in

პატარა ბინის დიზაინის ანბანი

Banner M2
Banner M2

საიდან უნდა დავიწყოთ, როგორ გავაგრძელოთ და როგორ არ დავუშვათ შეცდომები პატარა ბინის დიზაინის დაგეგმვისას? ჩვენ ჩამოვაყალიბეთ 6 კითხვა, რომელიც აუცილებლად უნდა დაუსვათ საკუთარ თავს იმ შემთხვევაში თუ პატარა ბინის რემონტს აპირებთ:

1. რა არის მთავარი პატარა ბინის დიზაინში?

 

დეტალური დაგეგმარება და სწორად გათვლილი ბინის ერგონომიკა. ყველა საგანმა უნდა გაიაროს მკაცრი შერჩევა მომავალში ბინის „ჩახერგვის“ თავიდან აცილების მიზნით. ბინა მაქსიმალურად მოირგეთ თქვენი სურვილების შესაბამისად, თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ მომავალში მისი გაყიდვის შემთხვევაში მის ახალ მფლობელებს სამზარეულო და სათავსოები აუცილებლად დასჭირდებათ. შესაბამისად, ეს ორი რამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, სულაც საკუთარ რესტორანში რომ იკვებებოდეთ და პირადად თქვენთვის სამზარეულოს არსებობის საჭიროებას ვერ ხედავდეთ.

2. სივრცის გაზრდის რა ხერხები არსებობს?

ყველაზე ბანალური და გავრცელებული ხერხი სარკეების გამოყენებაა, ასევე ფუნქციონალურად განსხვავებული სივრცეების გაერთიანება. მნიშვნელოვანია ფერებით თამაში რაც სივრცის გაზრდის ეფექტს იძლევა. ზომაში კარგად შერჩეული (დაბალი), ცალკე მდგომი ავეჯი ასევე ხელს უწყობს ფართის ვიზუალურ ზრდას. შეგიძლიათ გამოიყენოთ რაიმე საგნები, რომლებიც სტუმრის თვალს მიიზიდავს და სივრცის შეფასებიდან ყურადღებას მასზე გადაატანინებს. კედლების, პლინტუსების, კარებებისა და ჭერის ერთ ფერში შეღებვა ასევე ზრდის სივრცის განცდას. ეფექტურია ე.წ „ავეჯი-ტრანსფორმერის’’გამოყენება.

3. რისი გაკეთებაა აუცილებელი პატარა ბინაში?

უნდა გვახსოვდეს რა მიზნებს ემსახურება ბინა, თუმცა აუცილებლად მოახერხეთ კარგი სათავსოს მოწყობა. დამალული საგნები სივრცეს უფრო გაშლის და ამის შემდგომ სილამაზისთვის დაგრჩებათ ადგილი. იატაკის საფარი აუცილებლად გააკეთეთ ერთგვაროვანი და ერთ ფერში, ვინაიდან სივრცეების იატაკის ფერებით გამოყოფა ამცირებს ვიზუალურ ეფექტს. არ დადგათ გასაშლელი დივანი, ეს კარგი განწყობისა და ჯანმრთელობის მტერია. იზრუნეთ იმ მასალების ხარისხზე, რომლებიც თვალსაჩინო ადგილზეა განთავსებული. პატარა ბინებს არ უხდება რამდენიმე დიზაინერული სტილის ერთმანეთში არევა.

4. ჩვენ გვესაჭიროება ორი სველი წერტილი, სათავსო, კაბინეტი, დამოუკიდებელი საძინებელი, თუმცა ყველაფერი არ ეტევა. რა შეგვიძლია დავთმოთ?

თუ არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება, ოთახები პრიორიტეტულობის მიხედვით ასე შეგვიძლია დავალაგოთ: დამოუკიდებელი საძინებელი, სათავსო, კაბინეტი და მეორე სველი წერტილი. პატარა ბინებში დამოუკიდებელი საძინებელი და სათავსო ხელშეუხებელი ფასეულობაა. სივრცეების გაერთიანებითა და კომბინირებული ავეჯის მეშვეობით კაბინეტი საძინებელში ან სასტუმრო ოთახში შეგვიძლია მოვაწყოთ.

5. ღია თუ მუქი ფერები?

არ არსებობს კონკრეტული ფორმულა. ღია ფერი სივცეს ზრდის, თუმცა მუქი ფერებით შესაძლებელი ხდება ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ზედაპირებს შორის საზღვრის ერთგვარი მოშლა, რაც ვიზუალურ ეფექტს იძლევა. მთავარია, ფერები გამოვიყენოთ კომბინირებულად. მაგალითისთვის, ჩრდილოეთისკენ გამავალ ოთახებში ღია ფერები ფერმკთალდება, ხოლო მზიან მხარეს მუქი ფერების გამოყენება არაა ეფექტური. ფერების გამოყენების ეფექტურობა დამოკიდებულია ჭერის სიმაღლეზე, კედლების მდებარეობაზე, ფანჯრის სიმაღლეზე. მთავარია, თქვენს ბინაში გამოყენებული ფერი იყოს არაერთგვაროვანი.

6. რამდენი კვადრატული მეტრია საჭირო თქვენი ბედნიერებისთვის?

რა თქმა უნდა, ბედნიერების განცდა ადამიანის შინაგანი მდგომარეობაა, თუმცა ამ განცდის გამძაფრებისთვის 50 კვადრატული მეტრი სავსებით საკმარისია თუ ყველაფერს დეტალურად და გონივრულად დავგეგმავთ.

სახლი სადაც სამი თაობა ერთად ცხოვრობს

სახლის რეკონსტრუქცია გლობალური პანდემიის დროს