in

როგორ მოვაწყოთ პატარა სამზარეულო-სასადილო – 10 პრაქტიკული რეკომენდაცია

მცირე ზომის ფართი არ შეიძლება გახდეს დაბრკოლება მოდური, ლამაზი და კარგად გათვლილი ინტერიერის შესაქმნელად. მართალია, ზომას ყოველთვის აქვს მნიშვნელობა, თუმცა ძალიან პატარა სივრცეც კი შეიძლება გამოიყურებოდეს იდეალურად იმ შემთხვევაში თუ ყველაფერი სწორად არის დაგეგმილი. წესები მარტივია: მაქსიმალურად გამოიყენეთ ყველა თავისუფალი ზედაპირი, იფიქრეთ არასტანდარტულად, ნუ შეგაშინებთ ექსპერიმენტები ფერებით და გამოიყენეთ ცნობილი მეთოდები სივრცის ვიზუალურად გასაზრდელად. ქვემოთ შემოგთავაზებთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას თქვენი სამზარეულო-სასადილოს მოსაწყობად, რომლებიც სწორედ ამ უმთავრეს პრინციპებზე დაყრდნობით არის შემუშავებული:

1.ნუთუ უჯრები და კარადები არაა საკმარისი?!

ეს ერთ-ერთი ხშირად დასმული შეკითხვაა პატარა სამზარეულოების შემთხვევაში. პასუხი კი შემდეგია: არა, არ არის საკმარისი. მცირე ზომის სივრცეებში განსაკუთრებით აქტუალურია სათავსოების საკითხი, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ყველა შესაძლო ვარიანტის გამოყენება. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის საკიდები, მეტალის მილები, კაუჭები ან მაგნიტები ტაფებისა და სამზარეულოს აქსესუარებისთვის და ა.შ.

2.ნათელი ფერები

იმისთვის, რომ პატარა სამზარეულო ძალიან გადატვირთული არ აღმოჩნდეს, უპირატესობა მიანიჭეთ ნათელ ფერებს. თანამედროვე საღებავის ბრენდები ამ მხრივ ძალიან დიდ არჩევანს გვთავაზობენ, ამიტომ თქვენ მარტივად მოუძებნით შემცვლელს ბანალურ თეთრ ფერს.

3.ნიშები და ღია თაროები

ყურადღებით შეისწავლეთ თქვენი სამზარეულო. ძალიან პატარა ზომისა და ერთი შეხედვით უმნიშვნელო ნიშებიც კი შესაძლოა ფუნქციურ სათავსოებად აქციოთ. ჩაშენებული თაროები ყოველთვის კარგი იდეაა.

4.ხელოვნების ნიმუშები

ვინ თქვა, რომ პატარა სამზარეულო აუცილებლად მოსაწყენი უნდა იყოს? რა თქმა უნდა, არა! განათავსეთ კედლებზე ნახატები, ფოტოები ან პოსტერები. ამ გზით თქვენი ინტერიერი ნამდვილად უნიკალურ სახეს მიიღებს და თქვენთან მოსული სტუმრები ფართის სიმცირეზე არასდროს გაამახვილებენ ყურადღებას.

5.მცენარეები

სიმწვანე იდეალური გზაა ინტერიერის გამოსაცოცხლებლად. ოთახის მცენარეები კიდევ ერთი ხერხია იმისთვის, რომ მთელი ყურადღება მცირე ზომის ფართზე არ იყოს ფოკუსირებული. იმ შემთხვევაში თუ ფანჯრის რაფაზე არ გაქვთ ადგილი, შეგიძლიათ ჩამოსაკიდი მცენარეებით მორთოთ თქვენი სამზარეულო.

6. ზედა იარუსი

იმ შემთხვევაში თუ თქვენი სამზარეულოს ავეჯი ჭერამდე არ აღწევს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს სივრცე სათავსოდ. შეიძინეთ ერთი სტილის მქონე ყუთები, კალათები ან კონტეინერები და მოათავსეთ მათში ისეთი ნივთები, რომლებსაც ყოველდღიურად არ იყენებთ.

7.მრგვალი მაგიდა

მრგვალი სასადილო მაგიდა ბევრად ნაკლებ სივრცეს იკავებს, ვიდრე ოთხკუთხა. შესაბამისად, მცირე ზომის სამზარეულო-სასადილოსთვის ის იდეალური ვარიანტია.

8. ღია ფერის სამზარეულოს ფასადები

ღია ფერის სამზარეულოს ავეჯი და ნათელი კედლის ფერები საშუალებას იძლევა, რომ მასიური კარადების ეფექტი ერთგვარად შემსუბუქდეს. მკვეთრი დეტალები და აქსესუარები კი თქვენს პატარა სამზარეულოს ორიგინალურ იერსა და სიცოცხლეს შემატებს.

9.ბარი სტანდარტული მაგიდის ნაცვლად

მცირე ზომის სამზარეულოებში სასადილოს ფუნქცია ბარის მაგიდასა და სკამებს შეუძლია შეითავსოს. ამასთანავე ბარი ზონირების იდეალური გზაა და ის საშუალებას იძლევა, სამზარეულო ვიზუალურად გამოიყოს სასადილო ზონისგან.

10. გორგოლაჭებიანი სათავსო

მოძრავი სათავსო სისტემა ყოველთვის კარგი იდეაა პატარა სივრცეებში. მასში მარტივია ნივთების დახარისხება და ის საშუალებას იძლევა, რომ ნებისმიერი საჭირო რამ ყოველთვის “ხელთან ახლოს” გვქონდეს.

კერძო სახლი ავლაბარში – “სტუდია 9”-ის პროექტი

თანამედროვე კლასიკა – ორი სტილის სინთეზით მიღებული ინტერიერი