in

ნივთების გადატანა არასდროს ყოფილა ასეთი მარტივი!

ახალ სახლში გადასვლის ამაღელვებელი მომენტი ყველასთვის თუ არა, ბევრისთვის ნამდვილად ნაცნობი ემოციაა. მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი ფართის შეცვლის მიზეზები სრულიად განსხვავებული შეიძლება იყოს ყველასთვის, ერთი რამ უცვლელია ნებისმიერ სიტუაციაში: წლების შედეგად ნაგროვები ნივთები საჭიროებენ ახალ მისამართზე გადატანას და თანაც შეზღუდულ დროში. შესაბამისად, ეს პროცესი საკმაოდ დამღლელი და სტრესულია. თუმცა, ჩვენ აღმოვაჩინეთ კომპანია, რომელიც ამ მხრივ ყველა პრობლემის მოგვარებას გვპირდება. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ “გუდას” დამფუძნებელს – ირინა ალიაშვილს გავესაუბრეთ.

– ირინა, მოგვიყევით, როგორ გაჩნდა “გუდა”. საიდან წამოვიდა ეს იდეა?

– საქმე ისაა, რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში მე და ჩემმა ქმარმა გამოვიცვალეთ ზუსტად 6 საცხოვრებელი. შესაბამისად, გადასვლიდან გადასვლამდე ჩაბარგება-ამობარგების მეთოდებს თავად ვხვეწდით ჩვენივე მაგალითზე. თუკი პირველი ჩაბარგების მერე დავკარგეთ უამრავი ნივთი, არ ვიცოდით რომელ ყუთში რა გვედო და მეტიც, რა როგორ შეგვეფუთა ისე, რომ სწრაფად ჩავლაგებულიყავით და მერე მარტივად ამოვლაგებულიყავით; ბოლო გადასვლაზე ზუსტად 2 დღე დაგვჭირდა, თან, გაითვალისწინეთ, რომ ნივთბი ამ ბოლო 7 წლის განმავლობაში უფრო მეტი დაგვიგროვდა.

ბოლოს, როცა მორჩენილი ძველი ნივთები დავახარისხე გადასაყრელად ან დასარიგებლად, ზუსტად 5 წუთში სანამ სახლამდე მოვაღწევდი, მოვიფიქრე ამ სერვისის მთელი კონცეფციაც: მშვიდობიანად აიკარი გუდანაბადი „გუდასთან“ ერთად!

– კონკრეტულად რა ტიპის მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებელს და ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია?

– ჩემივე საჭიროებიდან გამომდინარე, გუდას სერვისები დავყავი შემდეგ პაკეტებად: ესაა ნივთების დახარისხება-ჩალაგება; ავეჯის შეფუთვა-გადატანა; ამოლაგება და დალაგება (სურვილისამებრ) და ძველი და ახალი სახლების დალაგება – ეს ბოლო იმ შემთხვევაში, თუკი ჩემსავით ვინმე ნაქირავებ ბინას ცლის და ახალში გადადის.

გუდას სამიზნე აუდიტორია ძალიან მარტივი და კონკრეტულია: ყველა, ვინც ბინას ცლის და სხვაგან გადადის. თუმცა, ცხადია აქაც შეიძლება ჩაიშალოს: სტუდენტს, რომელიც მხოლოდ თავისი პირადი ნივთებით გადადის, არ დავჭირდებით. თუმცა ოჯახს, რომელსაც ავეჯიც აქვს, ჭურჭელი, პატარა ბიბლიოთეკა და უამრავი სათამაშოც, დიდი შანსია, რომ ვჭირდებოდეთ.

– რა სპეციფიკა აქვს თქვენს საქმიანობას? შეგიძლიათ ისაუბრობთ იმ მთავარ გამოწვევებზე, რომლებიც ნივთების გადაადგილებას ახლავს თან?

სპეციფიკიდან გამოვყოფდი შემდეგ პუნქტებს:

  1. უსაფრთხოება: ძალიან რთულია, გაუფრთხილდე სხვის ძვირფას ნივთებს: ეს შეიძლება იყოს ძველებური ჭურჭელი, სამახსოვრო სუვენირები, ნახატები, მცენარეები.
  2. დაცვა: დამკვეთისგან ვითხოვთ, რომ ჩვენს ბინაში შემოსვლამდე უკვე გატანილ-დაბინავებული ჰქონდეს ძვირფასი ნივთები: ეს შეიძლება იყოს სამკაულები, ქეში (არ ვიცი, შეიძლება ვინმე კიდევ ინახავს სახლში ნაღდ ფულს) და ამგვარი რამეები, რისი დაკარგვის პასუხისმგებლობასაც მე ვერ ავიღებ.
  3. ორგანიზება: შეგიძლია მოხვიო ხელი ყველა ნივთს და ბოლოსდაბოლოს ყველასთვის თითო ყუთი იყიდო და ასე გადაიტანო, თუმცა ძალიან რთულია ამ ყველაფრის ორგანიზება. აუცილებელია, რომ დამკვეთმა იცოდეს, რა უდევს ამა თუ იმ ყუთში, რომ ერთი ჩანგლის ან საყვარელი ყავის ჭიქის საძებრად ყველაფერი არ გახსნას.

