in

ფასადის თერმოიზოლაცია — ტიპები, მონტაჟის სპეციფიკა და ღირებულება ქართულ ბაზარზე

ფასადის თერმოიზოლაცია გულისხმობს შენობის გარე კედლების თბოსაიზოლაციო ფენით დაფარვას, რაც მიზნად ისახავს შენობაში ენერგოეფექტურობის გაზრდას, სივრცის უსაფრთხოებისა და კომფორტის გაუმჯობესებას და ბევრად დაცული გარემოს უზრუნველყოფას, სადაც შემცირებულია ტენიანობისა და ობის წარმოქმნის რისკები, სითბოს დანაკარგი და შენარჩუნებულია სტაბილური ტემპერატურა.

დარგის ექსპერტი გვიხსნის, რომ არსებობს ფასადის თერმოიზოლაციის რამდენიმე სისტემა. პირველი ტიპი გულისხმობს სტანდარტულ თერმოიზოლაციას, რომელსაც ე.წ. სველი ფასადი ეწოდება და რა დროსაც პენოპოლისტიროლის ან ქვაბამბის ფილები გამოიყენება. ხოლო მეორე ვარიანტს მიეკუთვნება ვენტილირებადი სისტემა, რომელშიც მხოლოდ ქვაბამბის ფილა იხმარება, რადგან საბოლოო პანელსა და კედელს შორის ცეცხლის გაჩენის საფრთხე არსებობს, ქვაბამბა კი არ არის აალებადი მასალა და ფასადის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ამ ორი ტიპის თერმოსაიზოლაციო მასალას შორის მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი მასალის ღირებულება და დამუშავების მეთოდია. მაგალითად, სტანდარტული თერმოსაიზოლაციო მასალა დეკორატიული ბათქაშით ან საღებავით მუშავდება. საბოლოო ფენად კი დეკორატიული აგურის, ქვის ან სხვადასხვა ტიპის იმიტაციის მასალა ეკვრება, რის გამოც შედარებით ნაკლები ჯდება. ხოლო ვენტილირებადი თერმოსაიზოლაციო სისტემა ბევრად ძვირადღირებულია და მის დამამთავრებელ ფენად გამოიყენება ქვა, შუშა, კერამიკა თუ ჰიდროცემენტი.

ჩვენი რესპონდენტი მონტაჟის სპეციფიკაზეც გვესაუბრება და ამბობს, რომ ფასადის თერმოსაიზოლაციო მასალის მონტაჟი სახლის კონსტრუქციის აგების შემდეგ, კედლების სრულყოფილი მოპირკეთების მერე იწყება. თავდაპირველად მიმდინარეობს ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები, ვიტრაჟების მონტაჟი და სადენების, საკომუნიკაციო წერტილებისა და გაყვანილობის მოწყობა. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება თერმოსაიზოლაციო მასალების ინსტალაცია.

პირველ რიგში, გასათვალისწინებელია მასალის სამუშაო პირობები, რაც გულისხმობს ტემპერატურის შეზღუდვას 5-დან 30 გრადუსამდე. თუ 5 გრადუსზე ნაკლებია ტემპერატურა ან ძალიან ცხელა, ამ დროს არ არის რეკომენდებული თერმოსაიზოლაციო მასალების მონტაჟი, რადგან მნიშვნელოვანია, რომ საინსტალაციო პროცესი ტექნიკურ მახასიათებლებში მითითებულ დროს ჩატარდეს და მცირე ხნით შეყოვნებამ, ამინდის პირობების გამო პროცესის გახანგრძლივებამ ან შემოკლებამ, შესაძლოა გარკვეული პრობლემები წარმოშვას — ფასადზე გაჩნდეს ბზარები, თერმოსაიზოლაციო ფილა მოძვრეს ან დაზიანდეს.

სტანდარტული თერმოსაიზოლაციო სისტემის მოწყობისას, ბლოკის კედლების აშენების შემდეგ, იმის მიხედვით, მასალად ქვაბამბას ვიყენებთ თუ პენოპოლისტიროლის ფილას, შესაძლოა კედელს გალესვა დასჭირდეს ან ამის საჭიროება არ დადგეს. მომდევნო ეტაპზე, როდესაც კედელი შესაბამისად დამუშავებულია, თერმოსაიზოლაციო პროფილებს წებო ესმევა, ხოლო ვიტრაჟები იფუთება, რათა მონტაჟის მიმდინარეობისას ცემენტითა და საღებავით არ დაზიანდეს. როდესაც პროფილი წებოს მეშვეობით ზედაპირზე თავსდება, საარმირო ფითხის დახმარებით, მასზე საარმირო ბადე ეკვრება და მიმდინარეობს დაგრუნტვის ეტაპი. შემდეგ კი დეკორატიული ფენის მოწყობა ბეტონის, ტრავერტინის, აგურის იმიტაციის ფილებით ხდება, რომელიც სასურველ ფერზე იღებება.

რაც შეეხება ვენტილირებად სისტემას, ბლოკის კედელზე ალუმინის პროფილების მონტაჟი სრულდება, რომელთა შორისაც ქვაბამბა თავსდება, რათა ფასადმა ეფექტურად უზრუნველყოს თბოიზოლაცია. თუ ქვაბამბას გადაკრული არ აქვს შავი დამცავი მემბრანა, მას დიფუზიური მემბრანა ეფინება, რათა ვენტილირებად სისტემაში წყალმა არ შეაღწიოს და ქვაბამბა დასველებისა და დროთა განმავლობაში დაზიანებისგან დაიცვას. საბოლოო ეტაპზე, საყრდენ პროფილებზე ეკიდება, ეწებება ან სპეციალური სამაგრებით მონტაჟდება დეკორატიული პანელები, შუშის, ჰიდროცემენტის ან კერამიკული მასალა.

სისტემათა ღირებულება ერთმანეთისგან განსხვავდება. სტანდარტული ფასადის თერმოიზოლაცია, 1 მ²-ის გათვალისწინებით, 100-120 ლარის ფარგლებში მერყეობს და ფასი მოიცავს ხელობისა და 10 სმ-იანი სისქის დამათბუნებელი ქვაბამბის თუ პენოპოლისტიროლის ფილის ღირებულებას. ხოლო ვენტილირებადი თერმოიზოლაციის ხარჯი, მასალისა და მონტაჟის გათვალისწინებით, 1 მ²-ის მიხედვით, 120-150 ევროდან იწყება და საბოლოო ფასი დამამთავრებელი დეკორატიული ფენის მიხედვით განისაზღვრება.

ავტორი: მეკო მეტრეველი

საუცხოო ხის კოტეჯი კუნძულზე

როგორ შევარჩიოთ მასალები სწორად? — ანანო მეგრელიშვილის რჩევები მათთვის, ვინც სახლს დამოუკიდებლად არემონტებს