in

Homeisინსპირაცია: ფანჯრის განიერი რაფა ინტერიერში – რამდენიმე იდეა შთაგონებისთვის

ფანჯრის განიერი რაფა უხვ შესაძლებლობებსა და დამატებით სასარგებლო ზედაპირებს გვაძლევს. დიზაინერებიც ხელიდან არ უშვებენ ამ შანსს და მისი გამოყენების უამრავ ვარიანტს გვთავაზობენ. ყველაზე პოპულარულია მათ შორის საკითხავი, სამუშაო და სამეცადინო სივრცეებია, ასევე საჭმლის მოსამზადებელი და საკვები კუთხე, საძინებელი ან სათავსო ადგილი. დღეს რამდენიმე მათგანზე ვისაუბრებთ.

წიგნის საკითხავი სივრცე

ეს ყველაზე რომანტიკული ვარიანტია, რომელიც თავის დროზე სააგარაკო სახლების აუცილებელ ატრიბუტადაც კი ითვლებოდა. ადამიანებში გემოვნების ცვლილებების მიუხედავად, დიზაინის ამ ელემენტისადმი ყურადღება მაინც არ ნელდება. ეს პირველ რიგში, მისი პრაქტიკულობის გამო ხდება. ამ პროექტის მეპატრონეების ქალიშვილს სწორედ ფანჯრის რაფაზე მოკალათებულს ურჩევნია წიგნის კითხვა. ეს ელემენტი ამ სახლში თავიდანვე ღრმა და განიერი იყო, ამიტომ სივრცის დაზოგვის მიზნით დიზაინერებმა აქ დასასვენებელი ზონა მოაწყვეს, რომელსაც სასიამოვნო დამატების სახით წარმტაცი ხედები მოჰყვება.

ლამაზი ხედები და გარემო ერთ-ერთი მიზეზთაგანია, რატომაც დიზაინერების ოჯახმა ეს სასტუმრო შეიძინა. აქ 10 ოთახი, ყველაზე ვრცელი მესამე სართულზეა და ყველაფერი საუკეთესო სწორედ მას ერგო. ხედებით ტკბობის მიზნით აქ ფანჯრის ღიობი გაადიდეს, რაფა კი დასაჯდომ ადგილად გადააქციეს.

ამ სახლში კი ფანჯრის რაფა ამერიკულ სტილში დასაწოლ და საკითხავ სივრცედაა გადაკეთებული, რომელსაც გვერდით მომცრო ბიბლიოთეკაც კი ახლავს. წასაკითხი ზონა კომპაქტური და დასრულებული გამოვიდა. თაროების ასეთი განლაგების წყალობით (მისაღები ოთახიდან ისინი არ ჩანს) მასპინძლებს წიგნების ფერების მიხედვით დახარისხებაზე წვალება არ უწევთ.

ფანჯარასთან მყუდრო საკითხავი ზონის მოწყობა მხოლოდ დიდი სივრცეების ჯილდო არ არის. ეს ბინა სულ 29 კვადრატული მეტრია, ასეთ სიტუაციაში კი ძირითადი ამოცანა სწორად გათვლილი სათავსო სივრცეებია. ამიტომაც საკითხავ ზონაში დიზაინერმა არა მხოლოდ დასაჯდომი, არამედ სვეტების სახით ტევადი სათავსო სივრცეც შექმნა. გაზრდილი რაფის გამო ბინაში ჰაერის ცირკულაციის შენარჩუნების მიზნით, რადიატორი ხის დახვრეტილი პანელებით არის დაფარული. სხვათა შორის, რადიატორის გვერდებზე არსებული ფასადების მიღმაც თაროებია.

სათავსო ადგილი

თანდათან შემდეგ პუნქტს მივუახლოვდით. ფანჯრის განიერი რაფის ირგვლივ, საკითხავი ზონის ხარჯზე, თაროებისა და კარადების მოწყობაა შესაძლებელი. სწორედ ასე მოიქცნენ ამ პროექტში: დაბლა საჭირო ნივთებისთვის შესანახი ადგილი დაფარეს, კარებს მხოლოდ კონტრასტული სახელურები თუ ააშკარავებს. თვით რაფაზე კი საკმაოდ სასარგებლო დეკორია განთავსებული.

ასეთი სათავსო ადგილის მოწყობა პანორამული ფანჯრების პირობებშიცაა შესაძლებელი. ამ პროექტში სწორედ ასე მოიქცნენ. ფანჯრის დაბალი რაფა დიზაინერმა მრავალფუნქციურ ელემენტად გადააქცია, ჩაშენებულ უჯრებზე კი დაჯდომაც არის შესაძლებელი.

ამ პროექტში კი მაქსიმალურად ფუნქციური ფანჯრის რაფის გაკეთება თავად დამკვეთების ინიციატივა იყო. დიზაინერებმა სიღრმე გაზარდეს და ის გრძელ საწერ მაგიდად გადააქციეს, ქვემოთ კი სათავსო სექციები მოაწყვეს. ის რადიატორებს ფარავს. სურათს დასრულებულ სახეს მუხისგან დამზადებული ჩანართები აძლევს.

ამ პროექტში კი ფანჯრის რაფის ქვეშ ღია უჯრები და თაროებია, სადაც ფაქტობრივად ყველაფერი ინახება: პატარა ლარნაკებით დაწყებული, ღვინის ბოთლებით დასრულებული. ფანჯრის რაფას აქ მთლიანი კედელი უკავია და ტახტის ზონასთან ახლოს სამუშაო მაგიდადაა გადაქცეული (გაითვალისწინეთ, იდეალური ზედაპირის სიღრმე 50 სმ-ია, ამ შემთხვევაში მუხლები კედლებს არ მიეყრდნობა და სწორად ჯდომას შეძლებთ).

სამუშაო მაგიდა

წასაკითხი ზონის მსგავსად სამუშაო მაგიდას ფანჯარასთან უმეტესად ხედების გამო აკეთებენ. „Le Atelier“-ის მიერ შესრულებული ტყეში მდებარე ამ მრავალდონიან სახლში ყველაფერი ხედებზეა ორიენტირებული. გადიდებულ რაფაზე მოწყობილი სამუშაო ზონა და ფანჯრიდან გადაშლილი ტყის ხედი დამკვეთის მთავარ სურვილს – „ქალაქისგან განმარტოვებას“ იდეალურად ასრულებს.

ფანჯრის რაფაზე მოწყობილი სამუშაო ადგილი უნივერსალურია: ის საზოგადო, საძინებელ, საბავშვო და მისაღებ სივრცეებს ორგანულად ერწყმის. დიზაინერების მიერ შესრულებულ ამ ინტერიერში ეს ნათლად ჩანს.

ორდონიანი ბინის ეფექტური გარდასახვა თბილისში – სტუდია STIPFOLD-ის ნამუშევარი

სკანდინავიური სტილის ინტერიერი ნიუ-იორკის თაუნჰაუსში