაფტს შორის, რომელიც ერთდროულად არქიტექტურის და ლანდშაფტის ნაწილია. ამ დროს მთავარია, ნალექი ავაცილოთ შენობას, სწორად განვსაზღვროთ ვერტიკალური დაგეგმარება. სამწუხაროდ, ზოგჯერ საავტორო ზედამხედველობას არ ანიჭებენ მნიშვნელობას. დამკვეთი ახორციელებს პროექტს თავისი მშენებლის ხელმძღვანელობით, რომელიც ხშირად პროექტს ვერ კითხულობს და დამკვეთს არასწორი გადაწყვეტილებისკენ უბიძგებს. ამ დროს ირღვევა მთელი სქემა, რადგან ყველა ვერტიკალური თუ ჰორიზონტალური ნიშნული ჯაჭვურად არის დაკავშირებული ერთმანეთთან. საბოლოო ჯამში, შედეგს ვერ იღებ. ეს ძალიან გულდასაწყვეტია ჩვენთვის, რადგან წყალში გვეყრება ამხელა შრომა, ფიქრი, ხოლო დამკვეთი საკუთარი თავის მტერი ხდება.
ყოფილა უნდობლობის პრობლემაც, როდესაც ადამიანი 3D ვიზუალიზაციის წარდგენის მიუხედავად, ვერ ხედავს პროექტს, უჭირს პროპორციის და მასშტაბის აღქმა და ცდილობს საკუთარი ხედვის დამტკიცებას, მაგრამ საბოლოოდ, ცდება. აქ კომპრომისების წითელი ხაზის საკითხი დგება. ასეთი შემთხვევა ჩემს პრაქტიკაში იშვიათია, მაგრამ ძალიან სტრესულია და ნეგატიურ, არასასიამოვნო კვალს ტოვებს მეხსიერებაში.
გამოწვევად მიმაჩნია, როდესაც გენგეგმა, რომელიც ქალაქის განვითარების ძირითადი დოკუმენტია და რომელიც უნდა არეგულირებს ველური განაშენიანების ზრდას. სამწუხაროდ, პრაქტიკაში ვერ ხორციელდება და გენგეგმით გათვალისწინებული ზონირება ირღვევა. სამშენებლო კომპანიებისთვის სარეკრეაციო ზონის გადაკეთების უფლების მოპოვება მარტივია, რაც წინააღმდეგობაში მოდის ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებასთან. რა აზრი ჰქონდა მაშინ ქალაქის გენგეგმის შექმნას? გამოდის, რომ დაპირისპირებაა ინტერესებს შორის, რაც საზოგადოებაზე ცუდად აისახება.
თუმცა, ჩვენს სფეროში მთავარი გამოწვევა ლანდშაფტის არქიტექტურის ნაკლები ცნობადობა მგონია. ცოტამ თუ იცის, რა შედის მის კომპეტენციაში. ვინ უნდა აპროექტებდეს პარკებს, სკვერებს, ლანდშაფტურ ურბანულ სივრცეებს, რასაც ხშირად არაპროფესიონალი უძღვება. მსოფლიოში განსხვავებული მიდგომები არსებობს. ბუნების კანონების, პროფესიის სპეციფიკის, მდგრადი ლანდშაფტის პრინციპების არ ცოდნა, მათი არ გამოყენება გვაძლევს შედეგს, როდესაც “მექანიკური გამწვანება” ბუნებასთან ჰარმონიულ, ეკონომიურ და ეკოლოგიურ სწორ ლანდშაფტურ გადაწყვეტებს ანაცვლებს.
როგორია თავად თქვენი შემოქმედებითი ფილოსოფია, გვიამბეთ უფრო ვრცლად სამუშაო პროცესის შესახებ
მუშაობის პროცესი იყოფა შემოქმედებით (ყველაზე სასიამოვნო) და რუტინულ ნაწილებად. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ვისთვის ვაგეგმარებ. პროექტირებისას სულ მუდამ ფიქრობ დამკვეთზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც იცხოვრებენ ამ სივრცეში. ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში, ჩვენს პროფესიულ წარმატებას, ცოდნასა და გამოცდილებასთან ერთად, განაპირობებს სიყვარული ადამიანების, ბუნების და დიზაინის მიმართ.
