in

პატარა ბინის მოწყობის 9 მთავარი წესი

პატარა ბინებში თითოეული კვადრატული მეტრისთვის ბრძოლა გვიწევს. დღეს გვინდა რამდენიმე პრაქტიკული რჩევა შემოგთავაზოთ, რომელიც ამ ბრძოლაში გაგამარჯვებინებთ.

1. მონოქრონული გამა

დღეისათვის ნათელი ფერებისა და „Color blocking”-ის (სხვადასხვა მკვეთრი ფერების კომბინაცია) ტექნიკა პოპულარულია, თუმცა პატარა სივრცეებში მისი გამოყენებისგან უმჯობესია თავი შევიკავოთ და უფრო ტრადიციულ გადაწყვეტილებებს მივყვეთ. მაგალითად, ბინა ერთიან ფერთა გამასა და სტილში გავაფორმოთ.

ყველაზე ეფექტური ვარიანტია თეთრი, ბეჟი და სხვა ნათელი ელფერები. შესაძლებელია სხვა ფერებზე ექსპერიმენტირებაც. დიზაინერები პატარა სივრცეებში სამ ძირითად ფერზე მეტის გამოყენებას არ გვირჩევენ, ამასთან ორი მათგანი ნათელი უნდა იყოს.

2.არ გამოიყენოთ “Mix&Match” პრინციპი

კიდევ ერთი პოპულარული ხერხი რომელიც პატარა სივრცეებში არაეფექტურია, არის “Mix&Match”, რომელიც “შერევასა და შეხამებას” გულისხმობს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჯეიმს ბონდის საყვარელი პრინციპი ამ შემთხვევაში არ მუშაობს. სხვადასხვა მკვეთრი პრინტების პატარა სივრცეში არევა ვიზუალურ კაკაფონიას იწვევს.

უმჯობესია, არჩევანი ერთტონიან შპალერზე და ტექსტილზე შეარჩიოთ, ვინაიდან ისინი უკეთესად ირეკლავენ შუქს და ვიზუალურად ამსუბუქებენ სივრცეს. თუ თქვენ ყვავილოვანი ან გეომეტრიული პრინტები მოგწონთ, მაშინ წვრილი ნახატი გამოიყენეთ.

3.რომაული ფარდები ან ჟალუზები სტანდარტული ფარდების ნაცვლად

თუ თქვენ ფარდასა და ჟალუზს შორის არჩევანის წინაშე დგახართ, მეორე აირჩიეთ.  უკანასკნელის ალტერნატივად კი რომაული ფარდების გამოყენება შეგიძლიათ. სტანდარტული ფარდისგან განსხვავებით ის სივრცეს არ ამძიმებს და ფანჯრის ორივე მხარეს დარჩენილი თავისუფალი ადგილის გამოყენების საშუალებას იძლევა. აქ ვიწრო თაროების ან რაიმე დეკორის ჩამოკიდება შეგიძლიათ. ისეთი ჟალუზი აარჩიეთ, რომელიც კარგად ატარებს შუქს და დღის შუქს მაქსიმალურად გამოგაყენებინებთ.

4.ზედა თაროები

ნებისმიერი ოთახი არა მარტო კვადრატულ, არამედ კუბურ მეტრებშიც იზომება. თუ სააბაზანოში პატარა კარადის ადგილი არაა, კარს ზემოთ არსებულ თავისუფალ ადგილზე თაროს დაკიდებას შეძლებთ. მაქსიმალურად აითვისეთ ნებისმიერი თავისუფალი კუთხე-კუნჭული და ამგვარად პატარა სივრცე მოხერხებული და ფუნქციური გახდება.

5.უარი თქვით ზედმეტ ავეჯზე

როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, ზედმეტი ნივთები ნებისმიერ სახლში გროვდება. ავეჯი გამონაკლისი არაა. თუ თქვენ ორნი ცხოვრობთ, დაიტოვეთ ორი სკამი და სტუმრებისთვის დამატებით რაიმე კომპაქტური დასაჯდომი მოიფიქრეთ. ეს შეიძლება იყოს დასაკეცი სკამები, რომელსაც კარის უკან შეინახავთ, ან ერთმანეთში ჩასაწყობი ტაბურეტები.

თუ თქვენ სასტუმრო ოთახში სადილობთ,  დიდი მაგიდა სამზარეულოში აღარ გჭირდებათ. ის დასაკეცი მაგიდით ან „ბარით“ შეცვალეთ. სასტუმრო ოთახში დიდი დივანის ნაცვლად კომპაქტური სავარძლების გამოყენებაა შესაძლებელი.

6.მრავალფუნქციური ავეჯი

„პოდიუმიანი“ საწოლი ჩაშენებული სათავსოებით ან გამოსაგორებელი დამატებითი საწოლით, პუფები, რომელშიც ფეხსაცმელების ან სხვა პატარა ნივთების შენახვაა შესაძლებელი, ავეჯი-ტრანსფორმერი – ყველაფერი ეს ადგილს გვიზოგავს და პატარა ბინას მყუდრო და ფუნქციურად აქცევს.

7.ავეჯი შეკვეთით

პატარა სივრცეებისთვის უმჯობესია ავეჯის შეკვეთით დამზადება, ის ოთახის კონფიგურაციას მაქსიმალურად მოერგება. შევეთილი ავეჯი უფრო ძვირი ჯდება, მაგრამ შედეგი ამად ნამდვილად ღირს. ყველა კუთხე ასი პროცენტით გექნებათ ათვისებული.

8.მეტი შუშა

ყველა მასალას მისთვის დამახასიათებელი თვისება აქვს. ხე სივრცეს სითბოსა და მყუდროებას მატებს, მარმარილო – სიმდიდრესა და ელეგანტურობას, შუშა კი პატარა სივრცეების საუკეთესო მეგობარია. დიდი ფანჯრები, შუშის კარი და ტიხრები, ავეჯი და სამზარეულოს შუშის მაგიდა – ყველაფერი ეს პატარა ფართს ნათელს, მსუბუქსა და ჰაეროვანს ხდის.

9.მეტი სარკე

და ბოლოს, შუშა შუქს ატარებს, სარკე კი მას ირეკლავს. სწორად განაწილებული სარკეები შესაძლებელია იმ ჯადოსნურ ჯოხად იქცეს, რომელიც პატარა ოთახს მაგიური მოქმედებით გაზრდის და უფრო ნათელს გახდის.

რა უნდა გავითვალისწინოთ ხის იატაკის საფარის შერჩევისას

სახლის ტური: სტინგის “ვილა” ტოსკანაში