Parquet Gallery იატაკის საფარისა და პარკეტის მოვლა-შენარჩუნებისთვის საჭირო პროდუქციის მიმართულებით ერთ-ერთი გამორჩეული კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომლის მთავარი უპირატესობა ხარისხიანი პროდუქცია, მრავალფეროვანი არჩევანი და მომხმარებელზე ორიენტირებული, ინდივიდუალურ მიდგომაზე დაფუძნებული მომსახურებაა. ეს მიდგომა გულისხმობს თითოეული პროექტის ზედმიწევნით შესწავლას, პარკეტის საფარის დანიშნულებისა და გამოყენების კვლევას და მხოლოდ ამის შემდგომ შესაფერისი, სივრცეზე მორგებული პროდუქტის შეთავაზებას დამკვეთისთვის. აღსანიშნავია, რომ Parquet Gallery თანამშრომლობს საერთაშორისოდ აღიარებულ ბრენდებთან, როგორებიცაა შვედური კომპანია „ჩერსი”, „KAHRS” და გერმანული „PALLMANN”. სულ მალე კი ამ სიას ავსტრიული ბრენდი – „MAFI”-ც შეუერთდება, რომლის პარკეტის კოლექცია ეკოლოგიური სისუფთავით, მრავალფეროვანი დიზაინით და ზედაპირის დამუშავების უნიკალური ტექნოლოგიით ხასიათდება. კომპანიის მიზანია, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების პროდუქცია ადგილობრივი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს და მათ ხელსაყრელი პირობები შეუქმნას. დღევანდელ სტატიაში Parquet Gallery-ის წარმომადგენელი, პიარისა და მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი, ელენე გვარამაძე გვესაუბრება კომპანიის მომსახურების, საქმიანობის, შექმნისა და იმ საინტერესო გზის შესახებ, რამაც ქართულ ბაზარზე მისი მოწინავე პოზიცია განაპირობა.
ელენე, პირველ რიგში, გვიამბეთ, როდის გამოჩნდა კომპანია Parquet Gallery ქართულ ბაზარზე და როგორია მისი შექმნის ისტორია?
კომპანია Parquet Gallery 2019 წელს დაარსდა და მას შემდეგ მუდამ ზრდისა და განვითარების პროცესშია. თავდაპირველად, საქმე ძალიან ვიწრო წრეში დავიწყეთ, ფაქტობრივად, საოჯახო ბიზნესია. სულ რამდენიმე ადამიანისგან შექმნილი იდეით განხორციელებული პროექტი.
მოგეხსენებათ, საქართველოში მშენებლობა ეკონომიკის ძალიან მზარდი და კომპლექსური სექტორია, რომელსაც არაერთი სხვადასხვა მიმართულება და ასპექტი აქვს. პარკეტი ამ ბიზნესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. ბაზარზე არსებობდა მოთხოვნა, რომ სტანდარტულ, ორიგინალურ არჩევანთან ერთად, ყოფილიყო მაღალი ხარისხის, სანდო და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. სწორედ ამან განაპირობა შვედურ კომპანია „ჩერსისთან” თანამშრომლობის იდეა. „ჩერსი” მაღალი ხარისხის, განსაკუთრებული დიზაინის პარკეტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მწარმოებელია მსოფლიოს მასშტაბით, რომელსაც 1941 წელს მიენიჭა პატენტი თანამედროვე ინჟინირებული ხის მრავალშრიანი იატაკის გამოგონებისთვის.
კომპანიის პირველი ნაბიჯები იოლი არ ყოფილა, რადგან მალევე პანდემიის ძალიან რთული პერიოდი დაიწყო, რომელმაც მთელი ბიზნესი გააჩერა. ამის მიუხედავად, განვითარება და ზრდა არ შეგვიწყვეტია. ეს გულისხმობდა პროდუქტის ფართო ასორტიმენტის შექმნას, პოტენციურ მყიდველთან მაქსიმალურად ფართო არჩევანის შეთავაზებას, თავად ბაზრის, მყიდველთა სეგმენტისა და მათი გემოვნება-ინტერესების კვლევას, შესაბამისი პროდუქციის შემოტანას, მომსახურების სისტემის გამართვას, მყიდველებთან ურთიერთობას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის თითოეული მყიდველი ცალკე ისტორიაა. ეს არ არის მხოლოდ მომსახურების სფერო, რომელიც რაღაცის ყიდვას და შემდეგ ურთიერთობის გაწყვეტას გულისხმობს. პირიქით, თითოეული მყიდველისგან გვაინტერესებს, რა ტიპის პროდუქცია სჭირდება, როგორ მოერგება ჩვენი შეთავაზება მის მოთხოვნილებებს, როგორ მიდის სამუშაო პროცესი. ჩვენთან პროდუქციის ყიდვა ერთჯერადი აქტი კი არა, მთელი თანამშრომლობის პროცესია. ხშირად არის ისეთი შემთხვევები, როდესაც წლების წინ ჩვენგან შეძენილი და უკვე დაგებული პარკეტის შემთხვევაშიც მომხმარებელი გვიკავშირდება და აგრძელებს კონსულტაციას პროდუქტის მოვლასთან დაკავშირებით, ამიტომ დამკვეთებთან კომუნიკაციას არ ვწყვეტთ. Parquet Gallery-თვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო განვითარება და ბაზარზე სხვა საერთაშორისო პარტნიორების პოვნა. ამიტომ სულ მალე ავსტრიულ ბრენდთან „MAFI”-თან ვიწყებთ თანამშრომლობას. თუმცა, როგორც ზემოთ ვახსენე, ეს ოჯახურ-მეგობრულ წრეში შექმნილი ბიზნესია და ამ სულისკვეთებით და პრინციპებით ვაგრძელებთ მუშაობას.
რა არის კომპანიის მიზანი და კონკრეტულად რა მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებელს?
კომპანიის მიზანია, რომ ევროპული კლასისა და ხარისხის პარკეტი, მთელი თავისი განსხვავებულობით, ორიგინალურობით, გამძლეობითა თუ დიზაინით მივიდეს ქართულ ბაზრამდე და ახალი ტიპის პროდუქცია შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს. პარკეტი შიდა დიზაინის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც მთავარ განწყობას ქმნის. ამიტომ პარკეტის შეძენა და მისი დაგება მთელი ხელოვნებაა. ძალიან ინდივიდუალური და ორიგინალური პროცესია, რადგან მხოლოდ ხარისხს კი არა, დიზაინისა და საჭიროების კუთხითაც უამრავი სხვადასხვა დეტალია გასათვალისწინებელი. მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რისთვის გინდათ პროდუქტი – სასტუმროსთვის, საკვები ობიექტისთვის, კერძო სახლისა თუ ბინისთვის. იმასაც კი ექცევა ყურადღება, თუ რომელ სართულზე აგებთ, რა დატვირთვა აქვს პარკეტს – ამიტომ სამონტაჟო პროცესი უამრავი ასეთი დეტალისგან შედგება, რაც არსებითად ცვლის სურათს. ჩვენი მომსახურების მთავარი მიზანი სწორედ ესაა — გვინდა, მომხმარებელს სწორედ ამ დეტალებზე ორიენტირებული პროდუქცია შევთავაზოთ და მთლიანობაში, გრძელვადიან პერსპექტივაში, შევცვალოთ აღქმა იმისა, თუ რას ნიშნავს პარკეტის შეძენა თუ დაგების კომპლექსური და საინტერესო პროცესი.
როგორც ვიცით, Parquet Gallery „KAHRS”-ის და „PALLMANN”-ის პროდუქციასაც აერთიანებს. გვიამბეთ დეტალურად ამ კომპანიების შესახებ. რა მახასიათებლებით გამოირჩევა თითოეული მათგანი?
„KAHRS”-ი 1857 წელს დაარსდა ქალაქ ნიბროში, შვედეთის ტყის სიღრმეში. ის 160 წელზე მეტია მოღვაწეობს პარკეტის ინდუსტრიაში და დღეს ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ამავდროულად ნოვატორული კომპანიაა ხის პროდუქტების მიმართულებით. „KAHRS”-ის მრავალწლიანი ისტორია სხვადასხვა მნიშვნელოვან ინოვაციას უკავშირდება, რამაც გლობალურად შეცვალა ხის პარკეტის ინდუსტრია — დაწყებული მრავალშრიანი პარკეტებიდან, დამთავრებული ჩამკეტი სისტემით — „Woodloc® 5S”-ით, რომელიც არ საჭიროებს წებოს გამოყენებას. ასევე ეს პროდუქტი ითვლება მსოფლიოში ყველაზე ძლიერ ჩამკეტ სისტემად. სწორედ ეს ინოვაციური პროდუქტი გამოარჩევს „KAHRS”-ს სხვა პარკეტების მწარმოებლებისგან.
რაც შეეხება „PALLMANN”-ს, ის შეიქმნა 1903 წელს გერმანიაში, როგორც ოჯახური ბიზნესი. კომპანია გვამარაგებს პრემიუმ ხარისხის გერმანული პროდუქციით, რომელიც საჭიროა ხის იატაკის ინსტალაციისთვის, რენოვაციისთვისა და მოვლა-შენარჩუნებისთვის. მათი პროდუქცია ძალიან პოპულარულია, გამომდინარე იქიდან, რომ მომხმარებელს სთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა და მრავალფეროვან პროდუქციას.
დასაწყისში თქვენ ახსენეთ, რომ სულ მალე Parquet Gallery ავსტრიულ ბრენდ „MAFI”-სთან ითანამშრომლებს. გვიამბეთ ამ კომპანიის შესახებ უფრო ვრცლად, რატომ დაინტერესდით მისით?
„MAFI” ავსტრიული კომპანიაა, რომელიც 1919 წელს დაარსდა ავსტრიაში ფილაფერების ოჯახის მიერ. კომპანიით დავინტერესდით იმიტომ, რომ „KAHRS”-ის მსგავსად, „MAFI”-ც ეკოლოგიურად სუფთა პარკეტს აწარმოებს, რომლის უმეტესი ნაწილი ავსტრიის ქარხნებში ხელით მუშავდება. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ადამიანი დროის უმეტეს ნაწილს სახლში ატარებს, „MAFI”-ს თავის მოვალეობად მიაჩნია მომხმარებლისთვის ისეთი პროდუქციის შეთავაზება, რომელიც სუფთა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო იქნება. კომპანიის ნაწარმი განკუთვნილია როგორც იატაკზე გამოსაყენებლად, ასევე ჭერზე, კედლებსა და კიბეებისთვის. ასევე, მისი მეშვეობით შესაძლებელია ხის ზედაპირის მქონე ავეჯის დამზადებაც. „MAFI”-ის ხის იატაკების კოლექცია ნამდვილად სცდება ადამიანის წარმოსახვის უნარს, რადგან ის გვთავაზობს იატაკის საფარს განსხვავებული და მრავალფეროვანი ნახატებითა თუ დიზაინით. ამასთან ერთად, მათი პროდუქცია გამოირჩევა ზედაპირის უნიკალური დამუშავების ტექნიკით, რაც ბაზარზე დიდ უპირატესობას ანიჭებს. ხაზგასასმელია ისიც, რომ კომპანია თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა „Audi”, „Hugo Boss”, „Louis Vuitton”, „Google”, „Giorgio Armani” და ა.შ.
გარდა პარკეტის მრავალფეროვანი პროდუქციისა, თქვენს კომპანიაში შესაძლებელია პარკეტის მოვლისთვის საჭირო პროდუქტების შეძენა. რას გულისხმობს ეს ხაზი და რა უნდა გაითვალისწინოს ამ მხრივ მომხმარებელმა?
დიახ, ჩვენი თანამშრომლობა მომხმარებელთან არ სრულდება მხოლოდ პარკეტის შეძენით. როგორც უკვე ვახსენე, ჩვენ შემოგვაქვს „PALLMANN“-ისა და „KAHRS“-ის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია პარკეტის მოვლა-შენარჩუნებისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი პროდუქტები უმნიშვნელოვანესია პარკეტის სწორად შენახვისთვის, თავს ვალდებულად ვთვლით, მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის მსგავსი პროდუქცია შევთავაზოთ. ეს ხაზი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ყველა დამკვეთს ინდივიდუალურად ვურჩევთ მოვლის კონკრეტულ საშუალებას პარკეტის ზედაპირის დამუშავებიდან გამომდინარე, რათა იატაკის საფარმა შეინარჩუნოს პირველადი სახე და არ დაკარგოს ფერი დროთა განმავლობაში. ამიტომ მომხმარებელს ვურჩევთ, პარკეტის მოვლისთვის საჭირო პროდუქცია ყურადღებით აარჩიონ, რადგან არასწორმა მოვლამ შეიძლება შეცვალოს პროდუქტის ფერი, დააზიანოს ზედაპირი და გააჩინოს ლაქები.
როგორ ფიქრობთ, როგორი ტიპის მომხმარებელზეა თქვენი პროდუქცია გათვლილი?
ერთი სიტყვით რომ აღვწეროთ, Parquet Gallery-ის პროდუქცია ხარისხზე ორიენტირებულ მომხმარებელზეა გათვლილი. თუმცა, ამ ერთი სიტყვის მიღმა ბევრი სხვადასხვა ასპექტი იმალება. ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ, როგორც დიდ კომპანიებთან, რომელთაც გრძელვადიანი გეგმები აქვთ და აქცენტს ხარისხზე აკეთებენ (მაგალითად, არავის უნდა, რომ ახლად აშენებულ სასტუმროში იატაკი 5 წელიწადში გამოსაცვლელი გახდეს), ასევე კერძო პირებთან. ჩვენს შოურუმში, იატაკებთან ერთად, ფასებიც მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომია. შესაბამისად, ვცდილობთ, ბიზნესის და, ზოგადად, საზოგადოების ბევრი სხვადასხვა ფენა მოვიცვათ.
რა გამოარჩევს „Parquet Gallery“-ის ამ სფეროში მოღვაწე სხვა კომპანიებისგან?
აუცილებლად ხარისხი და მრავალფეროვანი არჩევანი. ყველაზე მეტად კი რითაც ვამაყობთ კი მყიდველზე მორგებული მომსახურება და მასთან ინდივიდუალურად მუშაობის კულტურაა. „ჩერსის“ ან „MAFI“-ის ხარისხზე ბევრი საუბარი არც არის საჭირო, რადგან ეს კომპანიები ხარისხის გარანტია ისევე, როგორც, მაგალითად „Mercedes-Benz“-ი საავტომობილო ბიზნესში, ან „Real Madrid“-ი ფეხბურთში, თუმცა, ის, რაც ჩვენ ადგილზე შევქმენით, ინდივიდუალური მუშაობის მაღალი დონის კულტურაა. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ უკვე მეორე წელია, რაც „Golden Brand“-ის (ყველაზე გავლენიანი და პრესტიჟული ჯილდო საქართველოში, ბიზნესის სექტორში, რომელიც 2006 წელს დაარსდა) დაჯილდოებაზე პირველ ადგილს ვიკავებთ საუკეთესო იატაკის საფარის ნომინაციაში.
დაბოლოს, გვიამბეთ კომპანიის სამომავლო გეგმებზე
კომპანიის ძირითადი პროფილი და განვითარების მიმართულება არჩეული გვაქვს. სამომავლოდ გვინდა, ჩვენ მიერ შეთავაზებული არჩევანი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ და ვფიქრობთ, რამდენიმე ამ ინდუსტრიის სხვა, დიდ გიგანტებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარებას და მათი პროდუქციის ქართველ მომხმარებლამდე მიტანას. ამასთან ერთად, ბაზარზე გატარებული 5 წელი არცთუ ისე დიდი დროა. ამიტომ კომპანიის ცნობადობის ზრდა, მათ შორის თბილისის მიღმა აქტიური საქმიანობა ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებაა.
[R]