in

საცხოვრებელი ბინიდან საოფისე სივრცემდე — შორენა ოქროპირიძის მიერ შესრულებული სივრცის ტრანსფორმაცია ფალიაშვილის ქუჩაზე

შორენა ოქროპირიძის ახალი ნამუშევარი, რომელიც საოფისე სივრცეს წარმოადგენს თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 280 მ2-ია. საპროექტო დავალება გულისხმობდა სასიამოვნო სამუშაო გარემოს შექმნას, რომელიც თანამშრომლებსა და ვიზიტორებს კომფორტულ პირობებს შესთავაზებდა.

პროექტზე მუშაობისას სრულად შეიცვალა თავდაპირველი გეგმარება, რომელიც ორ საცხოვრებელ სახლს აერთიანებდა. რემონტის მიმდინარეობისას დაინგრა კედლები და სივრცეები ფუნქციურ ზონებად დაიყო. ასევე, დამონტაჟდა დიდი ვიტრაჟები და ბუნებრივ განათებას მაქსიმალური წვდომა დაეთმო.

 

 

პროექტირებისას გათვალისწინებული იქნა უამრავი ფაქტორი, რომლებიც გავლენას ახდენს დასაქმებულთა მოტივაციასა და პროდუქტიულობაზე. გამორჩეულად მყუდრო გარემო კი მასალების, ფაქტურებისა და დომინანტური მუქი ლურჯი ფერის სინთეზით შეიქმნა.

ინტერიერი მუქ ლურჯ, თეთრ და ნაცრისფერ ტონალობაშია გადაწყვეტილი, რომლებიც სივრცეში მსუბუქად იშლება. ავეჯის ძირითად მასალად გამოყენებულია თბილი ხის ფაქტურა, რომელიც ფუნქციურთან ერთად, ესთეტიკურ როლს ითავსებს.

მისაღები ზონა მკვეთრი აქცენტებით ხასიათდება, რაც რბილი ნაცრისფერი იატაკით, შავი ავეჯითა და დომინანტური ლურჯი კედლების ფერით მიიღწევა. კედლის ღია ხისფერი პანელი ინტერიერს აბალანსებს და სიმყუდროვეს ქმნის. აღსანიშნავია ჭერის დეკორატიული განათება და გამწვანება, რომელიც სასიამოვნო გარემოს განაპირობებს.

სამუშაო სივრცე ღია გეგმარებით ხასიათდება, სადაც თეთრი ფერთა პალიტრა ოთახს უფრო ნათელსა და ჰაეროვანს აჩენს. მუშაობის დროს მაქსიმალური კონცენტრაციის მისაღწევად ოთახი ბუნებრივი სინათლით არის განათებული, რასაც დიდი ვიტრაჟები უზრუნველყოფს. პრაქტიკულ დანიშნულებასთან ერთად, დეკორატიულ როლს ითავსებს ჭერის განათებაც, რომელიც სამუშაო პროცესს ბევრად კომფორტულს ხდის.

მოძრავი ვიტრაჟული ტიხრით არის გამოყოფილი შეხვედრების ოთახი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, იზოლირებულ კუთხეს ქმნის და მოსახერხებელ გარემოს უზრუნველყოფს. ინტერიერი საკმაოდ სადაა, რომელშიც მთავარ აქცენტს ლურჯი ფერის ჭერი და განათება ასრულებს. განსაკუთრებით თვალშისაცემია ბურთის ფორმის სანათები და ჭერის წერტილოვანი განათება, რომლებიც მიმზიდველ შუქ-ჩრდილებს და პოზიტიურ განწყობას ქმნის.

შორენა ოქროპირიძის პროექტი მყუდრო, კომფორტულ სამუშაო პირობებს სთავაზობს თითოეულ დამსაქმებელსა თუ სტუმარს და სასიამოვნო გარემოს უზრუნველყოფს. ნამუშევარი ყურადღებას იქცევს გეგმარებითი ცვლილებით, რომლის შედეგადაც საცხოვრებელი სახლი ფუნქციურ, მოსახერხებელ სამუშაო სივრცედ იქცა. ინტერიერი კი ისეა მოწყობილი, რომ ოფისში მყოფი ადამიანების სამუშაო მოტივაციას ამაღლებს და მათ პოზიტიურ განწყობას განაპირობებს.

პროექტის ავტორი: შორენა ოქროპირიძე

ინტერიერის დიზაინ სტუდია: Interior Design by Shorena Okropiridze 

გამოყენებული მასალა:  

ვიტრაჟები: „არისტო“

ჭაღები: „დილაითი“

იატაკის საფარი: „დანი“

საღებავი: „სტუდიო კასა“

ჟალუზები: „დიო“

ავეჯი: „არისტო“; „ჩემი ოფისი“; „კავე“

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

5 კომპანია საქართველოდან, რომლებიც ალუმინის კარ-ფანჯარას დაგიმზადებთ

საუცხოო ვილა ინდონეზიაში – Biombo Architects-ის ნამუშევარი