in

7 რამ, რაც ნებისმიერ ინტერიერს გააფუჭებს

დღეს ვისაუბრებთ იმ შეცდომებზე, რომლებსაც თავი აუცილებლად უნდა აარიდოთ, თუ გსურთ, რომ თქვენი ინტერიერი გემოვნებიანად გამოიყურებოდეს.

სარკე ჭერზე

ჭერზე სარკის დამონტაჟება უგემოვნობის ნიშნია, ზოგ ადამიანს კი საწოლის ზემოთ სარკის მოთავსება ძალიან მოსწონს. ეს არა მხოლოდ არაპრაქტიკულია, არამედ სახლის მეპატრონის ცუდ გემოვნებას უსვამს ხაზს და ოთახში ვულგარულ გარემოს ქმნის. თუ გსურთ, რომ საძინებელში სარკე გქონდეთ, შეგიძლიათ ლამაზ ჩარჩოში ჩასმული დიდი სარკე გამოიყენოთ, ან საწოლის თავთან არსებული კედლის ნაწილი სარკედ აქციოთ – ეს ოთახს ვიზუალურად გაადიდებს და სივრცეს გაანათებს.

პლუშის სათამაშოების კოლექცია

დიდი რაოდენობით პლუშის სათამაშოების გამოყენება მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახლში პატარა ბავშვი გყავთ. მაგრამ თუ თქვენი ბავშვი უკვე დიდი ხანია გაიზარდა და სახლის თაროები ჯერ კიდევ პატარა დათვებითა და ვარდისფერი კურდღლებით არის სავსე, მაშინ დროა საქმეს შეუდგეთ. საუკეთესო ვარიანტი ამ სათამაშოების შეგროვება და საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის, ან შვილებიანი მეგობრებისთვის გადაცემა იქნება. უფროსი ადამიანების ბინაში, საბავშვო სათამაშოები, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურად გამოიყურება. არსებობს ერთი გამონაკლისი: საავტორო საკოლექციო სათამაშოები.

ყალბი ნივთები

ცნობილი ბრენდის ავეჯის ყალბი ვერსიების ან ცნობილი ნახატების რეპროდუქციის ინტერიერში გამოყენება უგემოვნობის ნიშანია. ნებისმიერი ყალბი ნივთი მაშინვე იპყრობს ყურადღებას და თქვენს არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს. გარდა ამისა, ასეთი პროდუქცია უხარისხო მასალისგან არის დამზადებული და ხშირად მათი გამოყენება სახიფათოც კია. ამიტომ, კარგად დაფიქრდით, სანამ იყიდით ყალბ, იაფფასიან სანათს, რომელმაც, შესაძლოა, თქვენს სახლში მოკლე ჩართვა და ხანძარი გამოიწვიოს.

ჭუჭყიანი, გაცვეთილი და დახეული გადასაკრავი მასალა

მოდურ, ვინტაჟურ მოდელებს ძველ, მოუვლელ და გაცვეთილ ავეჯში ნუ აურევთ. ასეთი დივნები და სავარძლები საშინლად გამოიყურება და მთლიანი ინტერიერის ღირებულებას მნიშვნელოვნად ამცირებს. სწორი გამოსავალი იქნება რბილი ავეჯის რეგულარულად გაწმენდა ან თუნდაც გადასაკრავი მასალის გამოცვლა. შეგიძლიათ თქვენი ძველი დივნისთვის ახალი, ელეგანტური გადასაკრავი ქსოვილი შეიძინოთ და მეტი სიახლისთვის ის სეზონების მიხედვით გამოცვალოთ.

გაბზარული და გატეხილი ჭურჭელი

გარდა იმისა, რომ გაბზარული ჭურჭელი არასასიამოვნოდ და იაფფასიანად გამოიყურება, არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მასზე უარი უნდა თქვათ: ექსპერტები თვლიან, რომ ასეთი ჭურჭელი ჩვენს საკვებში მძიმე მეტალების მარილების და მავნე ბაქტერიების მოხვედრას უწყობს ხელს, რაც ჩვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებს.

თუ თქვენთვის რომელიმე საოჯახო ჭურჭელი ძალიან მნიშვნელოვანია, შეგიძლიათ იაპონელებს მიბაძოთ და კინცუგის უძველესი ტექნიკა გამოიყენოთ. მისი არსი არის არა ბზარების და ნატეხების შენიღბვა, არამედ მათი წარმოჩენა, რადგან ეს ყველაფერი ობიექტის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ამისათვის იაპონელები ოქროს, ვერცხლის ან პლატინის ფხვნილში შერეულ სპეციალურ ფისოვან ლაქს იყენებენ, რომლითაც ჭურჭლის ფრაგმენტებს ამაგრებენ და გატეხილ ჭურჭელს მეორე სიცოცხლეს ჩუქნიან. შედეგად, ხელოვნების ნამდვილი ნიმუშები იქმნება.

მრავალდონიანი ჭერი 2000-იანი წლების სტილში

გასაჭიმი ჭერი და ყველა სახის განათებული, მრავალდონიანი კონსტრუქცია 2000-იან წლების დასაწყისში მოდურ გადაწყვეტად ითვლებოდა. ახლა ასეთი ჭერი, რბილად რომ ვთქვათ, მოძველებულად გამოიყურება და მხოლოდ ზოგიერთი საჯარო სივრცისთვის არის შესაფერისი.

თუ ნამდვილად გსურთ, რომ ბინაში არაორდინალური ჭერი გქონდეთ, შეგიძლიათ ის ფერადი გახადოთ.

საბჭოთა კედლის კარადა

საბჭოთა პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული იყო კედლის კარადა  (ე. წ. „სტენკა“) – კომპლექტი, რომელშიც შედიოდა გარდერობი, წიგნების კარადა, ბუფეტი სარკით და, როგორც წესი, ბარი ანჯამებიანი კარით. დღესდღეობით ასეთი ავეჯი აღიქმება, როგორც წარსულის რელიკვია. გარდა ამისა, ის დიდი, მოუხერხებელი და ნაკლებად ფუნქციონალურია. შესაბამისად, ამ ტიპის საბჭოთა გადმონაშთის ჩანაცვლება იმავე ფუნქციის მქონე, მაგრამ ბევრად მიმზიდველი ავეჯით ჯობია.

Stuart Silk Architects-ის მიერ დაპროექტებული ტბისპირა სახლი ამერიკაში

“მოხუცი პროფესორის სახლი” ბათუმში – ელენე სხვიტარიძის ნამუშევარი