პარიზის დიზაინის კვირეულის ისტორია 2011 წლიდან, პლატფორმა „Maison&Objet“-ის ორგანიზებით იწყება, რომელიც დიზაინის, ინტერიერის, არქიტექტურისა და კულტურული პროცესების განვითარებას უწყობს ხელს.
პარიზის დიზაინის კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო საზოგადოება დიზაინის დღესასწაულს ზეიმობს. აქ წამყვანი დიზაინერები, არქიტექტორები და დეკორატორები საკუთარ შემოქმედებას წარადგენენ და ერთმანეთს ნამუშევრებს უზიარებენ, დამთვალიერებლები კი კვირეულის აღსანიშნავად მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან სტუმრობენ პარიზს.
ღონისძიება, რომელიც პარიზში წელს 7-16 სექტემბერს გაიმართება, სტუმრებსა და მონაწილეებს გამოფენებისა და ინსტალაციების ნახვის, ვორქშოფებსა და შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობას აძლევს. ამავდროულად, ის მნახველებს დიზაინისა და დეკორაციის ახალ ტენდენციებსა და ინოვაციებს შესთავაზებს.
წლევანდელი პარიზის დიზაინის კვირეულის თემაა — „Vivant, Vivants“, რაც ითარგმნება, როგორც „ცოცხალი“. ფესტივალი რამდენიმე განსხვავებულ ადგილას ჩატარდება და პარიზის 4 უბანში გადანაწილდება, როგორებიცაა: Rive Gauche; Marais -Bastille; Opéra- Concorde -Étoile და Palais-Royal, სადაც მოეწყობა სცენები, შოურუმები, გალერეები, სახელოსნოები და გამოფენები.
კვირეულის ფარგლებში გაიმართება 9 პანელ-დისკუსიაც, სადაც მსოფლიოს წამყვანი დიზაინერები და არქიტექტორები ინდუსტრიის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, მათ შორის:
- იაპონური არქიტექტურის გავლენა ინდუსტრიაზე
- არქიტექტურისა და დიზაინის ციფრული სახით გარდაქმნა
- ქალების წვლილი დიზაინში და სხვა.
აღსანიშნავია ისიც, რომ გამოფენაზე წარმოდგენილი მრავალფეროვანი პროდუქცია ორ ძირითად კატეგორიად იქნება დაყოფილი: „Object“ განყოფილება მიეძღვნება დეკორატიულ აქსესუარებს, „Maison“-ის განყოფილება კი უახლესი სტილის დეკორაციასა და სახლის ინტერიერს.
პარიზის დიზაინის კვირეულის მთავარი მიზანია, დიზაინით დაინტერესებულ პირებს გააცნოს მსოფლიოს წამყვანი დიზაინერების მიერ შექმნილი ნამუშევრები და უახლესი ტენდენციები, ხელი შეუწყოს ამ სექტორის განვითარებას და ახალბედა შემოქმედებს მისცეს შესაძლებლობა, საკუთარი ნამუშევრები წარუდგინონ ფართო აუდიტორიას.