ეს დახვეწილი პენტჰაუზი სტოკჰოლმში, ერთ-ერთ ყველაზე ძველ უბანში მდებარეობს. ტერიტორია მდიდარია ისტორიული შენობებით, მდიდრული პროექტებითა და ხალხმრავალი ქუჩებით. XVII საუკუნის შენობა ახლახან გარემონტდა და თანამედროვე საცხოვრებლად გადაკეთდა
პენტჰაუზი აერთიანებს მდიდრულ და თანამედროვე ავეჯს ულამაზესი ხის დეტალებითა და გრანდიოზული ტერასით, რომელიც ქალაქს გადაჰყურებს. ქვედა სართულზე განთავსებულია მთავარი საცხოვრებელი სივრცე და სამი საძინებელი, ზემოთ კი დამატებითი მისაღები ოთახი, რომელსაც 33 კვადრატული მეტრის მქონე ტერასა გააჩნია.
მისაღები ოთახი საკმაოდ დიდია და მასში განსაკუთრებულ ხიბლს ქმნის ძველი იატაკის საფარი და ჭერზე არსებული ხის კონსტრუქცია. ამავდროულად, თანამედროვე ავეჯი და დეკორი ღია თბილ ფერებშია გადაწყვეტილი და სივრცის ერთიანობას უსვამს ხაზს. აქვეა მოწყობილი პატარა სასადილო კუთხე და ზონა დასასვენებლად ან სტუმრების მისაღებად. საინტერესოა ჭერზე და კედელზე განთავსებული ხის დეტალები, რომლებიც ბუნებასთან კავშირს ამძაფრებს და სივრცეს გამორჩეულ ხასიათს სძენს.
სამზარეულო შედარებით მცირე ზომისაა. აქ სივრცე მაქსიმალურად არის ათვისებული იმისთვის, რომ ის ფუნქციური და კომფორტული იყოს. სკანდინავიური სტილი თავისთავად ითვალისწინებს სიმყუდროვესა და სიმარტივეს. სწორედ იმისთვის, რომ სახლში ზამთრის სიცივე არ იგრძნობოდეს, ასეთი სტილი ხასიათდება თბილი, ღია აქცენტებით, ლაკონიურობით, ფუნქციურობითა და სუფთა ხაზებით, რასაც კარგად აქვს ხაზი გასმული სამზარეულოს დიზაინში.
მთავარი საძინებელი გამოირჩევა ნაცრისფერი ტონებითა და დეკორაციებით. საინტერესოა ოთახის ფორმაც, რომელიც ორივე მხარეს არის დახრილი და სხვენის მსგავს სივრცეს ქმნის. ერთფეროვანი და მოსაწყენი განწყობის ასარიდებლად, მწვანე მცენარეებია გამოყენებული, რომელთა დახმარებითაც სახლში საინტერესო კონტრასტი იქმნება. ცალკეა მოწყობილი პატარა სამუშაო კუთხე და განთავსებულია ცალკე მდგომი აბაზანაც, რაც ოთახს თანამედროვე განწყობას მატებს.
მეორე საძინებელი შედარებით პატარა და ფუნქციურია. სკანდინავიური სტილის ბინებში ფერი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს, რაც ამ კონკრეტულ პროექტშიც აისახება. სივრცის შესაქმნელად გამოყენებულია ნეიტრალური ტონები, რომლებსაც სინათლის არეკვლა შეუძლია. ფერები თითოეულ ოთახში მეორდება. ამას გარდა, მნიშვნელოვანია ხის დეტალებიც, რათა შენობის ისტორიული ფონი კიდევ უფრო უკეთ იყოს გამოკვეთილი.
საბავშვო საძინებელში ორ-სართულიან საწოლს ვხვდებით. ოთახს აქვს საკმაოდ დიდი ზომის ფანჯარა, საიდანაც სივრცე მზის ბუნებრივი შუქით ივსება. ინტერიერი არ არის ავეჯით გადატვირთულ და მინიმალიზმის პრინციპს იზიარებს.
რაც შეეხება აბაზანას, სახლის სხვა ნაწილისგან არც ეს სივრცე განსხვავდება. ძვირადღირებული სანტექნიკა და ავეჯი ელეგანტურ განწყობას აღძრავს. სახასიათო ატმოსფეროს ქმნის ქოთანში მოთავსებული მცენარეებიც.
საბოლოო ჯამში, პენტჰაუზი ძალიან მყუდრო, სადა და სასიამოვნოა. ოთახები არ არის გადატვირთული, რაც სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. მცენარეებისა და ნეიტრალური, ნათელი ფერების დახმარებით კი შექმნილია საინტერესო კავშირი ინტერიერსა და სტოკჰოლმის შთამბეჭდავ ბუნებას შორის.