მოქანდაკე ისამუ ნოგუჩის მიერ შექმნილი ყავის მაგიდა XX საუკუნის საკულტო დიზაინად იქცა. ნოგუჩი 1904 წელს, ლოს-ანჯელესში დაიბადა და 22 წლის ასაკში მოქანდაკეობა დაიწყო. 1927 წელს მან ლეონარდო და ვინჩის ხელოვნების სკოლა დაამთავრა და სწორედ ამ პერიოდში დაიწყო მისი და ავეჯის კომპანიების ისტორია, როდესაც საცხოვრებლად პარიზში გადავიდა.
ნოგუჩიმ ბევრი იმოგზაურა და მთელს მსოფლიოში დაგროვილი შთაბეჭდილებები საკუთარ ნამუშევრებში გააერთიანა. მოქანდაკე იყენებდა ისეთ მასალებს, როგორიცაა ქვა, ლითონი, ხე და სხვადასხვა რბილი ქსოვილები.
მისი ლეგენდარული მაგიდის ისტორია 1939 წელს დაიწყო, როდესაც ის სარეკლამო კამპანიის გადასაღებად ჰავაიზე გაემგზავრა. მოგზაურობისას ნოგუჩი შეხვდა ბრიტანელ დიზაინერს, რომელმაც თავისი სახლისთვის ყავის მაგიდის დიზაინის შექმნა სთხოვა. ნოგუჩიმ შექმნა პატარა მაგიდა და ესკიზი დიზაინერს აჩვენა, რომელმაც მოქანდაკესთან ყველანაირი კონტაქტი შეწყვიტა.
ამ ამბიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ნოგუჩიმ თავისი დიზაინით შექმნილი მაგიდა ავეჯის ერთ-ერთი კომპანიის რეკლამაში ნახა და მიხვდა, რომ მისი იდეა მოიპარეს, რის გამოც მაგიდის საკუთარი, უფრო დახვეწილი და ფუნქციური ვერსია შექმნა. საბოლოო ვერსიამ ნოგუჩის აღიარება და დიდება მოუტანა.
მაგიდას 19მმ სისქის შუშის ზედაპირი აქვს, მომრგვალებული კუთხეებითა და ორი იდენტური ხის ელემენტით, რომლებიც ერთმანეთზე სიმეტრიულადაა მორგებული. მიუხედავად მარტივი დიზაინისა, ნოგუჩის მაგიდა XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ავეჯი გახდა.
მაგიდა შედგება ორი ხის ფეხისგან, რომლებიც ერთ გარკვეულ წერტილში იკვეთებიან. ეს დიზაინი უზრუნველყოფს სტაბილურ საფუძველს მძიმე მინის ფირფიტისათვის. როდესაც მაგიდის პირველი დიზაინი ავეჯის მაღაზიებში გამოჩნდა, ის ხელმისაწვდომი იყოს კაკლის, არყის და ალუბლის ხის მასალებში.
1973 წელს მაგიდის წარმოება შეწყდა და ყავის მაგიდა სანატრელ ნივთად იქცა, თუმცა სულ რაღაც შვიდი წლის შემდეგ მისი წარმოება შეზღუდული ტირაჟებით განახლდა. 2003 წელს, მაგიდა, რომელიც ნოგუჩიმ 1950 წელს შექმნა, დაახლოებით 9000 დოლარად გაიყიდა.
დღესდღეობით მაგიდა მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია, თუმცა მას საკმაოდ მაღალი ღირებულება აქვს – ფასი დაახლოებით 2000$-დან იწყება.