in

ქალაქგეგმარება, როგორც სივრცის სწორად განვითარების შესაძლებლობა — ინტერვიუ ოთარ ხვედელიძესთან

ოთარ ხვედელიძე ახალგაზრდა არქიტექტორი და ქალაქმგეგმარებელია. მიუხედავად მცირე ასაკისა, მან საკმაოდ საინტერესო გამოცდილება დააგროვა, როგორც მოცულობითი არქიტექტურის, ასევე ქალაქგეგმარების მიმართულებით. მის პროფესიულ არჩევანზე დიდი გავლენა იქონია ბაბუამ და იმ არაურბანულმა გარემომ, სადაც ზაფხულს ატარებდა და სხვადასხვა საქმეს ეცნობოდა, მათ შორის, ხატვასა და მებაღეობას. არქიტექტურით კი სკოლის პერიოდში დაინტერესდა, როცა „ჟორჟ პომპიდუს ხელოვნებისა და კულტურის ეროვნული ცენტრის“ ფოტო ნახა და გადაწყვიტა ამ პროფესიას დაუფლებოდა. მის კარიერაში მნიშვნელოვანი ეტაპი იყო თბილისის არქიტექტურის სამსახურში მუშაობა, სადაც არაერთი პროექტის შეფასება და ანალიზი მოუწია, ამან კი დიდი გამოცდილება შესძინა. ამჟამად ბაკურიანის გენგეგმისა და ქალაქის განვითარების პროცესშია ჩართული და უცხოელ სპეციალისტებთან ერთად აქტიურად მუშაობს არსებული გენერალური გეგმის დამუშავებაზე. სწორედ ბაკურიანის გენგეგმაზე, ქალაქგეგმარების მნიშვნელობასა და საკუთარ პროფესიულ მიღწევებზე გვიამბობს დღეს ოთარ ხვედელიძე.

ოთარ, გვიამბეთ, როგორ გარემოში გაიზარდეთ?  

სტანდარტული ბავშვობა მქონა, შეიძლება ითქვას, არაფრით გამორჩეული. გავიზარდე თბილისში, დიდუბის რაიონში. სკოლის შემდეგ მეც დავდიოდი სპორტულ წრეებზე და მასწავლებლებთან ვემზადებოდი, რის გამოც თავისუფალი დრო თითქმის არ მქონდა. ძალიან მიყვარდა ფილმების ყურება, მეგობრებთან ერთად ვიდეო თამაშების თამაში. ჩემთვის გამორჩეული პერიოდი იყო ზაფხული, როცა სოფელში მივდიოდი, სადაც სამყაროს განსხვავებულად შეცნობას ვიწყებდი. სოფელში მხვდებოდა ბაბუა, რომელთან ერთად გატარებული დროც დღემდე საუკეთესოა. ბაბუა ელექტრო ინჟინერია, პროფესიული მოღვაწეობის პერიოდში საკმაოდ დაფასებული და ცნობილი ინჟინერი იყო. ის მასწავლიდა თითქმის ყველაფერს, მათ შორის ისეთ რამეს, რასაც სკოლაში ვერ ვისწავლიდი — მექანიკური პრობლემების გადაჭრას, მებაღეობას, ხატვას და სხვადასხვა ხელსაქმეს, რამაც გარკვეულწილად, დიდი როლი ითამაშა ჩემს პროფესიულ არჩევანზე.  გავყევი პროფესიას, რომელიც ცოტ-ცოტა ყველა იმ საკითხს მოიცავს, რასაც ბაბუა მასწავლიდა.

როდის დაინტერესდით არქიტექტურით? გვიამბეთ სად მიიღეთ განათლება?

მეშვიდე კლასში ვიყავი, როდესაც ერთ დღეს, ფრანგული ენის გაკვეთილზე, მასწავლებელი ახალი თემის განხილვას იწყებდა. როგორც აღმოჩნდა, თემა პარიზის პომპიდუს ცენტრს ეხებოდა (ჟორჟ პომპიდუს ხელოვნებისა და კულტურის ეროვნული ცენტრი). ტექსტში აღწერილი იყო რენცო პიონოსა და რიჩარდ როჯერსის ნამუშევარი. პირველად ვუყურებდი პომპიდუს ცენტრის ფოტოებს, ვერ ვხვდებოდი მომწონდა თუ არა, თუმცა ვგრძნობდი, რომ ფოტოების ხილვამ ამაღელვა და ჩემში გარკვეული განწყობა გამოიწვია, რამაც ძალიან აღმაფრთოვანა. სწორედ ამ დროს მივხვდი, თუ რამხელა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ნაგებობას ადამიანზე. ამ დღის შემდგომ კი არქიტექტურის შესწავლა გადავწყვიტე.

