in

დიზაინის ისტორია: ვერნერ პანტონის საკულტო Panton Chair

მიუხედავად იმისა, რომ Panton Chair-ის ისტორიაში საკმაოდ ბევრი გამოტოვებული მონაკვეთია, ერთი რამ, რისი თქმაც დიზაინის ისტორიკოსებს დანამდვილებით შეუძლიათ, არის ის, რომ ვერნერ პანტონმა თავის ჩანაფიქრზე მუშაობა ჯერ კიდევ 1950-იან წლებში დაიწყო, ხოლო მზა პროტოტიპი პირველად 1956 წელს, ევროპული ავეჯის დიზაინის კონკურსზე იქნა წარმოდგენილი.

ცნობილი სკამის გამოჩენის ისტორია მრავალი ჭორით იყო მოცული, თავად დიზაინერი კი პლაგიატში არაერთხელ დაადანაშაულეს. არსებობს მოსაზრება, რომ პანტონმა ეს იდეა თავისი დანიელი კოლეგის – არნე იაკობსენისგან ისესხა, სხვა ექსპერტები კი Panton Chair-ს გერიტ რიტველდის არანაკლებ ცნობილი სკამის – Zig-Zag-ის გადასხვაფერებულ ვარიანტად მიიჩნევენ.

1960 წელს პანტონმა დაიწყო ისეთი ქარხნის ძიება, რომელსაც მისი შემოქმედების გაცოცხლება შეეძლო. ევროპაში მოგზაურობისას, როდესაც დანიელ დიზაინერს თან Dansk Acryl Teknik-ის სატესტო ნიმუში ჰქონდა, მან მამა-შვილი, ვილი და როლფ ფელბაუმები გაიცნო, რომლებიც პანტონის იდეით აღფრთოვანდნენ და სკამის Vitra-ს ბრენდის ქვეშ წარმოება შესთავაზეს.

მოხრილი სკამის პირველი ნიმუშები 1967 წელს დამზადდა. იმ დროს ეს სკამი ცივად დაპრესილი მინით გამყარებული პოლიესტერისგან მზადდებოდა, რაც, ხელით შესასრულებელი სამუშაოს დიდი მოცულობის გამო უარყოფილ იქნა. გარდა ამისა, პანტონი პროდუქციის ხარისხითა და მაღალი საბოლოო ფასით უკმაყოფილო იყო. ამის შემდეგ, 1968 წელს პოლიურეთანის ქაფი გამოიგონეს, თუმცა პრობლემა ამანაც ვერ გადაჭრა, რადგან ჩამოსხმის შემდეგ ზედაპირს ფრთხილი დამუშავება და გაპრიალება სჭირდებოდა. კიდევ ორი წლის შემდეგ, იმედისმომცემი თერმოპლასტიკური პოლისტირონი გამოიგონეს. სამწუხაროდ, მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ მასალისგან დამზადებული სკამი ძალიან მყიფე იყო. შვეიცარიული ბრენდის – Vitra-ს რეპუტაცია, შემოსული საჩივრების გამო, საფრთხის ქვეშ დადგა და პანტონის სკამის წარმოება უნდა შეჩერებულიყო.

მხოლოდ 20 წლის შემდეგ, 1990-იან წლებში შვეიცარიულმა ქარხანამ კვლავ დაიწყო ცნობილი სკამის წარმოება, ამჯერად ინექციური პოლიპროპილენის გამოყენებით. სკამის ეს ბოლო, მეოთხე ვერსია არა მხოლოდ გამძლე, არამედ ეკოლოგიურად სუფთაც არის. Panton Chair-ის წარმოების ისტორია არის ნათელი მაგალითი არა მხოლოდ წარმატებული ორიგინალური იდეის დაბადებისა, არამედ მაჩვენებელი ტექნოლოგიის ყველა სირთულისა და არასრულყოფილებისა, რომელსაც დიზაინერები დღემდე აწყდებიან.

საინტერესო ფაქტები

№ 1

2008 წელს სკამის საბავშვო ვერსია – Panton Junior გამოჩნდა. ვერსია მოზრდილებისთვის განკუთვნილ სკამზე 20%-ით მცირეა და თავად პანტონის ჩანაფიქრის მიხედვით არის შექმნილი, თუმცა ეს დიზაინ ობიექტი მისი გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა.

№ 2

სკამის საზურგე იმდენად მყარია, რომ ზრდასრული ადამიანის წონას ადვილად უძლებს.

№ 3

სკამს დასაჯდომის გასამაგრებელი საშუალება არ აქვს. სადგამი მთლიანად გლუვია.

№ 4

სკამის ავთენტურობის ერთ-ერთი დამადასტურებელი ნიშანია ვერნერ პანტონის ავტოგრაფი სადგამის ბოლოში.

№ 5

საკულტო სკამი არა მხოლოდ 60-იანი წლების დიზაინის სიმბოლო, არამედ სექსუალური რევოლუციის ცნობადი ნიშანიც გახდა. Pantom Chair, ცნობილ მომღერალ ამანდა ლირთან ერთად, ბრაიან დაფის ფოტოპროექტის – “How To Seduce Your Husband”-ის მთავარი გმირი გახდა.

№ 6

ჟურნალ Vogue-ის ყდა, რომელზეც გამოსახულია შიშველი ქეით მოსი, რომელიც Panton Chair-ზე პოზირებს, პოპ კულტურის ისტორიის მთავარ ელემენტად იქცა.

№ 7

2008 წელს იტალიელმა დიზაინერმა – ფაბიო ნოვემბრემ Panton-ის ქმნილება ხელახლა წარმოადგინა და Casamania ბრენდისთვის საკუთარი Him & Her სკამები შექმნა, რომლებიც ადამისა და ევას შექმნის ბიბლიურ ისტორიას ეფუძნება.

ბინა არაყიშვილის ქუჩაზე – “იდააფ არქიტექტორების” ნამუშევარი

ალფრედ ბრამსენის არტ დეკოს სტილის ბინა ჰაკნიში