დღევანდელ სტატიაში თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საცხოვრებელი კომპლექსის პენტჰაუზზე ვისაუბრებთ. კომპანია „Domus”-ის მიერ აშენებული ეს პრემიალური კლასის შენობა, უშუალოდ ვაკის პარკის წინ, ფალიაშვილის N87-ში მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 489 მ2-ია, საიდანაც 266 მ2 შიდა საცხოვრებელი ფართია, ხოლო 222 მ2 საზაფხულო სივრცეს ეთმობა.
დღეს ეს საოცნებო ბინა იყიდება. მის გაყიდვაზე ექსკლუზიურ უფლებას „Eristavi Estates “ ფლობს. როგორც „ერისთავი ესთეითსის“ დამფუძნებელი ზურაბ ერისთავი აცხადებს, ის თავიდანვე მოიხიბლა ბინის ადგილმდებარეობით, შესრულების ხარისხითა და ხედებით.
პენტჰაუზი ქართველ-ფრანგ წყვილს, ნია და ჯერომ რენიეებს ეკუთვნით. ისინი თბილისში თითქმის ხუთი წელია ორ ვაჟთან ერთად ცხოვრობენ, თუმცა ზაფხულში მადრიდში მიემგზავრებიან. წყვილი საქართველოში ჩამოსვლამდე, პარიზსა და ლონდონში ცხოვრობდა. ნია ლონდონში უძრავი ქონების მიმართულებით მუშაობდა, თბილისში გადმოსვლისას კი საბავშვო მაღაზია გახსნა. ჯერომი კინო პროდიუსერია, რომელიც პარიზში, ლონდონსა და ლოს-ანჯელესში საქმიანობს.
ოჯახმა ბინა მშენებარე მდგომარეობაში, 2018 წელს შეიძინა. წყვილი თავიდანვე მოიხიბლა სახლის ადგილმდებარეობითა და პროექტის რენდერებით. ბინის მთავარი უპირატესობა სწორედ მისი მდებარეობაა. ვაკის პარკთან სიახლოვე იდეალურ გარემოს ქმნის როგორც განტვირთვისთვისა და დასვენებისთვის, ასევე გართობისთვის. გარდა ქალაქის ცენტრში, ბუნებასთან სიახლოვისა, წყვილისთვის მნიშვნელოვანი იყო “ფრანგულ სკოლასთან” ახლო დისტანცია, რომელიც სწორედ ვაკის პარკთან მდებარეობს, რაც მშობლებისთვის დიდი უპირატესობა აღმოჩნდა.
პენტჰაუზის პროექტზე არქიტექტორ-დიზაინერმა ზვიად სურგულაძემ იმუშავა. მან ზუსტად გამოხატა წყვილის სურვილები, მათი ხასიათი და გემოვნება. შესაბამისად, დღეს პენტჰაუზი სამი საძინებლის, კაბინეტის, საერთო და სასადილო ოთახების, სამზარეულოსა და უზარმაზარი ტერასებითაა დაკომპლექტებული.
რემონტის მიმდინარეობისას შეიცვალა თავდაპირველი გეგმარება, რომელშიც საძინებლები და სველი წერტილები მე-14 სართულზე იყო განთავსებული, მე-13 სართული კი მისაღებ, სასადილო და სამზარეულო ოთახს ეთმობოდა. იმის გამო, რომ ბინის ერთ-ერთი გამორჩეულო ზონა მეორე სართულზე დაპროექტებული საკმაოდ ვრცელი ტერასაა, მთავარი საცხოვრებელი სივრცე სწორედ ამ სართულზე მოეწყო.
ინტერიერი კლასიკური და თანამედროვე სტილის სინთეზით ხასიათდება. წყვილს სურდა, ახალ საცხოვრებელში პარიზისა და ლონდონის ატმოსფერო შეეგრძნო, ამიტომ სივრცე ფრანგული და ინგლისური ესთეტიკის ელემენტებით შეიქმნა, როგორიცაა ხის დეტალები, მოლდინგები, კერამიკული მასალა და დიდი რაოდენობით თითბერი, რომელიც სახლს ბევრად უფრო ეფექტურს, დახვეწილსა და ელეგანტურს ხდის. შესაბამისად, ბინის კიდევ ერთი უპირატესობა, გამორჩეულ დიზაინთან ერთად, ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი მასალებით მოპირკეთებული სივრცეა, რაც ჯანსაღ გარემოს უზრუნველყოფს.
პენტჰაუზს განსაკუთრებულ მიმზიდველობას სძენს დიდი ვიტრაჟები, რომლებიც სივრცეს ბუნებრივი განათებით ავსებს და ბინას ნათელსა და სასიამოვნოს ხდის.
ღია გეგმარებისაა სასადილო, მისაღები და სამზარეულო სივრცე, რომელიც ერთმანეთისგან ტიხრებითა და ავეჯით არის გამიჯნული. ინტერიერი ისეა გადაწყვეტილი, რომ განსხვავებული გემოვნების მქონე ადამიანებს აკმაყოფილებს და ყველასათვის მისაღებ გარემოს ქმნის. თეთრი ფერის კედლები, ღია ხისფერი პარკეტი და მუქი ფერის დახვეწილი ავეჯი სადა და ელეგანტურ დიზაინს ქმნის, რომელშიც ოქროსფერი ელემენტები და ფერადი ჩანართები საინტერესოდ შემოდის.
