სოფელი ნიქოზი ქართლის შუაგულში, ქალაქ ცხინვალის გვერდით, მის მომიჯნავედ მდებარეობს. მან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ცეცხლიც გამოიარა, რომლის შედეგადაც ნიქოზსა და ცხინვალს შორის თხრილი და მავთულხლართებია გავლებული. ნიქოზსა და ცხინვალში მცხოვრები, მონათესავე ხალხი ამჯერად ერთმანეთს ვერ ხვდება და შორიდან ერთმანეთის სახლებსღა შეჰყურებს…
ომისა და ნგრევის შემდეგ საერთაშორისო თუ ადგილობრივი გულშემატკივრების დახმარებით ნიქოზში ბევრი რამ გაკეთდა: გაზიფიცირება, წყალმომარაგება, სარწყავი არხი, სოფლის ამბულატორია, გზა, ხელოვნების სკოლის დაარსება და სხვა საქმეები. თავის მხრივ, ხელოვნების სკოლის ინიციატივით 2011 წელს საფუძველი ჩაეყარა ყოველწლიურ კულტურულ ღონისძიებას: „ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი – ნიქოზი“. ფესტივალი დღემდე ტარდებოდა ნიქოზის საეპისკოპოსო სასახლეში (IX-X სს.), რომელიც 150 ადამიანზე მეტს ვერ იტევდა, ხოლო სხვა ადგილი მსგავსი საქმიანობისათვის ნიქოზში არ არსებობდა. ამიტომ სულ იყო ფიქრი და გზების ძიება, რომ ხელოვნების სკოლის, ფესტივალისა და სხვა კულტურული ღონისძიებებისათვის სპეციალური ნაგებობა აშენებულიყო…
ნიქოზში “ხელოვნების სახლის“ აშენების იდეით ხელისუფლებაც დაინტერესდა და მისი დახმარებით „ნიქოზის ხელოვნების სახლის“ არქიტექტურული პროექტის შესაქმნელად კონკურსი გამოცხადდა. კონკურსმა არქიტექტორთა შორის დიდი ინტერესი გამოიწვია – 84 გუნდი და 200-ზე მეტი არქიტექტორი დარეგისტრირდა. საბოლოოდ ჟიურიმ არჩევანი 36 ნამუშევარს შორის გააკეთა, შედგა დისკუსია და გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი – IAMAC: ალექსანდრე ზვიადაური, სუხა ზვიადაური, გიორგი ჩიქოვანი, ლადო აფანასიევი.
დიდი მნიშვნელობა აქვს ნიქოზში „ხელოვნების სახლის“ მშენებლობას – ისეთი კულტურული სივრცის შექმნას, სადაც შესაძლებელი გახდება შიდა თუ საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება. ეს ყველაფერი თქმაა იმისა, რომ ქვეყანას მშვიდობა უნდა, რომ მიმართულია შერიგების, თანამშრომლობისა და განვითარებისაკენ. სოფელი, რომელიც განაპირა სოფლად ითვლება, შესაძლებელია, თანდათანობით გახდეს ძალზე მიმზიდველი არა მარტო შინაურებისათვის, არამედ – უცხოელებისა და მეზობლებისთვისაც. ეს ევროპისაკენ მიმავალ გზაზე სიარულია და, შესაბამისად, საკუთარ სახლში და საკუთარ თავთან დაბრუნებაა!
წარმოგიდგენთ კონკურში გამარჯვებულ და წარდგენილ სხვა პროექტებს:
I ადგილი – გუნდი: IAMAC -ალექსანდრე ზვიადაური, სუხა ზვიადაური, გიორგი ჩიქოვანი, ლადო აფანასიევი
II ადგილი – გუნდი: About Architecture – ვანო ქსნელაშვილი, ნიკა მაისურაძე, ანასტასია ნიკიტინა
III / IV ადგილი – დავით ავალიშვილი
III/ IV ადგილი – გუნდი: DMARK – ალექსანდრე კაციტაძე, რევაზ ქეშელაშვილი, დიმიტრი მოძმანიშვილი
V ადგილი – გუნდი: თბილისის არქიტექტურული ბიურო – ბექა ნიკიფი, თორნიკე კუბლაშვილი, გიორგი ჯვარშეიშვილი
ვანო სუჯაშვილი, ირაკლი ფანჩულიძე