რამდენიმე მარტივი ხრიკის საშუალებით პატარა აბაზანაც კი შეიძლება ფართო და ნათელი გამოჩნდეს. ამისათვის საჭიროა მოხერხებულობა, დღეს კი სწორედ ამ ხრიკების შესახებ ვისაუბრებთ.
- მეტი სათავსო
როდესაც პატარა აბაზანა გაქვთ, მნიშვნელოვანია, რომ სივრცე მაქსიმალურად აითვისოთ და მასში რაც შეიძლება მეტი სათავსო მოაწყოთ. მაგალითად, ნიჟარის ზემოთ, სარკის ნაცვლად, შეგიძლიათ კომპაქტური სარკის კარადა ჩამოკიდოთ, სადაც მოათავსებთ კოსმეტიკას, სუნამოს და სხვა ყველა სახის წვრილმანს, რომელიც ყოველთვის ახლოს უნდა გქონდეთ. ნიჟარის ქვემოთ კი შეგიძლიათ კარადა დაამონტაჟოთ ან რბილი სამრეცხაო კალათა მოათავსოთ.
- შეინარჩუნეთ წესრიგი
პატარა ოთახში არეულობა მაშინვე შესამჩნევი ხდება და ეს სივრცეს ვიზუალურად კიდევ უფრო ამცირებს. დაიტოვეთ მხოლოდ ის, რაც გჭირდებათ – დანარჩენი ნივთები სხვა ადგილას მოათავსეთ ან დახურულ კარადებში შეინახეთ. გაითვალისწინეთ, რომ, თუ ღია თაროებზე და საკიდებზე ბევრი ნივთი გაქვთ მოთავსებული, შესაძლოა, პატარა აბაზანა სწრაფად შემჭიდროვდეს. ეს განსაკუთრებით ეხება დამატებით პირსახოცებს, რომლებიც საკიდებზე გროვდება. ამიტომ, რეგულარულად აკონტროლეთ სიტუაცია და სივრცეს ზედმეტი ნივთები მოაშორეთ.
- არ დაგავიწყდეთ დეტალები
პატარა აბაზანა მოსაწყენს არ ნიშნავს. აირჩიეთ მარტივი დიზაინი, მაგრამ დეტალები არ დაივიწყოთ. მცირე აქსესუარები, რომლებიც სივრცეს არ ტვირთავს, არასოდესაა ზედმეტი, პირიქით, ეს საერთო შთაბეჭდილებას გააუმჯობესებს და ოთახის ზომიდან ყურადღების გადატანაში დაგეხმარებათ. შეგიძლიათ გამოიყენოთ სურნელოვანი სანთლები, ლამაზი ფლაკონი ან ყვავილი პატარა ლარნაკში – ეს ყველაფერი დიდ ადგილს არ იკავებს, თუმცა სივრცეს ინდივიდუალურობას ანიჭებს და მას ელეგანტურს ხდის.
- ფერი
სწორი ფერი წარმატების გასაღებია. იმისთვის, რომ პატარა სივრცე უფრო დიდი გამოჩნდეს, ის ერთგვაროვანი და ნათელი უნდა იყოს. ჭერისთვის, კარისთვის და კედლებისთვის თეთრი ან ღია ელფერი გამოიყენეთ. იმისათვის, რომ ინტერიერი ერთფეროვანი არ გამოვიდეს, შეგიძლიათ მას დაამატოთ ნათელი აქცენტები ფერადი პირსახოცების, აბაზანის ლამაზი ფარდის, ცოცხალი მცენარეების ან კედლისთვის მოხატული ფილების გამოყენების საშუალებით. ასევე, შეგიძლიათ იატაკისთვის ორნამენტებიანი ფილები მოსინჯოთ.
- სარკეები და მინა
სარკეები, რომლებიც სივრცეს აფართოებს, პატარა აბაზანაში აუცილებელია. სარკე სივრცეს იმაზე ფართოდ წარმოაჩენს, ვიდრე ის რეალურად არის. კიდევ ერთი ხრიკი არის მინის დაფა, რომელიც აბაზანას გამოყოფს დანარჩენი სივრცისგან. გამჭვირვალე მინა სივრცეს არ ავსებს ვიზუალურად, არამედ ირეკლავს და ატარებს შუქს.
ასევე კარგი გამოსავალია აბაზანისთვის სარკის ზედაპირის გამოყენება: ეს თქვენი აბაზანის ფართობს ვიზუალურად გაზრდის და მასში საინტერესო ოპტიკურ ეფექტს შექმნის.
- განათება
რაც უფრო მეტი სინათლეა აბაზანაში, მით უფრო დიდი ჩანს სივრცე. რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც ოთახში ფანჯარაა, მაგრამ ქალაქის სტანდარტული ბინებისთვის აბაზანაში ფანჯარა ჩვეული მოცემულობა ნამდვილად არ არის. ამიტომ, იზრუნეთ აბაზანის კარგ განათებაზე. გამოიყენეთ კაშკაშა ზედა განათებები და განათების მქონე სარკეები იმისთვის, რომ სივრცეში არ დარჩეს ბნელი კუთხეები, რომლებიც სიმძიმის შეგრძნებას ქმნის.
სარკის კარადა ჩაშენებული განათებით პატარა აბაზანისთვის საუკეთესო გამოსავალია.
- ფუნქციონალურობა
პატარა აბაზანის ყოველი მილიმეტრი ფუნქციონალური უნდა იყოს. თაროები, კარადები, უჯრები, საკიდები – ყველაფერი ერთ მიზანს უნდა ემსახურებოდეს: სივრცის მაქსიმალურად ორგანიზებას. პატარა ოთახებისთვის საუკეთესო ვარიანტია ავეჯის შეკვეთით დამზადება. თუ ეს შესაძლებელია, მოძებნეთ მრავალფუნქციური ნივთები. მაგალითად, თაროსთან შერწყმული სარკე ან ჩაშენებული კომოდის მქონე კომპაქტური ნიჟარები.
რუბრიკა “მყუდრო სახლის” წარმდგენია კომპანია ელიტ ელექტრონიქსი