in

ფასადის თერმოიზოლაცია — ყველაფერი, რაც ამ ტექნიკის შესახებ უნდა იცოდეთ

IPS
IPS

შენობის გარე კედლების თბოსაიზოლაციო მასალით დაფარვას ფასადის თერმოიზოლაცია ეწოდება, რომლის მიზანია შენობის შიდა ტემპერატურის სტაბილურობის შენარჩუნება და კლიმატური ცვლილების მიუხედავად, ზამთარში თბილი, ზაფხულში კი გრილი ტემპერატურის უზრუნველყოფა. ამასთან ერთად, ფასადის თერმოიზოლაცია განსაკუთრებულ გავლენას ახდენს შენობის ენერგოეფექტურობაზე, მის ეკოლოგიურ მდგომარეობასა და კომფორტზე, რადგან შიდა სივრცეს თბოდანაკარგებისგან, ტენიანობისა და ობის წარმოქმნისგან იცავს.

შესაბამისად, ფასადის თერმოიზოლაცია რამდენიმე უპირატესობით სარგებლობს:

კომუნალური ხარჯების შემცირება და ენერგოეფექტურობის ზრდა — ხარისხიანი საიზოლაციო მასალა მნიშვნელოვნად ამცირებს ენერგიის მოხმარებას და მაცხოვრებლებს გათბობისა და კონდიცირების ხარჯების შემცირებაში ეხმარება.

მდგრადობის შენარჩუნება — თერმოსაიზოლაციო მასალით დაფარული შენობის ფასადი, პირველ რიგში, დაზიანებისგან იცავს მოსაპირკეთებელ მასალებს, რაც მის მდგრადობასა და ხანგრძლივ გამოყენებას უზრუნველყოფს. ასევე ამცირებს გაგრილებისა და გათბობის სისტემების მუშაობის დატვირთვას, რაც მათ სასიცოცხლო ციკლზე დადებითად აისახება.

კომფორტის უზრუნველყოფა — სტაბილური ტემპერატურის შენარჩუნება, ენერგოეფექტურობის ზრდა და ტენისა და ობის რისკის მინიმუმამდე შემცირება კომფორტულ, მყუდრო და მოხერხებულ გარემოს განაპირობებს მაცხოვრებლებისთვის.

გარემოს გაუმჯობესება — ფასადის თერმოიზოლაციის დახმარებით შესაძლებელია გარემოზე ზრუნვაც, რადგან თერმოიზოლაცია ხელს უწყობს ენერგიის დაზოგვას, ამოწურვადი რესურსების მოხმარების შემცირებასა და სივრცის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ბაზარზე ძირითადად გამოყოფენ თერმოიზოლაციის ორ ტიპს — სტანდარტულ თერმოიზოლაციას, რომელსაც ე.წ. სველი ფასადი ეწოდება და პენოპოლისტიროლის ან ქვაბამბის ფილებით კეთდება და ვენტილირებად სისტემას — რომელშიც მხოლოდ ქვაბამბის ფილა იხმარება. მათ შორის მთავარი განსხვავება მასალების ღირებულება და დამუშავების მეთოდია. მაგალითად, სტანდარტული თერმოსაიზოლაციო მასალა შედარებით ნაკლები ჯდება, რადგან დეკორატიული ბათქაშით ან საღებავით მუშავდება. საბოლოო ფენად კი დეკორატიული აგურის, ქვის ან სხვადასხვა ტიპის იმიტაციის მასალა გამოიყენება. ხოლო ვენტილირებადი თერმოსაიზოლაციო სისტემა ბევრად ძვირადღირებულია, მის დამამთავრებელ ფენად კი ქვა, შუშა, კერამიკა და ჰიდროცემენტი გამოიყენება.

რაც შეეხება მონტაჟის სპეციფიკას, ფასადის თერმოსაიზოლაციო მასალის მონტაჟი სახლის კონსტრუქციის აგების შემდეგ, კედლების სრულყოფილი მოპირკეთების — ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოების, ვიტრაჟების მონტაჟის, სადენების, საკომუნიკაციო წერტილებისა და გაყვანილობის მოწყობის მერე სრულდება.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ სტანდარტული თერმოსაიზოლაციო სისტემის მოწყობისას, ბლოკის კედლების აშენების შემდეგ შესაძლოა კედლის გალესვა გახდეს საჭირო, იმისდა მიხედვით, საიზოლაციო მასალად ქვაბამბა გამოიყენება თუ პენოპოლისტიროლის ფილა. შემდეგ, თერმოსაიზოლაციო პროფილებს წებო ესმება და ზედაპირზე თავსდება, საარმირო ფითხის დახმარებით კი მასზე საარმირო ბადე ეკვრება და დაგრუნტვის ეტაპი სრულდება. საბოლოოდ ფასადზე დეკორატიული ფენა კეთდება — ბეტონის, ტრავერტინისა თუ აგურის იმიტაციის ფილებით.

ვენტილირებადი სისტემის შემთხვევაში, ბლოკის კედელზე ალუმინის პროფილები მონტაჟდება, რომელთა შორისაც ქვაბამბა თავსდება. ასევე, ქვაბამბას, საჭიროების შემთხვევაში, დამცავი დიფუზიური მემბრანა ეფინება, რათა ქვაბამბა დასველებისა და დროთა განმავლობაში დაზიანებისგან დაიცვას. ბოლო ფენად კი საყრდენ პროფილებს დეკორატიული პანელები, შუშის, ჰიდროცემენტისა თუ კერამიკული ფილები ემაგრება.

ამგვარად, ფასადის თერმოიზოლაცია მშენებლობისა და რემონტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც სივრცის სტაბილურ ტემპერატურას, ენერგოეფექტურობას, ხარჯების შემცირებას, კომფორტული და მდგრადი გარემოს ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

რუბრიკის წამრგენია სამშენებლო სერვისების და მასალების კომპანია “აიპიესი

ავტორი: მეკო მეტრეველი

დასასვენებლად განკუთვნილი თავშესაფარი ულამაზესი ხედებით

ფერადი აქცენტებით შექმნილი ინტერიერი გომის ქუჩაზე — ქეთი მაკალათიას ინტერიერი