მსოფლიოში უამრავი კარგი დიზაინერი და არქიტექტორია, თუმცა, მათ შორის არიან ისეთებიც, რომელთა ხელწერა ყველასგან განსხვავებულია. სწორედ ეს იდენტობა ხდის მათ გამორჩეულს და სახელგანთქმულს. ერთ-ერთი ასეთი დიზაინერი და არქიტექტორია ესპანელი პატრიცია ურკიოლა, რომლის ხელწერა მის თითოეულ ნამუშევარში ნათლად ჩანს.
პატრიციას სტილს ყველაზე მეტად თანამედროვე ტექნოლოგიებისადმი პატივისცემა და ინოვაციური/სრულიად ახლებური მიდგომები ქმნის. ეს ადამიანი ძალიან შორსაა მოძველებული საგნებისგან და სურს, რომ საყოფაცხოვრებო ნივთები მაქსიმალურად ორიენტირებული იყოს ფუნქციაზე და არ იყოს გადატვირთული ან ძველმოდური.
პატრიციას შესახებ საუბარი ალბათ ძველი პერიოდიდან უნდა დავიწყოთ, როცა მან 1989 წელს მადრიდში არქიტექტურის ფაკულტეტი დაამთავრა, რასაც შემდგომ იტალიაში, მილანის პოლიტექნიკუმში სწავლის გაგრძელება მოჰყვა. მას ხელმძღვანელობდნენ იტალიური ინდუსტრიული დიზაინის ისეთი ოსტატები, როგორებიც არიან აქილე კასტილიონი და ვიკო მაგისტრეტი, რომლებთანაც მან შექმნა თავისი პირველი პროექტები. სწავლის დამთავრების შემდეგ, ურკიოლა მუშაობდა ასისტენტ პროფესორად 1990– დან 1992 წლამდე. 1996 წელს იგი ხელმძღვანელობდა Lissoni Associati დიზაინის ჯგუფს, სადაც ის დარჩა 2000 წლამდე. საბოლოოდ, 2001 წელს პატრიციამ საკუთარი სტუდია გახსნა მილანში, რის მერეც მის სახელს აღიარება არ მოჰკლებია.
დაარსების დღიდან ურკიოლას დიზაინის სტუდიამ შეინარჩუნა თავისი უნიკალური მიდგომა თანამედროვე ფორმების შექმნით. აქ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა მასალებს, შაბლონებსა და პალიტრებს. სტუდია იყენებდა სამრეწველო პრაქტიკის ფარგლებში არსებულ ხელოსნურ ტექნიკასა და ესთეტიკას.
პატრიციას სტუდია დღემდე მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობს. მისი ნამუშევრებს შორისაა ბარსელონას Mandarin Oriental Hotel–ისა და მილანის Four Seasons Hotel–ის პროექტები. ასევე, პროდუქტის დიზაინი ისეთი ბრენდებისთვის, როგორიცაა Baccarat და Louis Vuitton. ავეჯის ბოლო წლების შემოქმედება მოიცავს მის Flo სკამებს (შექმნილია Driade– სთვის 2004 წელს), ასევე მის Fjord–ის სავარძელს, რომელიც პატრიცია მოროსომ 2002 წელს შეუკვეთა.
2015 წლიდან პატრიცია იკავებს სამხატვრო ხელმძღვანელის მნიშვნელოვან და გავლენიან პოზიციას წამყვან იტალიური ავეჯის კომპანია Cassina–ში. ამ პოზიციაზე ყოფნის განმავლობაში, მან შექმნა Beam sofa (2016), Floe Insel (2017), Bowy sofa (2018) და Back-Wing chair (2018).
მისი ნამუშევრები აღიარებულია ისეთი ჯილდოებით, როგორიცაა ესპანეთის ოქროს მედალი სახვით ხელოვნებაში. მრავალ პუბლიკაციაში მას ასევე უწოდებენ წლის დიზაინერს, მათ შორის Elle Decor-ში. 2018 წელს ურკიოლას ნამუშევარი იყო ”პატრიცია ურკიოლა: ხელობასა და ინდუსტრიას შორის” გამოფენის მთავარი თემა ფილადელფიის ხელოვნების მუზეუმში.
ასევე 2018 წელს, ურკიოლა უწევდა კურირებას გამოფენას “კასტილიონი”, ტრიენალე დი მილანოში, აქილე კასტილიონის დაბადებიდან ასი წლისთავის აღსანიშნავად, რომელიც მისი მრჩეველი და მასწავლებელი იყო მილანის პოლიტექნიკუმში.
2011 წელს მას მიენიჭა მედალი “de Oro al Mérito en las Bellas Artes” და იზაბელა კათოლიკოსის ორდენი ესპანეთის მეფე ხუან კარლოს I- ის მიერ. ის დღემდე აქტიურად თანამშრომლობს სხვა არქიტექტორებთან და დიზაინერებთან.