სკოლის დასრულების შემდეგ ჩავაბარე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე. ბაკალავრიატის დასრულებისთანავე, ამავე უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მოცულობითი არქიტექტურის სამაგისტრო პროგრამაზე გავაგრძელე სწავლა. შემდგომ ისე მოხდა, რომ მეორე კურსზე, ჩემს რამდენიმე კურსელთან ერთად, გაცვლითი პროგრამით იტალიაში, ბარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში აღმოვჩნდი, სადაც საინტერესო და მრავალმხრივი გამოცდილება მივიღე.

გვიამბეთ იმ კარიერული გზის შესახებ, რომელმაც აქამდე მოგიყვანათ 

ჩემი პროფესიული კარიერა 2015 წელს სტუ-ს პირველ კურსზე დაიწყო, როდესაც ერთ-ერთმა ლექტორმა მასთან მუშაობა შემომთავაზა. მას შემდეგ, წლების განმავლობაში, შეთავსებით თუ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ვიმუშავე რამდენიმე არქიტექტურულ კომპანიაში. მქონდა დამოუკიდებელი ნამუშევრებიც, ბევრი ჩავარდნილი თუ რეალიზებული პროექტი.

გაცვლითი პროგრამიდან დაბრუნების შემდეგ, სამაგისტრო საფეხურს სტუ-ში ვაგრძელებდი. ის პერიოდი კოვიდ პანდემიას დაემთხვა და მეც, მეტწილად, მცირე დამოუკიდებელ პროექტებზე ვმუშაობდი. პანდემიის დასასრულს, თბილისის არქიტექტურის სამსახურში, არქიტექტორის პოზიციაზე, ჩემი მონაცემები გავაგზავნე. როგორც აღმოჩნდა, ყველა შესარჩევი ეტაპი წარმატებით გავიარე და სამსახურში ამიყვანეს. მერიაში მუშაობის ორმა წელმა ძალიან დიდი გამოცდილება მომცა, საკმაოდ რთული იყო ყოველთვიურად ასობით არქიტექტურული პროექტის განხილვა, თუმცა მერიის გუნდის თანადგომით მალევე შევძელი ამ კუთხით განვითარება. ეს გამოცდილება ძალიან დამეხმარა პროფესიულ ზრდაში,  მომეცა საშუალება, გამეანალიზებინა და შემეფასებინა ასობით პროექტი, მენახა არქიტექტურული გადაწყვეტების უამრავი ვერსია.

თბილისის მერიის შემდგომ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოში აღმოვჩნდი, რომელიც მაშინ ახალი ჩამოყალიბებული იყო და არქიტექტურის სამსახურს აკომპლექტებდა. შესაბამისად, გამოცხადდა კონკურსი არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე. ჯერ კიდევ თბილისის მერიაში მუშაობის დროს გავიარე შესარჩევი ეტაპი წარმატებით და თბილისის არქიტექტურის სამსახურიდან წამოსვლის შემდგომ, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელად დავინიშნე, სადაც დღემდე ვმუშაობ.

როგორც ვიცით, თქვენ ბაკურიანის გენგეგმის პროექტში ხართ ჩართული, გვიამბეთ მის შესახებ

როდესაც ბაკურიანში წამოსვლის შესაძლებლობა გამიჩნდა, ძალიან გამიხარდა. ბავშვობაში, როდესაც ჩემი მშობლები ახერხებდნენ, ზამთრის სეზონის ნაწილს ბაკურიანში ვატარებდით. აქედან გამომდინარე, კარგად მახსოვდა ჩემი ბავშვობის დროინდელი ბაკურიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისა და კორპუსების გარეშე. ყოველთვის გული მწყდებოდა ბაკურიანის მომატებულ ურბანიზაციაზე, ალბათ გსმენიათ ტერმინი „ბაკურიანიზაცია“, რომელიც ყოველთვის უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებოდა და აღწერდა იმ მდგომარეობას, რაც ბაკურიანში არსებობდა.

