როდესაც ახალგაზრდა წყვილმა სან-ფრანცისკოს ცენტრის დატოვება და განმარტოება გადაწყვიტა, მათ ქალაქგარეთ პატარა სახლი შეიძინეს და დიზაინერი დაიქირავეს, რომელმაც ძველ შენობას ახალი ხასიათი შესძინა. წყვილმა სახლის გასაწყობად ლურჯი, თეთრი და ნაცრისფერი ფერები გამოიყენა.
წყვილი ყოველთვის ოცნებობდა პატარა სახლზე, რომელსაც რამდენიმე ოთახი და ლამაზი ბაღი ექნებოდა და ეს სურვილი ახალ სახლში აისრულა. თავდაპირველად, შენობა 1930-იანი წლების ნაგებობას ჰგავდა, უფრო მეტად კლასიკურს, ვიდრე თანამედროვეს.
როგორც თავად ამბობენ, ყველაზე რთული შესაფერისი ქვის არჩევა იყო, რათა მათ საცხოვრებელს სიძველისა და მყუდროების ეფექტი არ დაეკარგა, ხოლო შემდეგ უკვე ცალკეული ოთახების დაპროექტებას შეუდგნენ.
შესასვლელში ვხვდებით ქვის კიბეს, რომელსაც შავი ფერის მოაჯირები ამშვენებს და შენობის მონაცრისფრო ფასადსა და ფანჯრებს ეხამება, ხოლო მისი გარე ნაწილი მწვანე მცენარეებითა და ქოთნებითაა გაფორმებული.
სართულებს ერთმანეთთან ყავისფერ და თეთრ ფერებში გადაწყვეტილი კიბე აკავშირებს, მის ქვემოთ კი ხის მაგიდაა განთავსებული, ქოთნებითა და სხვა დეკორატიული ნივთებით.
რაც შეეხება მისაღებს, აქ შეხვდებით სხვადასხვა მცენარეებს, ჟურნალების მაგიდას, რამდენიმე სავარძელს და დიდ ფანჯარას, რომელიც კედელს მთელ სიგრძეზე მიუყვება.
მისაღებ ოთახს უერთდება სამზარეულოც და ხაზს უსვამს სახლის მფლობელების ყვავილებისადმი სიყვარულს, რადგან სხვა ოთახების მსგავსად, ქოთნის მცენარეებს აქაც დიდი რაოდენობით ვხვდებით.
სამზარეულოს კედელი მუქ, მოლურჯო ფერებშია გადაწყვეტილი და თეთრი ორნამენტები აფორმებს, მისი ძირითადი ნაწილი კი თეთრ და ნაცრისფერ ფერებში დაპროექტებული მაგიდა და ყავისფერი ხის სკამებია.
საძინებელი სახლში საკმაოდ დიდ ფართობს იკავებს. აქ ვხვდებით როგორც დიდი ზომის საწოლს, ასევე თეთრ, ვინტაჟურ ჭაღსა და ნაცრისფერ დიზაინში გაფორმებულ კედლებსაც.