in

ოთახშორისი კარი – მასალა, ზომები და ღირებულება ქართულ ბაზარზე

ოთახშორისი კარი ინტერიერის დიზაინის განუყოფელი ნაწილია. ერთი მხრივ, ის სხვადასხვა სივრცეს მიჯნავს და ოთახის მყუდროებას განაპირობებს, მეორე მხრივ კი, სახლის იერსახეს უფრო მიმზიდველს, ერთიანსა და საინტერესოს ხდის. დღევანდელ სტატიაში გაეცნობით ოთახშორისი კარის შერჩევამდე გასათვალისწინებელ ფაქტორებს: მის სახეობებს, მახასიათებლებს, მონტაჟის თავისებურებებსა და ფასს.

კარის სახეობები

საკითხის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად კარისა და ავეჯის მწარმოებელ კომპანია „დორემის“ მივმართეთ. კომპანიის წარმომადგენელი აღინიშნავს, რომ თუ წლების წინ ინტერიერში – ხის, სველ წერტილებში კი მეტალოპლასტმასის მასალა გამოიყენებოდა, ახლა უპირატესობა MDF-ისგან დამზადებულ კარს ენიჭება, რომელიც ჰიგიენურ კუთხეებშიც ფართოდ გვხვდება. ასეთ დროს, გასათვალისწინებელია, რომ  კარს არ უნდა ჰქონდეს ახლო შეხება წყალთან, ამიტომ უმჯობესია ის ნოტიო ნაჭრით გაიწმინდოს.

არსებობს ოთახშორისი კარის რამდენიმე სახეობა:

კარი სტანდარტული  ჩარჩო – საპირითი – სტანდარტული კარი, რომლის ირგვლივაც საპირეებია დამონტაჟებული და რომელიც მრავლად გვხვდება სხვადასხვა ინტერიერში.

დამალული კარი – კარი და კედელი ერთ სიბრტყეზეა გასწორებული, საპირეები კი არ აქვს. ასეთ მოდელს აქტიურად იყენებენ თანამედროვე დიზაინში. ინტერიერის თავისებურებისა და დამკვეთის სურვილის მიხედვით, კარი შეიძლება კედლის შესაბამისად შეიღებოს, გადაეკრას შპალერი ან პანელები და სახლს ერთიანი, მომხიბლავი იერი შესძინოს.

გასაგორებელი (ე. წ. sliding door) – გამოარჩევს განსაკუთრებული ვიზუალი, რის გამოც ინტერიერისთვის უცხო, საინტერესო იერსახის მისაცემად გამოიყენება.  ინოვაციური გამოგონების წყალობით, ისეთი სისტემიც მონტაჟიც შეიძლება, რომლის მექანიზმი სრულიად უხილავია – კარი მოძრაობს, თუმცა მექანიზმის არ ჩანს, ამას „ჯადოსნურ სისტემას“ უწოდებენ.

დასაკეცი კარი – აქვს ერთიანი იერსახე. ამავე დროს, სივრცეზე მორგების მიზნით, იკეცება და იკავებს ნაკლებ ადგილს. ამ ტიპის კარს ძირითადად ადგილის დასაზოგად, მაგალითად, გარდერობებში იყენებენ.

„კარი შესაძლებელია დამზადდეს ნებისმიერი ზომით, დიზაინით და ფერით. კარის ზედაპირი შეიძლება შეიღებოს, ასევე, პოლიპროპილენის საფარით ან ნატურალური ანათალით  დამუშავდეს. არჩევანი დამკვეთის სურვილსა და გემოვნებაზეა დამოკიდებული. აქსესუარებიც, ფერისა და დიზაინის მიხედვით ირჩევა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ინტერიერში“, – აღნიშნავენ „დორემიში“.

ჩვენი რესპონდენტი გვიხსნის, რომ არსებობს  სტანდარტული და დამალული ანჯამა. სტანდარტულის მონტაჟის შემთხვევაში, ანჯამა გაღების მხრიდან ჩანს, ხოლო დამალული ანჯამა შეუმჩნეველია.

