in

მინიმალისტური ოფისი ტაშკენტში — Material Editors-ის ნამუშევარი

დღეს გაგაცნობთ Material Editors-ის ახალ პროექტს, რომელიც მდებარეობს უზბეკეთში, ტაშკენტში და მისი საერთო ფართობი 100 მ²-ია. საპროექტო დავალება გულისხმობდა დამკვეთის სურვილების გათვალისწინებით სამუშაო სივრცის შექმნას, რომელიც დამკვეთი კომპანიის ღირებულებებს გაუსვამდა ხაზს. ამავდროულად, აუცილებელი იყო, რომ ძირითადი სივრცე დახვეწილი, მინიმალისტური და საინტერესო ყოფილიყო, ბრენდისათვის დამახასიათებელი ყვითელი ფერი კი მინიმალურად შემოსულიყო დიზაინში.

აღნიშნული პროექტი Material Editors-ის გუნდმა კომპანია Office Technologies-თან ერთად განახორციელა. მუშაობის პროცესში მთავარი გამოწვევა მცირე დროში სამუშაოს ხარისხიან შესრულებას უკავშირდებოდა, რადგან პროექტის ავტორებს უცხოურ ბაზარზე უწევდათ არსებული მასალებისა და ფერების დისტანციურად შერჩევა, რაც პროცესს ართულებდა. მიუხედავად იმისა, რომ საპროექტო და აღსრულების პერიოდი საკმაოდ შრომატევადი და გამოწვევებით აღსავსე აღმოჩნდა, საბოლოოდ, სივრცემ სასურველი სახე მიიღო, რაშიც დიდი როლი შეასრულა ადგილობრივ ჯგუფთან ნაყოფიერმა თანამშრომლობამ.

ინტერიერში გამოყენებულია ნეიტრალური ფერები, მკაცრი მასალები, ბეტონისა და ხის ფაქტურის ტექსტურები, ყავისფერი ტყავის ავეჯი და მეტალის ელემენტები. მონოქრომულ პალიტრას კი მზისფერი ყვითელი ახალისებს — შეხვედრების ოთახის აკუსტიკური პანელისა და რეცეფციისა და სამუშაო სივრცის გამყოფი თარო-ტიხრის სახით, რაც ინტერიერს ინდივიდუალიზმს მატებს.

ფართის სიმცირისა და დამკვეთის მოთხოვნების გამო, ოფისი საკმაოდ ღია, გახსნილი გეგმარებით ხასიათდება. სამზარეულოსა და დირექტორის ოთახის გარდა, სივრცე სრულად ან ნაწილობრივ გახსნილია. ეს გადაწყვეტილება უმეტესად ბუნებრივი სინათლის ყველა სივრცისთვის მიწოდებამ განაპირობა. შეხვედრების ოთახი შუშის ტიხრის დახმარებით სრულად იხსნება და დანარჩენ სივრცესთან ერთიანდება. შემოსასვლელი და რეცეფცია კი ნახევრად დახურული პერფორირებული თაროებითაა გამოყოფილი მთავარი სამუშაო ზონისგან, რომელიც პრაქტიკულობასთან ერთად, საინტერესო განათებას ქმნის.

ინტერიერის მთავარ ხასიათს მონოქრომული ფერთა პალიტრა, ხისა და ბეტონის ფაქტურით დამუშავებული კედლები და ტყავის ავეჯი განაპირობებს. მაგალითად, შესასვლელ და რეცეფციის ოთახში ყურადღებას იქცევს ტყავის მწვანე ტახტი და თეთრი სავარძელი, რომელიც ამ კუთხეს მყუდროებას მატებს, ხის პანელები კი ბეტონის სიცივეს აბალანსებს და ოთახს თბილ იერსახეს ანიჭებს.

მნიშვნელოვანი ფუნქციური და დეკორატიული დეტალია გამყოფი ტიხარი ყვითელი ელემენტებით, რომელიც ტევად სათავსოს ქმნის, მისაღებს სამუშაო სივრცისგან მიჯნავს და ამავდროულად, მათ ერთმანეთთან დაკავშირებას უწყობს ხელს.

მინიმალისტური სტილით ხასიათდება შეხვედრების ოთახი, რომელსაც ინტერესს მატებს მინის მოძრავი კარი, ხოლო დომინანტურ ბეტონის ფაქტურას ყვითელი, დეკორატიული სანათები აბალანსებს. სითბოს მისაღწევად შემოტანილია ყავისფერი ტყავის სავარძლები, რომლებიც სამუშაო სივრცეში კომფორტულ გარემოს უზრუნველყოფს.

ბეტონის დომინაცია მეორდება კაბინეტშიც, რომელიც ძალიან სადა და მინიმალისტურია. სისადავის შეგრძნებას ხელს უწყობს ნაცრისფერი ტონალობის ავეჯიც, რომელიც ორგანულად ერწყმის კედლის ფერსა და სივრცის ერთიანობის განცდას აძლიერებს.

Material Editors-ის ნამუშევარი განსხვავებული გადაწყვეტილებებით ხასიათდება, რაც სივრცეს ორიგინალურ იერს ანიჭებს. ინტერიერი საკმაოდ დახვეწილი, მინიმალისტური და მკაცრია, რომელსაც ყვითელი ელემენტები და ხის ფაქტურის გამოყენება აბალანსებს. საბოლოოდ, სივრცე იდეალურ პირობებს ქმნის ეფექტური და სასიამოვნო მუშაობისთვის და კომფორტულ გარემოს უზრუნველყოფს.

პროექტის ავტორი: Material Editors

პროექტის კონსულტაცია და შესრულება: Office Technologies

ფოტო: Material Editors –ის გუნდი

ავტორი: მეკო მეტრეველი

რა არის დეკორატიული ლესვა და რა უპირატესობებით გამოირჩევა ეს ტექნიკა

რას გულისხმობს მონოქრომული დიზაინი და რა უპირატესობა აქვს მას