in ,

პენთჰაუზი კარტოზიას ქუჩაზე

Banner M2
Banner M2

ნინი რეხვიაშვილი პროფესიით ფინანსისტია. მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან უყვარს საკუთარი საქმე, პარალელურად ბევრი სხვადასხვა ინტერესი გააჩნია, მათ შორის მოგზაურობა, კულინარია, ინტერიერის დიზაინი და არა ა.შ.

“მიყვარს ყველაფერში ესთეტიკა და ვთვლი, რომ დიზაინი გვაძლევს საკუთარი თავის შეცნობის არაჩვეულებრივ საშუალებას,” – ნინი რეხვიაშვილი

ბინა, რომელიც გივი კარტოზიას ქუჩაზე მდებარეობს, ნინიმ და მისმა მეუღლემ 2020 წელს შეიძინეს. ეს არის 186 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე ორ სართულიანი პენთჰაუზი, რომელიც ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას გადაჰყურებს.

ბინა შევიძინეთ პანდემიის დასაწყისში, 2020 წლის ზაფხულში. ვინაიდან უძრავი ქონების ფასები საკმაოდ შემცირდა პანდემიის საწყის ეტაპზე, გადავწყვიტეთ, რომ საინვესტიციოდ ეს კარგი პერიოდი იყო. რაც შეეხება ადგილმდებარეობას, იპოდრომის ტერიტორია ყოველთვის მოგვწონდა მე და ჩემს მეუღლეს – ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი გარემო და ასევე ჩვენი ცხოვრების აქტიური სტილიდან გამომდინარე, ხელსაყრელი მდებარეობა ქალაქში,” – გვიამბობს ნინი

ახალმა მეპატრონეებმა ბინა სტანდარტული რემონტით მიიღეს, თუმცა, როგორც თავად გვიამბობენ, სივრცის პირველივე ნახვისთანავე, უკვე ზუსტად წარმოიდგინეს, თუ როგორ გადააკეთებდნენ მას საკუთარი გემოვნების შესაბამისად. ამ პროცესის გასამარტივებლად წყვილმა სტუდია სპექტრუმის არქიტექტორთა გუნდს მიმართა, რომლებმაც დამკვეთის საჭიროებებზე მორგებული გეგმარების შემუშავება შეძლეს.

ფაქტობრივად, რადიკალურად შევცვალეთ რემონტი და ასევე გეგმარებაშიც შევიტანეთ კორექტირებები. ყოველთვის მიყვარდა დიზაინი და ვფიქრობდი, რომ ძალიან სასიამოვნო პროცესი იქნებოდა, თუმცა, სიამოვნებასთან ერთად, ბევრ სირთულესაც წავაწყდით. რემონტის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წვრილმანი დეტალების გათვალისწინება, განსაკუთრებით კი გეგმარების ეტაპზე, რათა მაქსიმალურად კომფორტული და ერგონომიულად სწორად გათვლილი სახლი გამოვიდეს,” – ნინი რეხვიაშვილი

ორიგინალური გეგმარების მიხედვით, პირველ სართულზე, სახლში შემოსვლისთანავე კიბის უჯრედის ღია სივრცე იყო განთავსებული, შესასვლელი საკმაოდ ვიწრო იყო და არ იძლეოდა კარადის დადგმის საშუალებას. აქვე მდებარეობდა იზოლირებული სამზარეულო და საერთო ოთახი. ვიწრო შესასვლელი დახშულ სივრცეს ქმნიდა და არაპრაქტიკული იყო სათავსოს გარეშე. ნინის და მის მეუღლეს კი სურდათ მაქსიმალურად ეფექტური დიზაინისა და გაშლილი სივრცის შექმნა. ამ მიზნით, წყვილმა შემდგები ცვლილებები განახორციელა: ფაქტობრივად, სრულად მოიხსნა სამზარეულოს კედელი, რის ხარჯზეც შესასვლელი გადიდდა, სამზარეულო კი ორიგინალური სვეტებითა და მინის კარებით გამოიყო, რაც საჭიროების შემთხვევაში, იზოლაციის საშუალებას იძლევა.

ასევე შესასვლელის გაფართოების ხარჯზე, ამ სივრცეში შესაძლებელი გახდა უცხო დიზაინის კარადის განთავსება, რომელიც სახლში შემოსვლისთანავე იქცევს ყურადღებას და ამასთანავე საკმაოდ პრაქტიკულია. შესასვლელში, ლითონის სვეტების მოპირდაპირედ, მოთავსდა დიდი სარკე, რომელიც კიდევ უფრო ზრდის სივრცის ეფექტს. მისაღები ოთახის კარი მთლიანად მოიხსნა და ოთახი ორ ზონად გაიყო ავეჯის საშუალებით.