2019 წელს დამტკიცდა სრულყოფილი ბაკურიანის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი (ირაკლი მურღულიასა და მიხეილ ბალიაშვილის ხელმძღვანელობით), რამაც მშენებლობების დარეგულირება მოახდინა. აღნიშნული დოკუმენტით განისაზღვრა ბაკურიანში განსახორციელებელი სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტები, როგორებიცაა ბაკურიანის აეროდრომის მშენებლობა, სპორტული ბაზების მშენებლობა, ცენტრალური პარკის მოწყობა და ა.შ.

გვიამბეთ უფრო ვრცლად, რა კეთდება დღეს ბაკურიანის იერსახის გადასარჩენად?

როგორც გითხარით, ბაკურიანის ქალაქთმშენებლობითი გეგმა დამტკიცდა 2019 წელს. აღნიშნული დოკუმენტი დამუშავებულია იმდროინდელი პრობლემების გათვალისწინებით, რამაც შედეგი გამოიღო და გარკვეული პრობლემები მოგვარდა, თუმცა ამ დროის განმავლობაში წარმოიშვა ახალი გამოწვევებიც, რაც ბუნებრივია, რადგან ქალაქები, დაბები და სოფლები ცოცხალი ორგანიზმია. როგორც ადამიანებს გვჭირდება პერიოდულად ჯანმრთელობის დიაგნოსტიკა, ასევე საჭიროა დასახლებული ტერიტორიების მუდმივი მონიტორინგი და ამ დაკვირვების საფუძველზე მიღებულ შედეგების მიხედვით ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების პერიოდული რევიზია. ამ დროისათვის დაწყებულია ბაკურიანის არსებული გენერალური გეგმის რევიზია, სადაც აქტიურად არიან ჩართული უცხოელი ქალაქმგეგმარებლები და ექსპერტები. ვიკვლევთ ბაკურიანის დღევანდელ პრობლემებს და ვმსჯელობთ მისი გადაჭრის ხერხებზე, რომლებიც შემდგომ უკვე დოკუმენტურად იქნება კორექტირებული და ქალაქთმშენებლობით დოკუმენტში გაწერილი.

დღესდღეობით ეტაპობრივად ხორციელდება სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები, როგორიცაა განახლებული რეგიონების პროექტი. მის ფარგლებში დაიწყო ბაკურიანის ურბანული განახლება, რაც მოიცავს არსებული ძველი შენობების ფასადების აღდგენასა და ავთენტური იერსახის დაბრუნებას, ცენტრალურ ქუჩებზე უსახური ღობეების ახლით ჩანაცვლებას, თანამედროვე დიზაინის გარე განათების, ავტობუსების გაჩერებებისა და სხვა ურბანული ელემენტების მოწყობას. ასევე განახლდა ბაკურიანის რეკრეაციული პარკი, რომელიც სრულად ადაპტირებული და ხელმისაწვდომია. დაპროექტდა სავაჭრო სივრცეები, ბავშვთა გასართობი მოედნები, დაირგო ახალი მცენარეები და ა.შ. პარალელურად, მიმდინარეობს ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა და იწყება ახალი სკოლის მშენებლობაც.

ასევე, უნდა ითქვას ისიც, რომ ბაკურიანში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ასაშენებელი შენობების მოცულობით და ვიზუალურ-ესთეტიკურ მხარეს. შენობების ვიზუალი უნდა პასუხობდეს თანამედროვე ალპური არქიტექტურის პრინციპებს და ჰარმონიულად ეწერებოდეს არსებულ ლანდშაფტში. ვითხოვთ, შენობებზე მაქსიმალურად გამოყენებული იქნას ადგილობრივი, ავთენტური მოსაპირკეთებელი ქვისა და ხის მასალა. ასევე დიდ ყურადღებას ვაქცევთ შენობებში ბინების, აპარტამენტებისა თუ სასტუმროს ნომრების რაოდენობას. შემუშავებული გვაქვს ფორმულა, რის მიხედვითაც ვითვლით ამა თუ იმ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი თუ სასტუმრო ერთეულების რაოდენობას, რაც დადებითად მოქმედებს ურბანულ განვითარებაზე და იცავს ტერიტორიას პროექტების ინტენსივობის გადაჭარბებისგან.

