in

ინდივიდის კეთილდღეობასა და კომფორტზე მორგებული ოფისი ჭავჭავაძეზე — „Material Editors”-ის ნამუშევარი

დღეს გაგაცნობთ „Material Editors“-ის ახალ პროექტს, რომელიც ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 1100 მ2-ია. საპროექტო დავალება გულისხმობდა კომფორტული, მოქნილი სამუშაო სივრცის შექმნას. პროექტი მიზნად ისახავდა ისეთი გარემოს ჩამოყალიბებას, რომელიც თანამშრომლების კეთილდღეობასა და ეფექტურ კომუნიკაციაზე იქნებოდა ორიენტირებული და ყველა პირობას შექმნიდა ჰიბრიდული მუშაობისა თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობების შესასრულებლად.

„Material Editors”-მა პროექტზე კომპანია „Archtrade”-თან ერთად იმუშავა. ოფისის კონცეფცია დაეფუძნა ინდივიდის იდეას, რომლის გარშემოც ვითარდება ოფისი პლასტიკური, ორგანული და ბუნებასთან მიახლოებული ფორმებით.

გეგმარებითი სამუშაოების შედეგად, ორსართულიან ოფისში, პირველ სართულზე მისაღები სივრცე და ოფისის ორი ფრთა განლაგდა, მეორე სართულზე კი ერთი ღია ოფისი და კაფეტერია მოეწყო. ორივე სართულზე თანაბრად გადანაწილდა დიდი და პატარა საკონფერენციო დარბაზები, სიმაღლის რეგულირებადი სამუშაო მაგიდები, აკუსტიკური ავეჯი არაფორმალური სამუშაო კუთხეების შესაქმნელად და ამფითეატრები დიდი შეკრებებისთვის.

პროექტის ავტორების თქმით, ობიექტზე მუშაობის მთავარი გამოწვევა გეგმარებით ნაწილს უკავშირდება, რომელიც პროექტის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ეტაპია. ამავდროულად, გამოწვევას წარმოადგენდა დამკვეთის ყველა მოთხოვნის გათვალისწინება და ისეთი სივრცის მიღება, სადაც დაბალანსებულად იქნებოდა გადანაწილებული სამუშაო ზონები ეფექტური თანამშრომლობისთვის. თავად რემონტის მიმდინარეობას კი გარკვეული სირთულეები ახლდა თან, რომლებიც პლასტიკური ფორმის ტიხრების, იატაკის, განათებებისა თუ ჭერის მოწყობასთან იყო დაკავშირებული.

ოფისი 3 ძირითად სამუშაო სივრცედ იყოფა, თითოეულ მათგანს კი თავისი მიზიდულობის ცენტრი აქვს, ადგილი, სადაც თანამშრომლები ბუნებრივად, ცირკულაციის გზით იკრიბებიან. ჭერის, იატაკის განათებებისა და რკალისებური ტიხრების მოხაზულობა თუ გეომეტრია სწორედ ამ ბუნებრივ ცირკულაციას მიუყვება და ქმნის თავისუფალ დინებას ოფისის სხვადასხვა სივრცეებისკენ. ამასთანავე, პროექტში დიდი მნიშვნელობა მიენიჭა აკუსტიკას, ერგონომიკას და ჯანსაღი გარემოს შექმნას კომფორტული მუშაობისთვის.

ინტერიერის ძირითად პალიტრად ტერაკოტისფერი და მწვანე ტონალობა შეირჩა, რომელსაც ნაცრისფერი, ცისფერი და წითელი ტონები აბალანსებს. ხოლო ავეჯი, განათება, სანტექნიკა თუ დეკორატიული ელემენტები დაკომპლექტებულია ისეთი ბრენდებისგან, როგორებიცაა: Haworth, Sancal, &traditions, Andreu World, Mogg, Cascando, Enea, Ceramica Cielo, Feltouch, Marset, Muuto, Pablo Designs, Buzzi Space, Milliken, Ege, Mdd, B&T, Pedrali, Framerty, Zivella. ასევე პროექტში გვხვდება „Maars”-ის პლასტიკური მინის ტიხრები და „Doorma”-ს მოძრავი ტიხრები.

განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს პლასტიკური ფორმები, რაც ავეჯისა და განათების სახით ვლინდება. მრავალფეროვანი და საინტერესო ინტერიერის შესაქმნელად პროექტში იაპონური ესთეტიკის დეტალებიც არის შემოტანილი. მაგალითად, კედლის დეკორაცია, რომელზეც ფუჯის მთაა გამოსახული, რაც სიმშვიდისა და ჰარმონიულობის განცდას მატებს სივრცეს.

ასევე თითოეულ სამუშაო ზონაში მოწყობილია წრიული ფორმის შეხვედრების ოთახი, ხის დეკორაცია და ამფითეატრი. ოფისის ყველა ნაწილი კი ბუნებრივი მცენარეებით და გამწვანებით არის გაფორმებული, რაც ჯანსაღ გარემოს უზრუნველყოფს და მშვიდ ატმოსფეროს განაპირობებს, ეს კი, თავის მხრივ, იდეალურ გარემოს ქმნის პროდუქტიული მუშაობისთვის.

„Material Editors”-ისა და „Archtrade”-ის ერთობლივი პროექტი ქმნის ჰარმონიულ, სასიამოვნო, კომფორტულ და ერგონომიულ გარემოს თითოეული დასაქმებულისთვის და უზრუნველყოფს მათ ეფექტურ კომუნიკაციასა და მშვიდ დასვენებას. ინტერიერი აერთიანებს ორგანულ ფორმებსა და ბუნებრივ ელემენტებს, რომლებიც განაპირობებს ფუნქციონალურ და დამამშვიდებელ სივრცეს. ფერების სწორი შეხამება, ფორმებსა თუ მასალებზე ყურადღების გამახვილება და ბალანსის შენარჩუნება ხელს უწყობს მშვიდი გარემოს ჩამოყალიბებას, სადაც პროდუქტიულობა და კეთილდღეობა თანაბრად მნიშვნელოვანია.

არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სტუდია — „Material Editors“, „Archtrade

არქიტექტორები: ანა გრიგოლია, მარიამ გვაზავა, ლიკა ამაშუკელი

ავეჯის კონსულტანტი: ნატალია ხოტელაშვილი

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: სანდრო მურვანიძე

რა კრიტერიუმების მიხედვით უნდა შევარჩიოთ საჭირო სიმძლავრის კონდიციონერი?

თანამედროვე ინტერიერში გაცოცხლებული კლასიკური ელემენტები ბელგიაში