სკანდინავიელებს პატარა სივრცეების მოწყობა შესანიშნავად გამოსდით. ბუნებრივი მასალების საშუალებით მათ მიერ შექმნილი მსუბუქი ესთეტიკა და ხშირ შემთხვევაში მდიდარი ბუნებრივი განათება, ნებისმიერ პატარა სახლს ლამაზ, სინათლით აღსავსე ოაზისად აქცევს.
ეს პატარა ლოფტი (ან სტუდიოს ტიპის ბინა) შვედეთის ქალაქ გოტენბურგში მდებარეობს. 35მ2-ის ფართობის მქონე ბინა საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზეა განთავსებული. ასე რომ, სახლი არა მხოლოდ პატარაა, არამედ მას აქვს დახრილი ჭერი, რომელიც გამოსაყენებელ სივრცეს კიდევ უფრო ზღუდავს.
თუმცა, საბედნიეროდ, ბინას ორივე მხარეს ფანჯრები აქვს, რაც სივრცის ბუნებრივი სინათლით ავსებას უზრუნველყოფს. პატარა ლოფტი გაფორმებულია ტიპურ ჩრდილოურ სტილში თეთრი კედლებით, თეთრი ხის ავეჯით და ასევე ბუნებრივი ფერის დეკორით. შედეგი არის განსაცვიფრებელი პატარა სივრცე, რომელიც კერძო სახლის ატმოსფეროს ქმნის.
თეთრი ჩარჩოს მქონე ულამაზესი ფანჯარა ისეა დამონტაჟებული, რომ მის ქვეშ დივნისთვის საკმარისი ადგილი რჩება. მოპირდაპირედ არის პატარა L- ფორმის სამზარეულო ღია ნაცრისფერი კარადებით.
ძილისთვის განკუთვნილი სივრცე გამოყოფილია ნახევარი კედლით, რომელიც ერთოთახიან ბინაში საცხოვრებელი და საძინებელი ზონების გამოსაყოფად შესანიშნავი გადაწყვეტაა.
იქვე, ფანჯრის წინ დგას IKEA-ს პატარა ხის მაგიდა, რომელიც საძინებელ სივრცეში პატარა სახლის ოფისის ატმოსფეროს ქმნის. კარადის კარები სარკის ზედაპირით ბნელი კუთხეების განათებას უწყობს ხელს.