საწყის ეტაპზე, სწავლობ საპროექტო სივრცეს, დიდი მნიშვნელობა აქვს შთაგონებას, რომელიც სხვადასხვა წყაროდან მოედინება შენზე, რადგან კონცენტრირებული ხარ, შინაგანი ანტენა მომართულია და იჭერს ფაქიზ იმპულსებსაც კი.
მე პირადად, ესკიზების შექმნის დროს ხშირად მუსიკას ვუსმენ, რომელიც პოეტურ განწყობას, ემოციას აღვიძებს და დიზაინში ტრანსფორმირდება, რაც უკვე შესრულებულ ნამუშევარში იგრძნობა (ყოველ შემთხვევაში მე ვგრძნობ).
დამკვეთს ამაზე წარმოდგენაც არ აქვს, რა გზას გადის შენი წარმოსახვა. როდესაც კონცეფცია და ესკიზები საბოლოოდ შეთანხმდება დამკვეთთან, იწყება სამუშაო ნახაზების შექმნის, გამოთვლების, ბიუჯეტის შედგენის რუტინული, მაგრამ აუცილებელი პროცესი. შემდგომში კი პროექტი სწორედ ამ დოკუმენტაციის საფუძველზე ხორციელდება.
მუშაობის მიმდინარეობისას აუცილებელია, რომ პროექტის ავტორი დაკვირვებული და ყურადღებიანი იყოს, რომ არ გამოეპაროს რაიმე დეტალი, რათა პროექტის განხორციელებაში ხელი არ შეეშალოს და შეცდომები თავიდან აიცილოს.
ვისაუბროთ თქვენს პროექტებზე, რომელ ნამუშევრებს გამოარჩევდით?
თითქმის 25 წლიანი მუშაობის შემდეგ თამამად ვიტყოდი, რომ ყველაზე რთული და მასშტაბური, მთაწმინდის პარკის რეაბილიტაციის პროექტი და მისი განხორციელება იყო. მითუმეტეს, რომ სრულიად მარტო ვმუშაობდი, დამხმარე არ მყავდა. ახლაც მიკვირს, როგორ მოვახერხე ეს ყველაფერი.
მნიშვნელოვანი არის ასევე “შატო მუხრანთან” ხანგრძლივი თანამშრომლობა, რომელიც დღემდე გრძელდება. ამას გარდა, ტერიტორიის ლანდშაფტური განვითარების თემაზე მუშაობა საერთაშორისო პროექტის ფარგლებში — „თბილისის სუპერბლოკები”, სადაც ესპანურ კომპანიებთან Typsa-სა და Lecu studio-თან გვქონდა შეხება. ამ პროექტით ჩვენი ერთ-ერთი ოცნება ახდა — ურბანული მდგრადი ლანდშაფტის კონცეფციაზე მუშაობა. ამავე დროს მოგვეცა შანსი ცნობილი ბარსელონას სუპერბლოკების ავტორები გაგვეცნო. გვახარებდა ჩვენი ხედვების თანხვედრა და ასევე შესაძლებლობა, რომ ჩვენი წვლილი შეგვქონდა თბილისის ლანდშაფტის ახლებური, მდგრადი განვითარების საკითხში. აუცილებლად მიმაჩნია ჩვენი აქტიური თანამშრომლობა ურბანისტებთან და ყველა პროფესიის ადამიანთან, ვინც ჩართული იქნება თბილისის განვითარების საკითხებში.
რადგან თბილისის ლანდშაფტის არქიტექტურა ახსენეთ, ვისაუბროთ, ზოგადად, რა მდგომარეობაა ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში? განვითარების რა ეტაპზეა ეს სფერო?
საქართველოში ამ მხრივ რთული მდგომარეობაა, ვართ ძალიან ცოტა მოქმედი ლანდშაფტის არქიტექტორი. საგანმანათლებლო სისტემა არ აკმაყოფილებს მსოფლიო სტანდარტებს. ამ სფეროს განვითარების მიზნით, ჩამოვაყალიბეთ ლანდშაფტის არქიტექტორთა ასოციაცია — AGLAE, რომელმაც უნდა იმუშაოს პროფესიის განვითარების საკითხებზე. წელს დავიწყეთ „ევროპის ლანდშაფტების კონვენციის“ საკითხებზე მუშაობა და პოპულარიზაციის მიზნით, აპრილში მოვახერხეთ კონვენციასთან დაკავშირებულ მომიჯნავე პროფესიონალებთან ძალიან საინტერესო შეხვედრის ორგანიზება, რასაც მომავალშიც ვაპირებთ. საერთაშორისო კონგრესებზე და შეკრებებზე მონაწილეობა ძალზე საჭიროა, რადგან სწორედ იქ გრძნობ, რამდენად ჩამოვრჩებით განვითარებული სამყაროს. ცალკეული პროფესიონალების ძალისხმევა ამ შემთხვევაში არ ცვლის საერთო სურათს.
