in

ისტორიული შენობა განახლებული სულით – NS STUDIO-ს ქუთაისის ოფისი

დღევანდელ სტატიაში „NS Studio“-ს სამუშაო ოფისს გაგაცნობთ, რომელიც ქუთაისში, ჯიბლაძის N11-ში, ძველ, ისტორიულ შენობაში მდებარეობს.

საპროექტო დავალება გულისხმობდა „NS Studio“-ს თბილისის ოფისთან ერთგვარი კავშირის დამყარებას. ეს უკანასკნელი ასევე ძველ შენობაშია მოწყობილი და მასში თავდაპირველი, ძველი ბუხრები და იატაკის ხის საფარია შენარჩუნებული, რაც სამუშაო გარემოს ავთენტურს ხდის.

ქუთაისის შენობის ისტორიული არქიტექტურის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი იყო ავთენტური გარემოსა და დეტალების შენარჩუნება, ამიტომ პროექტს რესტავრაცია-განახლება ჩაუტარდა.

„ქუთაისთან, როგორც ქალაქთან, ძალიან ემოციური დამოკიდებულება გვაქვს და მიგვაჩნია, რომ მას დიდი პოტენციალი აქვს განვითარების კუთხით ისე, რომ არ დაიკარგოს ავთენტური და კულტურული ღირებულებები. როდესაც ქუთაისის რამდენიმე პროექტზე დავიწყეთ მუშაობა, გაძლიერდა სურვილი, ამ ქალაქთან მეტი ბმა გვქონოდა და მეტად შეგვეტანა წვლილი მის განვითარებაში“, —აღნიშნავს, ნინი ჭანტურია, NS Studio-ს დამფუძნებელი.

როგორც ნინი გვიამბობს, 2022 წელს, თანამშრომლებთან ერთად დაგეგმილი ტურის დროს, ქალაქში სეირნობისას, სრულიად შემთხვევით, ერთ შენობას წააწყდნენ, რომელმაც დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. აღმოჩნდა, რომ ამ ნაგებობაში სივრცე ქირავდებოდა, ამიტომ, ბევრი აღარ უფიქრიათ და სწორედ აქ გადაწყვიტეს სამუშაო ოფისის მოწყობა.

„2022 წლის ბოლოს დავიწყეთ სარემონტო სამუშაოები. თუმცა ეს ყველაფერი ვერ განხორციელდებოდა, რომ არა მარიამი, ჩვენი თანამშრომელი, რომელიც ამ დროისთვის თბილისის ოფისში მუშაობდა და თავის მშობლიურ ქალაქში სურდა დაბრუნება. სწორედ ამან გადაგვაწყვეტინა  მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა და 2023 წლის მაისიდან მარიამი, კიდევ ორ ადგილობრივ არქიტექტორთან ერთად, ქუთაისის ფილიალს უძღვება. სტუდიის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ  თანამშრომელი, რომელიც იქ დასაქმდება, აუცილებლად ადგილობრივი იყოს. ვფიქრობთ, ამ პატარა ნაბიჯით მცირე წვლილი შეგვაქვს როგორც  სამუშაო ადგილების გაზრდაში ქუთაისში, ასევე მიგრაციის შეჩერებაში“, — აცხადებენ „NS Studio“-ში.

მინიმალური ჩარევებითა და რამდენიმე სახასიათო ფერის შემოტანით, სივრცეს რესტავრაცია ჩაუტარდა და განახლდა, რამაც საკმაოდ მშვიდი და მყუდრო გარემო ჩამოაყალიბა.

შენარჩუნდა და ახლებური სიცოცხლე შეიძინა არსებულმა კარებმა და დეკორირებულმა ფანჯრებმა, რომლებიც ახალი სივრცის მნიშვნელოვან ელემენტად იქცა.

ცენტრალურ ოთახში მოეწყო საერთო სამუშაო კუთხე, ხოლო მომიჯნავედ მცირე სათათბირო ოთახი, მზიანი მოსასვენებელი ზონა და პატარა სამზარეულო დაპროექტდა.

კედელზე გამოყენებულია NS Product-ის ზიგ-ზაგ თაროები. ასევე, კონკრეტული სივრცეებისთვის დამზადდა მაგიდები.

Ton-ის ფერადი სკამებითა და ვინტაჟური განათებით კი საერთო სურათი შეიკრა, რაც კიდევ უფრო ცოცხალსა და გამორჩეულს ხდის სტუდიის ინტერიერს.

პროექტის ავტორი: ნინი ჭანტურია

არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სტუდია: NS Studio

გამოყენებული მასალები:

შემრევები: VitrA Georgia

განათება: „Element“; „Antiquita“

ავეჯი: „NS Product“; „Ton“

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: Grigory Sokolinsky

ვარდისფერი სამზარეულო – იდეები შთაგონებისთვის

თქვენი ინტერიერის საიდუმლო ინგრედიენტი – როგორ ცვლის კარი სახლის ვიზუალს?