in

ბინა ნიუ-იორკში პარიზული და ამერიკული სტილთა სინთეზით

Banner M2
Banner M2

ბინა, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, „გრემერსის პარკის“ მახლობლად მდებარეობს და ახალგაზრდა ოჯახს ეკუთვნის. ოჯახი წარმოშობით საფრანგეთიდანაა, რის გამოც ინტერიერში ამერიკულ სტილთან ერთად, ფრანგული შტრიხებიც გვხვდება. ერთი მხრივ, პროექტს პარიზული დახვეწილობა და ეკლექტიზმი ახასიათებს, რაც თანამედროვე ხელოვნების ობიექტებსა და დეკორაციებში აისახება, მეორე მხრივ კი როიალი, ვინტაჟური ჭაღი, ტრადიციული ფორმები და ამერიკული სტილის შპალერი სახლში მანჰეტენის ხმაურიან ხასიათს აცოცხლებს.

საკმაოდ დიდი სივრცე უჭირავს ბიბლიოთეკას, რომელიც მისაღები ოთახის გვერდით მდებარეობს და ტყავის დახვეწილი ავეჯი ამშვენებს. წიგნების ფერები მაგიდაზე განთავსებული დეკორაციების ფერებთანაა თანხვედრაში, რაც მთლიანობაში სასიამოვნო და ერთიან ატმოსფეროს ქმნის. აღსანიშნავია ხალიჩის უჩვეულო დიზაინიც, რომელსაც ოთახში დამატებითი ფერები და ტექსტურა შემოაქვს. საბოლოო ჯამში კი ბიბლიოთეკა იდეალურად უსვამს ხაზს სახლის მეპატრონეების ხასიათსა და წარმომავლობას.

სამზარეულო, სხვა ოთახებთან შედარებით, მცირე ზომისაა და აქ მუქი ფერებისა და ტყავის დეტალების ნაცვლად, თბილი და ღია ტონალობები ჭარბობს. ვარდისფერი კარადების ერთიანობა სივრცეში სასიამოვნო, მშვიდ განწყობას ქმნის. ხის ზედაპირები იატაკის საფართანაა თანხვედრაში, მრავალფეროვანი და განსხვავებული აქცენტების გასაღვიძებლად კი კედლის ნახატები, ყვავილები და ჭურჭელია გამოყენებული.

რაც შეეხება საძინებელს, ბინის ეს ნაწილი საკმაოდ დიდი და ნათელია. ოთახში სინათლის შემოსვლასა და გავრცელებას დიდი ფანჯრებისა და აივანზე გასასვლელი კარის გარდა, ხელს კედლების ღია ფერიც უწყობს. გარდა ამისა, კარადაზე განთავსებული სარკეები მზის სხივების არეკვლასა და გავრცელებაზეა პასუხისმგებელი. აქაურობა მდიდარია მცენარეებითა და სხვადასხვა დეკორაციებით, რაც მთლიანობაში, ვინტაჟისა და ფრანგული დახვეწილობის ხასიათს აღძრავს.

პროექტის კიდევ ერთ გამორჩეულ ნაწილს სააბაზანო წარმოადგენს, სადაც დომინანტურ განწყობას კერამიკული ფილები და ოქროსფერი დეტალები ქმნის. ბინის მეპატრონეებს ყვავილები არც აბაზანაში დავიწყებიათ, ონკანის სახელურები და სხვა მცირე დეტალები კი გამორჩეული ფორმისა და დიზაინის ჭაღს შეუხამეს.

პროექტი საკმაოდ მყუდრო, თბილი და დახვეწილია. მიუხედავად ავეჯის და ნივთების რაოდენობისა, სივრცეები არ არის გადატვირთული, ფერების იდეალური ბალანსის დახმარებით კი ინტერიერში ერთიანობა და ჰარმონია იგრძნობა.

ფერადი და მყუდრო ბინა უნივერსიტეტის ქუჩაზე — თაკო უნდილაშვილის ნამუშევარი

8 მარტივი გზა ინტერიერში საგაზაფხულო შეგრძნების გასაღვიძებლად