ამ ეტაპზე თბილისში პერიოდულად ვატარებ ლანდშაფტის დიზაინის კურსს. ძალიან მალე კი ლაგოდეხის ნაკრძალთან გავხსნით ბუნების შემსწავლელ საგანმანათლებლო სივრცეს და კამპუსს „habitat“-ს. კურსების განმავლობაში სტუდენტები „ჰაბიტატის“ კამპუსში იცხოვრებენ და თეორიული და პრაქტიკული გზით შეიმეცნებენ ისეთ ბუნებასთან დაკავშირებულ საკითხებს, როგორიცაა ლანდშაფტის დიზაინი, მებაღეობა, ეკოლოგია და სხვა. გარდა ამისა, „ჰაბიტატში“ ჩავატარებთ მასტერკლასებს, ლექციებს, ვორქშოფებს და კონფერენციებს ლანდშაფტის და ეკოლოგიის თემებზე. სამომავლოდ ვგეგმავთ ლანდშაფტის არქიტექტურის სპეციალური პროგრამის შემუშავებას ამ სფეროთი დაინტერესებული არქიტექტურის სტუდენტებისთვის.
როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა ამ პროფესიისადმი დამოკიდებულება წლების განმავლობაში და რამდენად გაიზარდა მასზე მოთხოვნა?
მოთხოვნა გაზრდილია, მეტი ადამიანი ინტერესდება ამ სფეროთი. სწორედ ეს იყო „ჰაბიტატის“ შექმნის ერთ-ერთი მიზეზიც. „ჰაბიტატის“ ლანდშაფტის დიზაინის სტუდენტებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა კამპუსის ბაღის განხორციელების პროცესში. ვფიქრობ, ეს კურსი, რომელიც თეორიულთან ერთად პრაქტიკულიც იქნება, დიდ სტიმულს მისცემს ადამიანებს, რომ ამ პროფესიაში განვითარება გააგრძელონ. გარდა ამისა, მომავალში ვგეგმავთ კონგრესებისა და ფესტივალების მოწყობას, რაც აუცილებლად ხელს შეუწყობს ამ სფეროს წინსვლას და პოპულარიზაციას.
რა არის ყველაზე მთავარი თქვენს პროფესიაში? რას ურჩევდით ამ სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს?
ლანდშაფტის არქიტექტურა, როგორც ხელოვნების, ინჟინერიის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გამაერთიანებელი პროფესია, საბოლოო ჯამში, ემსახურება ადამიანისთვის კომფორტული, ბუნებასთან ჰარმონიული, ჯანსაღი გარემოს შექმნას. ასე რომ, მთავარი, განვმეორდები, ბუნებისა და ადამიანების სიყვარულია. ეს პროფესია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, საჭირო და შეუცვლელი საქმიანობაა, რაც მთავარია საოცრად საინტერესო და შემოქმედებითი.
ახალგაზრდებს, ვინც აირჩევს ამ სფეროს ვურჩევდი, იყვნენ მუდამ ცნობისმოყვარე და დაუზარელი ინფორმაციის მოპოვებაში. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საქმიანობა ხდება შენი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი, როდესაც პერფექციონიზმი, რომელიც ასე გტანჯავს, შენი ხასიათის თვისებაა, მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი გახდე პროფესიონალი ნებისმიერ საქმეში.
დაბოლოს, გვიამბეთ ამჟამინდელ და სამომავლო გეგმებზე
ამჟამად ვმუშაობთ რამდენიმე კერძო სახლის ბაღზე და ასევე კვლავ “შატო მუხრანის” ლანდშაფტის განვითარების კონცეფციაზე. ამ ეტაპზე მთავარი ჩვენი საქმიანობა სასწავლო სივრცის, „Habitat“-ის გახსნას უკავშირდება. აღნიშნული პროექტის დამკვეთები და შემსრულებლებიც ჩვენ ვართ, რაც პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის. კამპუსის ბაზაზე ბევრი ბუნებასთან დაკავშირებული პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ, რაზეც უკვე მალე „ჰაბიტატის“ სახელით შეიტყობთ.