in

ოთახის ყველაზე გამძლე მცენარეები

მცენარეები განსაკუთრებულ სიცოცხლესა და სილამაზეს მატებენ ინტერიერს. მათ უნივერსალურ დეკორსაც უწოდებენ, რომლებიც არა მარტო გარეგნულად ამშვენებენ სივრცეს, არამედ ჟანგბადითაც ამარაგებენ ოთახს. მცენარეების მოვლას ცოდნა და პრაქტიკა სჭირდება. საბედნიეროდ, ქოთნის უამრავი ისეთი მცენარე არსებობს, რომლებიც მოვლის თვალსაზრისით დიდ ძალისხმევას არ საჭიროებენ.

გიზიარებთ მცენარეებს, რომლებიც მარტივად ეგუებიან ოთახის პირობებს, მზის პირდაპირი სხივები არ სჭირდებათ და უდრენაჟო ქოთნებშიც კარგად გრძნობენ თავს:

ზამიოკულკასი

ფოტო: proflowers.com

ეს მცენარე ცვილისებრი, მუქი მწვანე ფოთლებით გამოირჩევა, რომელთა სრულყოფილებაც მათ ბუნებრიობასთან დაკავშირებით ეჭვს ბადებს. ზამიოკულკას არ უყვარს მზის პირდაპირი სხივები, რაც მის ოთახის პირობებში მოვლას ძალიან ამარტივებს. მორწყვაც მხოლოდ მაშინ სჭირდება, როცა მიწა მთლიანად გამოუშრება.

იმის დასტურად, რომ ზამიოკულკასი ბევრი დამწყები თუ პროფესიონალი მებაღის ოჯახის შეუცვლელი წევრია, ინსტაგრამის ორი პოპულარული ჰეშტეგიც მოწმობს – #houseplantsofinstagram და #crazyplantlady.

სუკულენტები

ფოტო: warmlydecor.com, ruemag.com

ინტერიერის დიზაინერების საყვარელი მცენარე, რომელიც მარტივი მოსავლელია, დიდ ადგილს არ საჭიროებს და ხშირი მორწყვა არ სჭირდება. სუკულენტების უამრავი სახეობა არსებობს და ერთი მეორეზე ლამაზია. ისინი ერთმანეთისაგან ფორმით, ფერითა და მოცულობით განსხვავდებიან.

ლანდშაფტის დიზაინერები ხშირად იყენებენ სუკულენტების რამდენიმე სახეობას ერთი ადგილის ან სულაც, ტერარიუმის მოსაწყობად, რაც საოცარ ფერთა გამასა და საინტერესო რელიეფს ქმნის.

გვიმრა

ფოტო: mocka.com.au

ტენის მოყვარული მცენარე, უძველესი ისტორიითა და ძალიან საინტერესო ფოთლებით. ტენდენციური გახდა გვიმრას აბაზანებში და საშხაპე ოთახებში განთავსება, რადგან სახლის პირობებში ტენიანი გარემოს შექმნა აქ ყველაზე იოლია.

ვიზუალური ესთეტიკის გარდა, გვიმრა საუკეთესო ბუნებრივი საშუალებაა ოთახში ჰაერის გასაწმენდად და საჭირო ტენიანობის აღსადგენად.

“სიდედრის ენა”

ფოტო: yates.com.au

საოცრად ამტანი და სიცოცხლისუნარიანი მცენარე, რომელსაც ძალიან ცუდ პირობებშიც შეუძლია გადარჩეს. თანამედროვე ინტერიერის მოწყობისას, დიზაინერები “სიდედრის ენას” ბარიერის დანიშნულებით, სიგრძეზე ალაგებენ, ორი სივრცის ერთმანეთისგან გასამიჯნად.

კაქტუსი

 

ფოტო: dwell.com, frontgate.com

სუკულენტების მსგავსად, კაქტუსების ოჯახი ძალიან მრავალფეროვანია, თუმცა, სხვადასხვა ფორმისა და ზომის კაქტუსები სახლში მხოლოდ სილამაზისთვის არ გვჭირდება. მათ რადიაციისა და სხვა მავნე გამოსხივების შთანთქმა შეუძლიათ. კაქტუსები თითქმის არ საჭიროებენ მოვლას. გასათვალისწინებელი მხოლოდ ისაა, რომ ნათელ ოთახში მოათავსოთ და იშვიათად მორწყათ.

 

საძინებლის დიზაინის ტენდენციები ინტერიერის დიზაინერებისგან

Yayoi Kusama-ს კოპლებში ჩაფლული Louis Vuitton-ის კონცეპტუალური მაღაზია