სიმწვანე ინტერიერში საკმაოდ აქტუალური ტრენდია თანამედროვე დიზაინში. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ გარდა ესთეტიკური მაჩვენებლისა, მცენარეებს გააჩნიათ უდიდესი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე. სწორედ ამიტომ, არსებობს კონკრეტული წესები მათი საცხოვრებელ სივრცეებში გამოყენების შესახებ.
საკმაოდ გავრცელებულია აზრი, რომ მცენარეების არსებობა საძინებელში მიზანშეწონილი არ არის. თუმცა, ეს მცდარი შეხედულებაა და სიმართლეს არ შეესაბამება. სინამდვილეში, საძინებელში თავისუფლად შეგიძლიათ მოათავსოთ გამწვანება, მთავარია, გაითვალისწინოთ ის წესები, რაც ამ მხრივ არის მნიშვნელოვანი.
რა უნდა ვიცოდეთ?
საძინებლისთვის მცენარეების შერჩევისას უმჯობესია, არჩევანი გააკეთოთ ისეთ ვარიანტებზე, რომლებიც კარგ გავლენას ახდენენ ადამიანის ჯანმრთელობაზე. არ ღირს ისეთი მცენარის შერჩევა, რომელსაც მძაფრი სუნი გააჩნია – ეს აუცილებლად გამოიწვევს თქვენი ძილის რეჟიმის დარღვევასა და ძლიერ თავის ტკივილს. ასევე ერიდეთ შხამიან მცენარეებს, მათმა ფოთლების წვენმა ან ღეროებმა შესაძლოა ინტოქსიკაცია და დამწვრობა გამოიწვიოს.
კიდევ ერთი მახასიათებელი, რის მიხედვითაც საძინებლის მცენარეები უნდა შეარჩიოთ, არის მათი მოვლის რუტინა. ამ მხრივ უნდა გაითვალისწინოთ თუ რა ინტენსივობის ბუნებრივ განათებას მოითხოვს თქვენ მიერ შერჩეული ვარიანტი, შემდეგ კი განსაზღვროთ რამდენად მზიანი ან ბნელია თქვენი საძინებელი.
და ბოლოს, გაითვალისწინეთ თქვენი ინტერიერის დიზაინი. რაც უფრო მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი საძინებელი, მით უფრო სადა და კომპაქტური ზომის მცენარეები გამოგადგებათ. ხოლო იმ თუ თქვენი ინტერიერი “ჰაი ტეკ” სტილშია მოწყობილი, ამ შემთხვევაში მასშტაბური და მრავალფეროვანი მცენარეები კარგი არჩევანია.
გახსოვდეთ, რომ მცენარეების მთავარი ფუნქცია საძინებელში არის ინტერიერში სინაზის, სიმშვიდისა და სიმყუდროვის შემოტანა. ამ ამოცანის შესასრულებლად მთავარია გაითვალისწინოთ შემდეგი უმნიშვნელოვანესი წესი: საძინებელში დაუშვებელია ძალიან ბევრი მცენარის არსებობა. ამ სივრცეში არ უნდა მოხვდეს ისეთი მცენარეები, რომლებიც შთანთქავენ ჟანგბადს და სანაცვლოდ გამოყოფენ ნახშიროჟანგს (მაგალითად ლილია).
მაინც რომელია ის მცენარეები, რომლებიც საძინებლისთვისაა მიზანშეწონილი?
როგორც ბოტანიკოსები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გვირჩევენ, საძინებელში რეკომენდებულია შემდეგი მცენარეების მოთავსება: პერალგონია, სპატიფილუმი, გერანი, ალოე, კამელია, სანსევიერია, დრაცენა, ფიკუსი, ბეგონია, ყოჩივარდა. ეს სწორედ იმ მცენარეთა მოკლე ჩამონათვალია, რომლებიც ყველაზე სასიკეთოდ მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე და ხელს უწყობენ მშვიდ ძილს.
რაც შეეხება მცენარეების განთავსებას, ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენი ინტერიერის დიზაინსა და ოთახის ფართობს. თუ სივრცე ამის საშუალებას იძლევა, საკმაოდ ელეგანტურია, როდესაც მცენარეები დიდ ქოთნებში იატაკზეა მოთავსებული. თუმცა, პატარა ოთახების შემთხვევაში, მცენარეები შეიძლება მოთავსდეს ტუმბოებზე, თაროებზე ან ფანჯრის რაფაზე. მთავარია, გაითვალისწინოთ რამდენად საჭიროებს თქვენი მცენარე ბუნებრივი განათების წყაროსთან ახლოს/შორს ყოფნას.
რუბრიკა “სახლი და გამწვანების” წარმდგენია გრატოს სათბურები