in

როგორ დავიცვათ ოთახის მცენარეები ზამთრის ცივ სეზონზე?

ცივ სეზონზე ბინაში, როგორც წესი, ტემპერატურა მკვეთრად იცვლება, რადგან მისი მაცხოვრებლები იწყებენ გათბობის სისტემების გამოყენებას. გასათვალისწინებელია, რომ გათბობის ჩართვის შემდეგ იცვლება არა მხოლოდ ტემპერატურა, არამედ ჰაერიც, რომელიც უფრო მშრალი ხდებ. ამასთანავე, მცირდება ტენიანობის მაჩვენებელი, რაც ცუდ გავლენას ახდენს ოთახის მცენარეებზეც. შესაბამისად, იანვრისთვის მცენარეებმა, შეიძლება, დაკარგონ თავიანთი სილამაზე, მათი უმეტესობა კი შესაძლოა, საერთოდ განადგურდეს. სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, თუ როგორ უნდა მოუაროთ ოთახის მცენარეებს მაშინ, როდესაც სახლში გათბობა გაქვთ ჩართული.

სად უნდა მოვათავსოთ მცენარეები?

უპირველეს ყოვლისა, ქოთნები არ უნდა დავდგათ ისეთ ადგილას, სადაც ტემპერატურა ხშირად იცვლება. მაგალითად, როდესაც ქოთანი ფანჯარასთან ახლოს არის მოთავსებული, ამ ნაწილში ხან ზედმეტად თბილა, ხან კი, როდესაც ფანჯარას გააღებთ, ჰაერის ცივი ნაკადი პირდაპირ ოთახის მცენარეს ხვდება. ამას გარდა, სჯობს, რომ მცენარეები არ მოათავსოთ რადიატორთან ახლოს, რადგან ამ ნაწილში ჰაერი ყველაზე მშრალია.

მცენარის მოსათავსებლად იდეალური ადგილი ოთახის რომელიმე კუთხეა, სადაც არც ცივი ჰაერი მოუწევს ხშირად და არც რადიატორისაგან წამოსული ცხელი ჰაერი მოახდენს მასზე გავლენას.

მცენარეები, რომლებიც ზედმეტად მგრძნობიარეები არიან ჰაერის სიმშრალისა და ტემპერატურის ცვლილებების მიმართ, არიან ვარდები, გვიმრები და ბეგონიები. მათი შენახვა შედარებით ცივ ოთახში სჯობს, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ოთახი არ უნდა იყოს ძალიან ბნელი. მაგალითად, პალმის ხესა და მონსტერას შეუძლიათ ჩრდილშიც გაიხარონ.

როგორ უნდა მოვრწყათ მცენარეები?

მცენარეების მორწყვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და რაციონალური გზა წყლის შესხურებაა, რისი გაკეთებაც სპეციალური სპრეის ბოთლის საშუალებით შეგიძლიათ. მნიშვნელოვანია, რომ მცენარეები ზედმეტად არ დავატენიანოთ, ასე რომ, მათი სტანდარტული სარწყავით მორწყვა გამართლებული გადაწყვეტილება არ არის. ნიადაგის წყლით დიდი რაოდენობით მორწყვა შეგიძლიათ მაშინ, როდესაც მისი ზედაპირი მთლიანად გაშრება.

იმისთვის, რომ მცენარე ზედმეტად არ დაატენიანოთ, საჭიროა, წყლის წვეთები შეასხუროთ მხოლოდ მაშინ, როდესაც შეამჩნევთ, რომ ისინი შედარებით მშრალია და მათ მოსარწყავად წყლის რამდენიმე წვეთის შესხურებაც საკმარისია. წყალი უნდა მოხვდეს მცენარის ფოთლებსა და ღეროებს, თუმცა ეცადეთ, რომ მოარიდოთ უშუალოდ მცენარის ყვავილს.

როგორ ვებრძოლოთ მშრალ ჰაერს?

მაგალითად, ვარდები, ფეიხოა და ლიმონი ძალიან მგრძნობიარეები არიან მშრალი ჰაერის მიმართ და ვერ იტანენ სიმშრალესა და ცხელ ჰაერს. ეს მცენარეები სწრაფად კვდებიან ცხელი რადიატორის მახლობლად. მაგრამ ყველას არ შეუძლია გააკონტროლოს ტემპერატურა და ტენიანობა საკუთარ სახლში ყოველდღიურად.

გამოსავლის სახლით შეგიძლიათ შეიძინოთ ჰაერის დამატენიანებელი, რომელსაც ქოთნის მახლობლად განათავსებთ. მისი ჩართვა შეგიძლიათ პერიოდულად, დღის განმავლობაში რამდენჯერმე. ამას გარდა, შეგიძლიათ ქოთნის სიახლოვეს სველი ქსოვილები ჩამოკიდოთ, საიდანაც მცენარეები დამატებით ტენს მიიღებენ.

რომელ მცენარეებს უყვართ ზამთრის სეზონი?

სუკულენტები, მათ შორის ალოე, ასევე კაქტუსები, დაფნა და გერანიუმები განსაკუთრებით კარგად უძლებენ ტემპერატურის ცვლილებებს. მათი თბილ ოთახში ყოფნის ერთადერთი თავისებურება ის არის, რომ რადიატორის მახლობლად ვერ აყვავდებიან, ამიტომ, თუ გსურთ, რომ კაქტუსმა ზამთარშიც იყვავილოს, ის რომელიმე ცივ ოთახში, რადიატორისგან მოშორებით უნდა მოათავსოთ.

DREXEL HERITAGE – ვინტაჟური სტილის ავეჯის ბრენდის ისტორია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დაიწყო

იტალიური და ამერიკული მოდერნიზმის სტილით შთაგონებული ინტერიერი კაკლებში