ზოგადად, როგორ შეაფასებდით თქვენს პროფესიას? რა მნიშვნელობა ენიჭება არქიტექტურასა და ურბანისტიკას დღეს მსოფლიოში?  

ვფიქრობ, არქიტექტორები და ურბანისტები ერთ-ერთ ყველზე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ კაცობრიობის განვითარებაში. ურბანისტების ხელშია ჩვენი ყოველდღიურობა, ქალაქების დაგეგმარებისას მიღებულმა გადაწყვეტილებებმა, შესაძლოა, საუკუნეების განმავლობაში უკარნახოს ადამიანებს ცხოვრების წესი. დროსთან ერთად იცვლება ყველაფერი. აქედან გამომდინარე, არის რიგი საკითხები, რომლებიც კარგავენ აქტუალობას ან პირიქით, უფრო დიდ მნიშვნელობას იძენენ. ასე ხდება არქიტექტურასა და ქალაქგეგმარებაში. დღეს მსოფლიოში არსებული გამოწვევები გავლენას ახდენს არქიტექტურასა და ურბანულ განვითარებაზე. მიმდინარე ეკოლოგიური კატასტროფებისა და გლობალური დათბობის პირობებში კი მთავარ მიზნად იქცა მდგრადი არქიტექტურის განვითარება, რასაც საქართველოშიც ეწყობა ხელი.

მგონია, რომ თანამედროვე არქიტექტურა და ქალაქგეგმარება მიზნად უნდა ისახავდეს მდგრადი, ინკლუზიური და ამავდროულად ესთეტიკურად სასიამოვნო გარემოს შექმნას, რომელიც აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს, ხელს უწყობს საზოგადოების კავშირს და მის ჰარმონიულ ურთიერთობას გარემოსთან. თანამედროვე არქიტექტურულმა და ურბანულმა მიდგომებმა უნდა გადაჭრას ისეთი აქტუალური გამოწვევები, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, გადამეტებული ინტენსივობის განაშენიანების გავრცელება და ასევე სოციალური უთანასწორობა. საჭიროა შენდებოდეს ისეთი ქალაქები და შენობები, რომლებიც ხელს შეუწყობს როგორც დღევანდელი, ისე მომავალი თაობის კეთილდღეობას.

ვისაუბროთ ქართულ არქიტექტურულ და ურბანულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე, როგორ ფიქრობთ, რა მიმართულებით ვითარდება ეს სფერო?  

ქართული არქიტექტურისა და ქალაქგეგმარების ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს დიდი და პატარა დეველოპერები, ის ბინათმშენებლები, რომლებიც თვლიან, რომ მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური მოგება უნდა მიიღონ. საკითხს ძალიან მოკლე პერსპექტივით აფასებენ და ვერ/არ იაზრებენ, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მათ დღევანდელ ნაბიჯს, რომელიც მხოლოდ ეკონომიკურადაა გამართლებული და არა ქალაქმშენებლობითი თვალსაზრისით.  საქართველოს ძირითად ნაწილს არასდროს გააჩნდა ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რაც მათთვის  განაშენიანების გასაკონტროლებელი სახელმძღვანელო იქნებოდა. თუმცა, დღესდღეობით, ამ მიმართულებით გარკვეული წარმატება გვაქვს, სახელმწიფო ინტენსიურად მუშაობს ყველა დასახლებული პუნქტისთვის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მომზადებაზე, რაც  წინ გადადგმული ნაბიჯია დასახლებული თუ ჯერ დაუსახლებელი ტერიტორიების სწორი განვითარებისათვის.

ხის კუნძული სამზარეულოში – რამდენიმე იდეა შთაგონებისთვის

ჟან-მარი მასო – ცნობილი ფრანგი დიზაინერი, გამომგონებელი და არქიტექტორი