დღეს ინტერიერის დიზაინის სტუდია „SAMI_“-ის კიდევ ერთ ახალ პროექტზე, SMARTSOFT Gaming-ის ოფისზე გიამბობთ, რომელიც ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარეობს. ობიექტის საერთო ფართობი 1640 მ2-ია. საპროექტო დავალება ისეთი სივრცის შექმნას გულისხმობდა, რომელიც ინტერიერის დიზაინის თანამედროვე სტანდარტებსა და ღია გეგმარებით გადაწყვეტას დაეფუძნებოდა. აუცილებელი იყო თანამშრომლებისთვის დამატებითი სამუშაო ოთახებისა და მოსასვენებელი/სასადილო სივრცეების მოწყობა; დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ე. წ. „ბორდრუმის“ (სივრცე მაგიდის ირგვლივ) შექმნას ქართული შტრიხებით, რადგან ეს ადგილი უცხოელი სტუმრების მასპინძლობისთვისაა განკუთვნილი.
პროექტის ავტორების თქმით, გეგმარებით გადაწყვეტაზე მუშაობისას მთავარი სირთულე 170 სამუშაო ადგილის ღია და ცალკეულ სამუშაო სივრცეებში ისე გადანაწილება იყო, რომ თითოეული ზონა – მაქსიმალურად კომფორტული, სამივე სართული კი რაციონალურად ათვისებული ყოფილიყო.
გეგმარების შედეგად, I სართულზე განთავსდა სამუშაო სივრცე ღია გეგმარებითი გადაწყვეტით, II სართულზე – სამუშაო ოთახები და კაფე თანამშრომლებისთვის, III სართულზე კი მოეწყო შეხვედრებისთვის განკუთვნილი ზონები ე. წ. „ბორდრუმით“.
სტუდია „SAMI_“-ის გუნდის აზრით, ინტერიერის გამორჩეული იერსახე ორი დომინანტური ფერის – ნარინჯისფრისა და მწვანის კომბინაციით იქმნება, რომელიც თითქმის ყველა ზონაში მეორდება და სივრცის ერთიანობას განსაზღვრავს. მნიშვნელოვან ადგილს იკავებს „ბორდრუმის“ ნაწილში გამოყენებული ასომთავრული დამწერლობაც, რომელიც ბეტონის ფილაზეა ამოტვიფრული და შთამბეჭდავად გამოიყურება.
ინტერიერში ვხვდებით სხვადასხვა გეომეტრიული ფორმისა და ფერის ბეტონის ფილებს. „ბორდრუმის“ ზონაში გამოყენებულია აგური არასტანდარტული წყობით, ჭერი კი ხითაა მოპირკეთებული. ბეტონისა და ხის ჰარმონიული სინთეზი ოთახს სიმყუდროვეს სძენს. სამუშაო სივრცის ძირითად აქცენტები ბეტონი, პერფორირებული შეკიდული ჭერი, რბილი იატაკი და ორი დომინანტური ფერია. აღსანიშნავია „აკუსტიკური ოთახებიც“, რომლებიც ობიექტის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია.
სამუშაო ზონა ფერადი აქცენტებით გამოირჩევა. ისინი ინტერიერს ახალისებს და სივრცეში დადებითი განწყობა შეაქვს. მნიშვნელოვან როლს ასრულებს გამწვანებაც, რომელიც ყველა ზონაში გვხვდება და ჰარმონიულ გარემოს ქმნის.
საინტერესო ზონაა სამზარეულოც, რომელშიც მწვანე ფერი იდეალურად ეხამება აქცენტების სახით გამოყენებულ ნარინჯისფერს. აღსანიშნავია ხის მასალა და ბეტონის კონსტრუქციები, რომელთა ერთობლიობაც ოთახის ხასიათს განსაზღვრავს.
ჩვეული დანიშნულების გარდა, განათება ინტერიერის კონკრეტულ დეტალებსაც უსვამს ხაზს, რისი წყალობითაც სივრცე გაცილებით უფრო მომხიბვლელად გამოიყურება.
დიზაინერები მიიჩნევენ, რომ დამკვეთის ყველა დავალებასა და პროცესში გაჩენილ სირთულეებს წარმატებით გაართვეს თავი, რის შედეგადაც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტების მქონე სამუშაო სივრცე შეიქმნა. ინდივიდუალური ხასიათითა და საინტერესო დიზაინით გამორჩეული ობიექტი ნებისმიერ სტუმარს სასიამოვნო გარემოს სთავაზობს.
პროექტის ავტორები: ნატალია მანჯგალაძე, თამარ მოსიაშვილი, ციცი მანაგაძე პროექტის საავტორო ზედამხედველობა: ნიკუშა შონია
ინტერიერის დიზაინის სტუდია: „SAMI_ “
პროექტის მართვის უზრუნველყოფა: „G. MILLER INTERNATIONAL“
საოფისე ფართის სარემონტო სამუშაო და მისი სრულად აღჭურვა: „ARCHTRADE“
ავეჯი, აქსესუარები, მოწყობილობები: „B&“, „T Design“, „Flekssit“, „Ton“, „Buzzi“ „Space“, „Pedrali“
ინდივიდუალური დიზაინის ფილები: „Lefform Concrete Georgia“
რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის