in

ახალგაზრდა წყვილის პასტელური ინტერიერი ზემო ვაკეში – სტუდია “დუეს” ნამუშევარი

დღევანდელ სტატიაში გიამბობთ ინტერიერზე, რომლის დიზაინ პროექტი სტუდია „Due”-ს მიერ არის შესრულებული. ბინა მდებარეობს თბილისში, ნუცა ღოღობერიძის ქუჩაზე მდებარე „ნამაი ვაკეს“ კომპლექსში და მისი საერთო ფართობი 100 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

როგორც პროექტის ავტორები გვიამბობენ, მათთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა, შეექმნათ მაქსიმალურად პრაქტიკული საცხოვრებელი გარემო ახალგაზრდა ოჯახისთვის. წყვილს სურდა სისადავით გამორჩეული, ნათელი ბინა, სადაც ყველაფერი მოერგებოდა ოჯახის თითოეული წევრის კომფორტს და ამავდროულად, არაფერი იქნებოდა ზედმეტი.

დიზაინის კონცეფცია დამკვეთის სურვილებისა და კომპანიის ხედვის სინთეზმა სივრცის მინიმალისტურ, თანამედროვე გადაწყვეტამდე მიიყვანა. ბინის საერთო პალიტრა ნაზი, ბუნებრივი და პასტელურია. ერთმანეთისგან რამდენიმე ტონით განსხვავებული ფერები სივრცეს მონოქრომულ იერსახეს სძენს, რასაც ინტერიერში განსაკუთრებული სიმშვიდისა და დახვეწილობის შეგრძნება შემოაქვს.

მინიმალიზმისთვის დამახასიათებელი სიცივის ასარიდებლად, ბინაში დომინანტურად ჭარბობს ხის სადა ფაქტურა, რამაც სივრცეს უფრო თბილი და მყუდრო განწყობა მიანიჭა. თუმცა, მონოქრომული ესთეტიკის შესანარჩუნებლად, ხის ფერი ბინის საერთო პალიტრის ღია ტონალობებიდან შეირჩა. სხვადასხვა ობიექტის მიღმა დამალული, თბილი განათებით კი, ინტერიერს განსაკუთრებული სიმყუდროვე და დახვეწილობა შეემატა.

აღნიშნული პროექტის კიდევ ერთი საინტერესო შტრიხი მინიმალისტური კარებია, რომლებიც, ფაქტობრივად, კედლების იმიტაციაა და იდეალურად ერწყმის დამალული განათებების სისადავეს. სივრცის მაქსიმალურად ასათვისებლად გამოყენებული იქნა — ტევადი ჩაშენებული კარადები, რომელიც ერთი მხრივ, ადგილს ზოგავს, მეორე მხრივ კი, ინტერიერის საერთო ესთეტიკაში ჰარმონიულად ინტეგრირდება.

რუბრიკის წარმდგენია საქართველოს ბანკი

კარი ჩარჩოს გარეშე – 4 მთავარი მიზეზი მისი არჩევისთვის

როგორ შევარჩიოთ იდეალური ფერი კედლისთვის?