რაც შეეხება მეორე სართულს, აქ პირვანდელი გეგმარებით ორი მთავარი საძინებელი იყო განთავსებული. შედარებით მომცრო ზომის საძინებელში არ არსებობდა საკმარისი სივრცე გარდერობის მოსათავსებლად, ამიტომ ახალი გეგმარების თანახმად, აბაზანას დამოუკიდებელი შესასვლელი გაუკეთდა დერეფნის მხრიდან და მოხდა საძინებელში არსებული მთლიანი კედლის ათვისება კარადისთვის.

მეორე საძინებელშიც ასევე პრობლემური იყო დიდი გარდერობისა და საწოლის მოთავსება არსებული კოლონის გამო. თუმცა, ამ შემთხვევაშიც მიღებულ იქნა ორიგინალური გადაწყვეტები, სვეტიანი კედელი მთლიანად სათავსო კარადით გასწორდა და შესაძლებელი გახდა საწოლის ამ კედელზე დადგმა.

 

რაც შეეხება ინტერიერის დიზაინს, ნინი და მისი მეუღლე თავდაპირველად ე.წ. ლოფტის სტილს განიხილავდნენ, თუმცა მალევე გააცნობიერეს, რომ ეს მიმართულება მათთვის ვერ შექმნიდა საჭირო სიმყუდროვესა და კომფორტს.

ჩვენთვის სახლი არის ყველაზე საყვარელი ადგილი და გვინდოდა შეგვექმნა სტილი, რომელიც არასდროს მოგვბეზრდებოდა და ჩვენთან ერთად განვითარების საშუალებას მოგვცემდა სამომავლოდ. საბოლოო ჯამში, ძალიან კმაყოფილები ვართ სახლის დიზაინით, ვინაიდან ის ზუსტად ასახავს ჩვენს ხასიათს. მთლიანობაში ინტერიერი არის კლასიკისა და თანამედროვე დეტალების შერწყმა. კლასიკა მეტი დოზით გვხვდება – პარიზული მოლდინგები, ვერსალის იატაკი, კლასიკური განათება, მოფრეზილი მასიური სამზარეულო და კარადები, რასაც ამსუბუქებს და ათანამედროვებს მეტალის დეტალები, სარკეები, კერამოგრანიტის მარმარილოს ვიზუალის ფილები ჩარჩოსებრი ჩანართებით და ფერების კომბინაცია,” – ნინი რეხვიაშვილი

პირველი სართულის დომინანტი ფერი მწვანეა. აქ გვხვდება სპეციალური დიზაინით დამზადებული კარადა, კარები და სამზარეულო, რომელიც სრულად მწვანე ფერშია გადაწყვეტილი. კედლის ფერად ღია მოცისფრო-მონაცრისფრო ტონია შერჩეული, რომელიც ბინის მეპატრონეებმა რამდენიმე საღებავის შეზავებით მიიღეს.

მისაღებ ოთახში მოლდინგები ჭარბობს. აქ ერთ კედელზე გვხვდება სპეციალურად დამზადებული ხის დესაუ, რომელიც კლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი, ხოლო მეორე კედელზე – ბარის კარადა, რომელსაც სივრცეში თანამედროვე შტრიხები შემოაქვს.

კიბის უჯრედში მოლდინგები და ნახატები გვხვდება. ნინის მეუღლე თავადაც ხატავს და ხელოვნების სიყვარული ინტერიერში საკმაოდ კარგად იგრძნობა.

რომ შევაჯამოთ, ნამდვილად კმაყოფილები ვართ მიღებული შედეგით. ჩვენ შევძელით, შეგვექმნა სახლი, რომელიც ორივეს ხასიათსა და გემოვნებას ასახავს. სახლში ყველა დეტალი და ნივთი სათითაოდ არის შერჩეული. რაც მთავარია, შეიქმნა ისეთი სივრცე, რომელიც არ არის სწორხაზოვანი ან გადატვირთული. შესაბამისად, ვფიქრობ, არსებული დიზაინი გვაძლევს სამომავლოდ კიდევ ბევრი განვითარების, დახვეწისა და ცვლილების საშუალებას ჩვენს პიროვნულ განვითარებასთან და ცხოვრებისეული ეტაპების ცვლილებასთან ერთად. ჯერ კიდევ დასასრულებელი გვაქვს ვერანდებისა და კიბის უჯრედის მოწყობა. ბევრი სხვადასხვა აქსესუარითა და საინტერესო ნივთით ვაპირებთ სახლის გამდიდრებას, რაც მუდმივი და სასიამოვნო პროცესი იქნება,” – ნინი რეხვიაშვილი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე  

Borgo Gallana იტალიაში – Studio Andrew Trotter-ის საუცხოო პროექტი

Midea GAIA – იმოგზაურე ბუნებაში – პრემიუმ კონდიციონერი ჰაერის გარედან შემოტანის ფუნქციით