ლონდონში მდებარე ვიქტორიანული სტილის სახლი, რომელიც დიზაინერ ემილი დობსის (Emily Dobbs) ნამუშევარს წარმოადგენს, კონტრასტული ფერთა პალიტრით, თამამი დიზაინით, კლასიკური და თანამედროვე გადაწყვეტილებებით ხასიათდება. ვიქტორიანული სტილის დიზაინი მდიდრული, დრამატული და დეტალიზებული დეკორით გამოირჩევა, რომელშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მუქი ფერები, რთული დეკორატიული ელემენტები, მასიური, მოჩუქურთმებული და ორნამენტებიანი ავეჯი, ხის მასალები და ამ სტილისთვის დამახასიათებელი დიზაინ ობიექტების სიუხვე. აღნიშნული პროექტი სწორედ ვიქტორიანული სტილის გაცოცხლებულ ვარიანტს წარმოადგენს, სადაც სითამამე და ექსპერიმენტული ნაბიჯები იკვეთება და ეს ყველაფერი ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის.
ინტერიერში სხვადასხვა კონტრასტული ფერი, რომელიც კედლებზე, ავეჯსა თუ დეკორზე გვხვდება, ერთმანეთში საინტერესოდ ირევა. იატაკზე გამოყენებულია მუქი ფერის მუხის პარკეტი, კედლები კი სხვადასხვა ფერის საღებავითა და კედლის ქაღალდით არის მოპირკეთებული.
ვიტრაჟებიან მისაღებში კედლის ყვითელი ფერი საინტერესოდ ეხამება რბილ ავეჯს, რომლებზეც კლასიკური შტრიხები იკვეთება. ვიქტორიანულ დიზაინში ერთ-ერთი მთავარი ელემენტია ბუხარი, რომელიც დეკორატიულად არის გაფორმებული. მისაღებშიც დიდ ყურადღებას იქცევს მასიური ბუხარი, არქაული ესთეტიკის კედლის ქაღალდი და ხის ვინტაჟური ავეჯი. აღსანიშნავია, რომ დეკორაციასა და ავეჯზე ხშირად გვხვდება ხის ფაქტურა, რაც ასევე ვიქტორიანული ეპოქისთვის არის დამახასიათებელი.
ღია გეგმარების მქონე სამზარეულოში, რომელიც მისაღებთან ერთიანდება, ყვითელ ფერთან ერთად, მუქი წითელი ტონალობაც შემოდის სამზარეულოს ავეჯის, კარადებისა და სასადილო მაგიდის სახით. ხაზგასასმელია მუქი მწვანე ფილებიც, რომლებიც სამზარეულოს წინსაფარზეა გამოყენებული. ოთახში მრავლად გვხვდება დეკორატიული განათებაც, რომელიც სივრცის სხვადასხვა წერტილშია განთავსებული.
ერთ-ერთი გამორჩეული ზონაა ვიტრაჟებიანი კაბინეტი, რომელიც ლურჯი ფერის კედლებით, რბილი ფერადი ავეჯითა და კლასიკური სტილის დეკორით ხასიათდება. ოთახში მოწყობილია მცირე ბიბლიოთეკაც, რაც საოცარ ატმოსფეროს ქმნის.
მთავარი საძინებელი ძალიან ფერადი და მიმზიდველია. ვარდისფერისა და წითლის ტონალობები გვხვდება როგორც კედლებზე, ისე ავეჯსა და კარზე, რაც ოთახს ახალისებს და სასიამოვნო იერსახეს სძენს. კონტრასტის როლს თამაშობს მასიური, კლასიკური დიზაინის მწვანე საწოლიც, რომელიც მნიშვნელოვანი დეკორატიული ელემენტია.
ამაღლებული განწყობა იგრძნობა საბავშვო ოთახშიც, სადაც ყურადღებას იქცევს მოხატული კედელი, რომელიც იდეალურად ეხამება მწვანე და ნარინჯისფერ ტონებს. სივრცე საკმაოდ ფუნქციურია და გვხვდება როგორც საძილე, ისე სათამაშო კუთხე.
გამორჩეული ყურადღება ეთმობა სააბაზანო ოთახებსაც, სადაც სახლის განწყობა მეორდება. ფერადი ფილები, მოხატული, ორნამენტებიანი ნიჟარები, ოქროსფერი შემრევები მდიდრულ, ვიქტორიანულ ესთეტიკას ქმნის და ეფექტურ, მიმზიდველ და განსხვავებულ ინტერიერს განაპირობებს.
ემილი დობსის პროექტი გამოირჩევა განსხვავებული, თამამი, ორიგინალური გადაწყვეტილებებით და ფერთა ჰარმონიული სინთეზით, რომელშიც ვიქტორიანული, კლასიკური და თანამედროვე დეტალები ერთმანეთს ორგანულად ერწყმის და საოცარ ესთეტიკასა და ატმოსფეროს განსაზღვრავს.