in

პატარა სააბაზანოს გეგმარება – რამდენიმე მაგალითი რეალური პროექტებიდან

სააბაზანოს დაპროექტება ერთ-ერთი ურთულესი ამოცანაა, რადგან, როგორც წესი, ტიპურ ქალაქურ ბინებში ამ ოთახისთვის დიდი ფართობი არ არის გამოყოფილი. თუმცა, დიზაინერები ასეთ პირობებშიც მშვენივრად ახერხებენ სივრცის ჭკვიანურად დაგეგმარებას. დღეს რამდენიმე პრაქტიკულ გზას შემოგთავაზებთ იმისათვის, რომ მცირე ფართობის სააბაზანოში საჭირო ნივთები კომპაქტურად განათავსოთ.

3,9 მ2 ფართობის სააბაზანო

ამ ბინის მეპატრონეებს მინიმალისტური ინტერიერის შექმნა სურდათ, რაც სააბაზანოს დიზაინშიც არის გათვალისწინებული. კედლები და იატაკი მოპირკეთებულია ნეიტრალური ტონებისა და ბუნებრივი ტექსტურის მქონე კერამოგრანიტით. ერთი კედელი მთლიანად აბაზანას ეთმობა. მის გვერდით განთავსებულია ნიჟარა უჯრებით და სარეცხი მანქანა. უნიტაზი შემოსასვლელში დგას, ხოლო მასთან არსებული კედლის ზედა ნაწილი ჩაშენებულ კარადებს უკავია.

2,8 მ2 ფართობის სააბაზანო

მცირე ფართობის მიუხედავად, ამ ოთახში ყველაფერია: საშხაპე, უნიტაზი და სარეცხი მანქანა, რომელიც ნიჟარის ქვეშაა განთავსებული. ნივთების შესანახად კედელში არსებული ნიშაა გამოყენებული, რომლის შიგნითაც მინით დაფარული თაროებია მოწყობილი.

3,6 მ2 ფართობის სააბაზანო

ეს პატარა სააბაზანო ისეა დაგეგმარებული, რომ ოთახში ეტევა საშხაპე, ნიჟარა, უნიტაზი და სარეცხი მანქანა, რომლის ზემოთ არსებული სივრცე კარადას უკავია.

2,8 მ2 ფართობის სააბაზანო

ეს სააბაზანოც საკმაოდ პატარაა, თუმცა ამ ფაქტმა დიზაინერს ხელი ვერ შეუშალა, ოთახში ყველაფერი განეთავსებინა: საშხაპე, ნიჟარა უჯრებით, უნიტაზი და ჩაშენებული კარადა.

 

3,8 მ2 ფართობის სააბაზანო

ამ პატარა, სტუდიოს ტიპის ბინაში სააბაზანო და სამრეცხაო ერთმანეთისგან გამოყოფილი იყო, დიზაინერმა კი ისინი გააერთიანა.

ამრიგად, გაერთიანებული ოთახის ფართობი, რომელიც საშხაპეს, ნიჟარასა და სარეცხ მანქანასთან ჩაშენებულ კარადას მოიცავს, თითქმის 4მ2-ია. სააბაზანოს ერთ-ერთი მთავარი ელემენტი კარადაა, რომლის ფასადი, თავისი სტილითა და ფორმით, სარკის შესაბამისია.

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

სამეცადინო მაგიდა და სკამი — რა უნდა ვიცოდეთ მათ სწორად შესარჩევად

როგორ გავზარდოთ სივრცე ვიზუალურად რემონტის გარეშე