მიკონოსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული, მშვენიერი კუნძულია, რომელიც ტურისტების ფავორიტ ლოკაციებს შორის წამყვან ადგილს იკავებს. მისი პოპულარობიდან გამომდინარე, ბუნებრივია, აქ უამრავი ძვირადღირებული ვილაა აგებული, რომლებიც თანამედროვე მინიმალისტური არქიტექტურული სტილით ხასიათდება, ამიტომ ისეთი სახლების აღმოჩენა, რომელთაც ტრადიციული, სტუმართმოყვარე ატმოსფერო გამოარჩევთ, იშვიათი ფუფუნებაა.
სწორედ ასეთი ვინტაჟური საზაფხულო ვილაა Papyrella, 1980-იან წლებში აგებული ექვსსაძინებლიანი შენობა, რომლის თითოეული დეტალი ჰარმონიასა და გლამურს ასხივებს. ვილის რენოვაციაზე ათენელმა არქიტექტურულმა სტუდიამ, Architecture Research Practice-მა იმუშავა, თუმცა მის დიზაინის შექმნაში დიდი როლი შეასრულეს ვილის მფლობელებმა, არქიტექტორმა სოფია ქსანთაკუმ (Sofia Xanthakou) და ხელოვნებათმცოდნე ანდრეას მელასმა (Andreas Melas). სოფიამ და ანდრეასმა საკუთარი ხელით შეიძინეს ორიგინალური, ვინტაჟური ავეჯი, ნახატები, აქსესუარები და ა.შ. , რამაც Papyrella ისეთ სასურველ ვილად გარდაქმნა, რომელსაც საზაფხულო რომანტიკულ ფილმებში თუ შევხვდებით.
შენობა პორტთან ახლოს, შემაღლებულ ბორცვზეა აგებული და მიკონოსის 360 გრადუსიანი პეიზაჟითაა განებივრებული – ვილის სტუმრებს თვალწინ ეშლებათ ტალღების, კამკამა წყლისა და გამჭვირვალე ცის ხედი.
Papyrella-ს ორი სართული აქვს და მისი გეგმა ნიადაგის ბუნებრივ ფორმას ესადაგება. მთავარი სასტუმრო ოთახი და სამი საძინებელი ზედა სართულზე მდებარეობს, დამატებით ორი საძინებელი ოთახი კი – ქვედაზე. ვილის უნიკალური ლოკაციიდან გამომდინარე, სახლის ნებისმიერი ოთახიდანაა შესაძლებელი ზღვის ხედით ტკბობა. შენობის ეზოში დამატებითი, მომცრო ზომის შენობაა აგებული, სადაც განთავსებულია მეექვსე საძინებელი ოთახი. ექსტერიერში ასევე გვხვდება სამლოცველო. Papyrella-ს მთელ გაყოლებაზე აქვს ტერასები და აივნები, სადაც მის სტუმრებს დასვენება შეუძლიათ, თუმცა მისი ნამდვილი გული აუზია, სადაც დღის განმავლობაში ყველა დამსვენებელი ერთად ტკბება მიკონოსის მშვენიერი ამინდით.
ვილის ინტერიერი იდეალურ ბალანსს ამყარებს ვინტაჟურ და საბერძნეთის კუნძულოვანი სახლების ტრადიციულ სტილს შორის. კედლები და ჭერი ძირითადად შეთეთრებულია, ხის კარებსა და ფანჯრებს სიცოცხლით სავსე მომწვანო ფერი დაჰკრავთ, მარმარილოს ავეჯს და ტერაცოს დიზაინის იატაკს კი შენობაში ელეგანტური შტრიხები შეაქვთ.
შენობაში დომინანტურ როლს თეთრი ფერი ასრულებს, ამიტომ დიზაინერებმა გადაწყვიტეს ჰარმონიული ბალანსი არ დაერღვიათ და ავეჯი ძირითადად პასტელის ფერებში შეარჩიეს. აქა-იქ გვხვდება წითელი და ლურჯი სკამები და ფერადი აქსესუარები, რომელთაც ინტერიერის მთელ სურათში აქცენტირების ფუნქცია აკისრიათ. Papyrella-ს ინდივიდუალურ ვიზუალს დიდწილად განაპირობებს ვინტაჟური ნახატები, ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშები, რომლებიც აქაურობას ჭეშმარიტად ხმელთაშუაზღვისპირულ სამოთხედ აქცევს.
ფოტოგრაფი: Yiorgos Kordakis