რა უნდა გავითვალისწინოთ კარის მონტაჟისას?

„დორემიში“ გვიხსნიან, რომ, როგორც წესი, MDF-ისგან დამზადებული ოთახშორისი კარი რემონტის ბოლოს მონტაჟდება – მაშინ, როდესაც იატაკი დაგებულია, კედლები კი – სათანადოდ დამუშავებული. ამავე დროს, ხაზს უსვამენ იმასაც, რომ, სასურველია, დამალული კარი რემონტის პროცესში დამონტაჟდეს, იატაკის დაგების შემდეგ, კედლების დამუშავებამდე, რომ კარის ფრთა, ჩარჩო და კედელი ერთად მოპირკეთდეს.

აუცილებელია, წინასწარ გავითვალისწინოთ ღიობების ზომებიც. კომპანიის წარმომადგენელი გვირჩევს, კარი რემონტის დაწყებამდე შევარჩიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ღიობი არასტანდარტული აღმოჩნდეს, რაც გაუთვალისწინებელ დროს და ხარჯებს გამოიწვევს: „ხშირად რემონტის დასრულების შემდეგ არჩევენ კარს, ღიობი კი უმეტესად არასტანდარტული ზომისაა, რაც სირთულეებს წარმოშობს. ამ შემთხვევაში მომხმარებელი მზა, სტანდარტული ზომის კარს ვერ ამონტაჟებს და უწევს ინდივიდუალური შეკვეთით დაგვამზადებინოს სასურველი მოდელი. ამას, საშუალოდ, 30 დღე სჭირდება, რაც რემონტის პროცესს აფერხებს. ღიობის სტანდარტული ზომები ასეთია: დაგებული იატაკიდან სიმაღლე 220 სმ. უნდა იყოს, კედლიდან კედლამდე მანძილი კი – 80 ან 90 სმ.“.

კარი ხმას უნდა ახშობდეს. აღსანიშნავია, რომ ხმის იზოლაციის ფუნქციით ყველა მოდელია აღჭურვილი, თუმცა, თუ მომხმარებელს იზოლაციის ხარისხი არ აკმაყოფილებს, კარის დამზადებისას შესაძლებელია ისეთი მასალის გამოყენება (მაგალითად, ქვაბამბა და პენოპლასტი), რომელიც ხმის იზოლაციის დონეს გაზრდის. ამ მიზნით გამოიყენება ავტომატური ზღურბლი, ე. წ. გილიოტინაც. ეს მექანიზმი კარის ფრთის ქვეშ მონტაჟდება. მისი დაკეტვის  დროს ზღურბლი ჩამოდის და იატაკსა და კარს შორის არსებულ სივრცეს ფარავს. ამგვარი სისტემა განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როცა კარის დამზადებისას ქვაბამბაა გამოყენებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ ადგილობრივი წარმოების გარდა, “დორემის” შოურუმში შეხვდებით სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებულ ცეცხლმედეგი MDF-ის, მეტალს საევაკუაციო და შახტის კარს.

ღირებულება 

„დორემიში“ აცხადებენ, რომ MDF-ისგან დამზადებული ოთახშორისი კარის საშუალო ფასი 970-დან 1400 ლარამდე მერყეობს. მისი ღირებულება დამოკიდებულია კარის სპეციფიკაზე. თუ კარი არასტანდარტული ზომისაა, მისი ფასი ავტომატურად იზრდება. ამასთანავე, თუ მოდელის დამზადებისას დამატებითი საიზოლაციო მასალა და ავტომატური ზღურბლი გამოიყენება, რომელსაც ძირითადად კომერციულ ფართებსა და სასტუმროებში იყენებენ, სტანდარტული ფასი დაახლოებით 200-250 ლარით იზრდება.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

როგორ დავუკავშიროთ სამზარეულოს წინსაფარი სამუშაო ზედაპირს?

მომხიბლავი ვინტაჟური სახლი შვედეთში