მაცხოვრებლების სურვილით, სასადილო ზონაში დამატებულია საკმაოდ ტევადი სათავსოები, რომლებიც დამალულია და თვალისათვის შემაწუხებელი არ არის. კარადების თაროები კი წიგნებით არის დატვირთული. ბუნებრივი სინათლით განათებული სასადილო მაგიდა ტერასას გადაჰყურებს და ოჯახურ შეკრებებს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია თითბერით მოპირკეთებული წიგნების კარადა, რომელზეც თითბერის ჩარჩოში ჩასმული სარკეა დატანილი, რაც საინტერესო დიზაინ-ელემენტს წარმოადგენს. თითბერის მასალა გვხვდება სანათებზეც და ინტერიერის მთლიანობას უსვამს ხაზს.
მისაღები ნაზი ტექსტურის მქონე რბილი ავეჯით არის გაფორმებული და თანამედროვე და კლასიკური სტილის სინთეზს გვთავაზობს. ამ ზონიდან გავდივართ ტერასაზე, რომელიც პენტჰაუზის კიდევ ერთ მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს. სივრცე სრულადაა აღჭურვილი საჭირო ავეჯითა და ბუნებრივი გამწვანებით, რაც იდეალურ პირობებს ქმნის დასვენებისა და გართობისთვის.
ნათელი ბინების მოყვარულებს ნამდვილად აღაფრთოვანებს დიდი ვიტრაჟებით გაფორმებული სამზარეულო, რომელიც ქალაქის ხედებს გადაჰყურებს. ამ ნაწილში პარკეტი და თეთრი ფილები ერთმანეთს საინტერესოდ ეხამება და მსუბუქ, ჰაეროვან გარემოს ქმნის. კომფორტული და მოსახერხებელია ცენტრალურ ნაწილში მდგარი სამზარეულოს თეთრი კუნძულიც, რომელიც ჭურჭლის, ტექნიკის სათავსოს და სასადილო კუთხის ფუნქციას ითავსებს.
მთავარ საძინებელშიც ფრანგული და ინგლისური ატმოსფერო იგრძნობა, რაც ფერთა კონტრასტით, მოლდინგებით, თითბერის ოქროსფერი შტრიხებით და დახვეწილი ავეჯით გამოიხატება. საძინებელიც ტერასაც გადაჰყურებს და ნათელ, თბილ გარემოს უზრუნველყოფს. საძილე ზონის უკანა მხარეს კი მოწყობილია საკმაოდ ტევადი საგარდერობო სივრცე, რაც მეტად ფუნქციურს ხდის ოთახს.
სააბაზანო ნათელი და ღია გეგმარებისაა, სადაც განსაკუთრებულ ატმოსფერო დიდი ვიტრაჟების დამსახურებით იქმნება. გარე სამყაროსთან კავშირის განცდა და ამასთანავე პრივატულობის შეგრძნება ამ ოთახს გამორჩეულ ადგილად აქცევს. საინტერესო დიზაინ ელემენტია „Flos-ის“ ბრენდის ჭერის განათება, რომელიც „Teardrop“-ის სახელწოდებით არის ცნობილი და იტალიელ დიზაინერს, Calvi Brambilla-ს ეკუთვნის.
ბავშვების საძინებელი სრულად მორგებულია მათ ინტერესებზე და დასასვენებელ, გასართობ და სამეცადინო ზონებს აერთიანებს. ოთახის მთავარ დიზაინ ელემენტს თითბერის მოპირკეთებული თაროები წარმოადგენს.
სტუმრების საძინებელი კლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი, სადაც თეთრ ტონალობაში ოქროსფერი შტრიხები საინტერესოდ შემოდის. კედელზე მოლდინგები და მიმზიდველი ჭერის დიზაინი კი ოთახს განსაკუთრებულ აქცენტებს სძენს.
ზვიად სურგულაძის მიერ შექმნილი პროექტი არაერთი უპირატესობითა და გამორჩეული დეტალით ხასიათდება. პენტჰაუზის მთავარი ხიბლი მისი ადგილმდებარეობაა, რაც ერთდროულად გულისხმობს ქალაქის ცენტრში ყოფნას და ასევე ბუნებასთან სიახლოვეს. ვაკის პარკთან სიახლოვე აქტიურ სოციალურ თუ კულტურულ ცხოვრებასთან ერთად, დასვენებისა და გართობის შესაძლებლობას გულისხმობს. ამასთანავე, პენტჰაუზის მთავარ ხიბლს მისი ვრცელი ტერასა წარმოადგენს, რომელიც ქალაქის ხედებით ტკბობისა და დროის სასიამოვნოდ გატარების საშუალებას იძლევა. თანამედროვე და კლასიკურ სტილში გადაწყვეტილი კლასიკური, ელეგანტური ინტერიერი პრველივე ნახვით აღფრთოვანებას იწვევს, სწორი გეგმარება და ზონირება კი ფუნქციურ და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს განაპირობებს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ბინა გასაყიდად არის გამოტანილი და მისი გაყიდვის ექსკლუზიურ უფლებას პრემიუმ კლასის უძრავი ქონების გაყიდვების კომპანია “Eristavi Estates” ფლობს.
[R]