ესაა სამი მნიშვნელოვანი პუნქტი, რისი შესრულებაც ძალიან საპასუხისმგებლო რამეა.

– როგორ შეაფასებთ ქართულ ბაზარს ამ მხრივ? თქვენი აზრით, არის თუ არა ქართველი მომხმარებელი მზად ამ მომსახურების მისაღებად და რამდენად მოთხოვნადია ის ამ ეტაპზე?

– სხვათა შორის, 2 დღით ადრე გავიგე, რომ ერთ-ერთ, საკმაოდ ცნობილ კომპანიას, აქვს მსგავსი სერვისი, თუმცა ამის შესახებ არც მე და არც – ხალხმა, როგორც ჩანს, არ იცის. ბაზრის მოთხოვნის შესასწავლად პირველ ეტაპზე ძალიან დამეხმარა ფეისბუქის ჯგუფები: რემონტის და ბინების ყიდვა-გაყიდვის ჯგუფებში ხშირად ითხოვენ მსგავს სერვისს.

ბაზრის კვლევისთვის სასარგებლო ინფორმაციის მიღება შეიძლება ასევე გადამზიდი კომპანიებისგან და ბრიგადებისგანაც: დღეში, საშუალოდ, 5-6 ბინას ცლის ერთი კომპანია, 5-6 კლიენტისგან კი ერთი მაინც კითხულობს, არის თუ არა ასეთი მომსახურება საქართველოში.

– საინტერესოა თუ როგორ ხდება “გუდას” მომსახურების საფასურის დადგენა. რაიმე ფიქსირებული ტარიფი არსებობს თუ ინდივიდუალურად ხდება ფასის განსაზღვრა?

-„გუდას“ მომსახურებისთვის ფიქსირებული ტარიფი არ არსებობს. ფასი რამდენიმე კომპონენტზეა დამოკიდებული:

  1. რამდენი კვადრატულია ბინა
  2. ოჯახის რამდენი წევრი ცხოვრობს ბინაში? (საშუალოდ, ერთ ადამიანზე იანგარიშება 10-15 ყუთი)
  3. რომელ სართულზეა დასაცლელი ბინა, რამდენად შორს გადადის და რომელ სართულზეა ახალი ბინა
  4. არის თუ არა დასახარისხებელი, დასაორგანიზებელი და გასატანი ძველი ნივთები (შეიძლება ვიღაცას აღარ სჭირდებოდეს ბავშვის დაპატარავებული ტანსაცმელი ან ძველი სათამაშოები, გადაყრაც ენანება ცხადია და სურს, ვინმეს მისცეს, მაგრამ არ იცის, ვის)
  5. ბოლოს უკვე განისაზღვრება დამატებითი სპეციფიკაციები: მცენარეების, ნახატების, დიდი სარკეების, ანტიკვარული ნივთების შეფუთვა-გადატანაც მოქმედებს ფასზე, ბუნებრივია.

– როგორ ფიქრობთ, რას შეცვლის “გუდა” ქართველი მომხმარებლის ყოველდღიურობაში?

– პირველ რიგში, უნდა ვთქვა ის, რომ ეს ყოველდღიური სერვისი ვერ იქნება, წელიწადში ერთხელ უკვე საკმარისზე მეტია.

ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დიდი კომფორტი. მე თვითონ ვიქნებოდი ასეთი სერვისის პირველი მომხმარებელი, თან, როგორც აღმოჩნდა, ყოველწლიურად.

რამდენადაც ბინის შეძენა ძალიან დიდი სიხარული და სასიამოვნო მოლოდინია, იმდენად დამღლელი და რუტინული პროცესია ნივთების ჩალაგება და გადატანა. ადამიანები მუშაობენ, შაბათ-კვირას კი შვილებთან ან მეგობრებთან სურთ დროის გატარება. ასეთ დატვირთულ რეჟიმში კი „გუდას“ სერვისი დამატებითი კომფორტია.

ქალაქების გეგმარება ზემოდან

სახლი სადაც სამი თაობა ერთად ცხოვრობს