აირენ განთერი (Irene Gunter) ცნობილი ინტერიერის დიზაინერია, რომელიც საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, დახელოვნებულია პატარა ბინების კეთილმოწყობაში. აირენსა და მის მეუღლეს დიდი ხნის განმავლობაში უწევდათ ხმაურიანი მეზობლების ქვედა სართულზე ცხოვრება, რაც მათ ოჯახურ იდილიას მუდამ არღვევდა, ამიტომ აირენის მიერ შექმნილი ინტერიერით ტკბობაც რთულდებოდა.
ახალ სახლში გადასვლისას აირენმა გადაწყვიტა, რომ აუცილებლად ყველაზე მაღალ სართულზე დაედოთ ბინა, რათა იგივე პრობლემებს აღარ შეეწუხებინა მათი პატარა ოჯახი. მათ ახალ ბინას ორი საძინებელი ოთახი, სამზარეულო და ერთი სააბაზანო გააჩნდა მისაღებ ოთახთან ერთად, თუმცა აირენის ახალი დაგეგმარების საშუალებით ბინაში მესამე საძინებელი და ახალი საპირფარეშოც „გაჩნდა“. თავისი პატარა ბინის ინტერიერის შექმნის შემდეგ აირენმა ბევრი ახალი რამ აღმოაჩინა და მრავალი გამოსადეგი რჩევის გაცემაც შეძლო, რომლებსაც უცვლელად გთავაზობთ.
აირენის ახალი, ლონდონური ბინის ცენტრში დიდი ჰოლი მდებარეობს, რომლის დანახვა ნებისმიერი ოთახიდანაა შესაძლებელი. დიზაინერის თქმით, მარტივი იქნებოდა ჰოლის უბრალო, თეთრ „ყუთად“ ქცევა, თუმცა მას სურდა, სახლის ამ ნაწილს მეტი სახასიათო ელემენტი ჰქონოდა, ამიტომ მისი კედლები და ჭერი კედრის პანელებით შენიღბა – მასალით, რომელიც ძირითადად ექსტერიერში გამოიყენება.
გაშლილი სივრცის მქონე სასტუმრო ოთახი აირენმა მშვიდ, ნაზ ფერებში გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ დაკვეთების შესრულებისას რადიკალურ, ნათელ ფერებს ანიჭებს უპირატესობას. ამ სასტუმრო ოთახში თეთრი კედლები ამავე ფერის პარკეტი გვხვდება, თუმცა აქა-იქ ნაცრისფერი დეტალებიც შეიმჩნევა. აქ მდებარე კერა და ბუხარი გრანიტითაა დაფარული, ბუხრისწინა მხარე დამზადებულია მდფ-სგან და შეღებილია თეთრად, რაც ინტერიერისთვის საკმაოდ ბიუჯეტურ, ჭკვიანურ გადაწყვეტილებას წარმოადგენს.
რაც შეეხება სამზარეულოს, ის მარმარილოს კედლებით გამოირჩევა, რომლებიც პარკეტის ორნამენტის მსგავსადაა დაწყობილი. აირენის დეკორატორმა სამზარეულოს უნიკალური კარადა თავისი ხელით შეღება – მას ლურჯი საღებავის ცხრა ფენა აქვს გადასმული. აირენის თქმით, ძელი ავეჯის რენოვაცია და გადასხვაფერება ნებისმიერი ბინის რემონტისას საკმაოდ მომგებიანი და ჭკვიანური არჩევანია.
საძინებელ ოთახებთან დაკავშირებით აირენის მთავარ სურვილს დიდი შესანახი სივრცის მოწყობა წარმოადგენდა, ისე, რომ არ დაკარგულიყო ოთახის ფართობი. მთავარ საძინებელში საწოლი მიყუდებულია ყალბ კედელზე, რომლის უკან ტანსაცმლის შესანახი ტერიტორიაა განთავსებული. აქ გვხვდება იატაკიდან ჭერამდე გაჭიმული გარდერობი და ფანჯრის რაფები, რომელთა ქვეშ უჯრებია ჩაშენებული. ასეთივე ჩაშენებული სათავსოები შეგვიძლია მთელ სახლში აღმოვაჩინოთ.
ფოტოგრაფი: Paul Massey