in

ფერადი სამზარეულოები საქართველოდან – 10 საინტერესო პროექტი თქვენი ინსპირაციისთვის

სამზარეულო გამორჩეული ზონაა სახლის ინტერიერში, ამიტომ მას განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ, როგორც პრაქტიკული, ისე გარეგნული თვალსაზრისით. სასურველია, ამ სივრცის ვიზუალი სასიამოვნო და ლამაზი იყოს. საინტერესოა მისი ფერად ტონებში გადაწყვეტა და ამით ინტერიერში ხასიათისა და პოზიტიური განწყობის შექმნა. დღეს შემოგთავაზებთ ფერადი სამზარეულოების რამდენიმე საინტერესო პროექტს საქართველოდან, რომლებიც შესაძლოა, ინსპირაციის წყარო გახდეს თქვენთვის და ეს ფუნქციური სივრცე უფრო მრავალფეროვანი გახადოთ.

1. ფერადი ბინა დადიანის ქუჩაზე – დაკო ბახტურიძის ინტერიერი

ბინის მეპატრონეს ინტერიერის დიზაინთან არანაირი შეხება არ ჰქონია, მაგრამ თამამად შეუდგა პროექტის დამოუკიდებლად განხორციელებას და საბოლოოდ, წარმატებით გაართვა თავი დასახულ მიზანს. ლურჯი ფერის სამზარეულო, წითელი ფერის აქსესუარებით ფერად და სასიამოვნო განწყობას ქმნის. ამავდროულად, ჰარმონიულად ერწყმის მთლიან ინტერიერს და სახლში ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს, თავისი სიმკვეთრითა და ვიზუალური მრავალფეროვნებით.

იხილეთ პროექტი დეტალურად

2. პენტჰაუსი კარტოზიას ქუჩაზე

მწვანე ფერებში გადაწყვეტილი სამზარეულო ელეგანტურ და გემოვნებიან ინტერიერს ქმნის და საოცარი სიმყუდროვის განცდას ბადებს. ბინის მეპატრონეებს, ნინი რეხვიაშვილსა და მის მეუღლეს სახლში გაშლილი სივრცის შექმნა სურდათ. სწორედ ამიტომ, სივრცეში სრულად მოიხსნა სამზარეულოს კედელი, რის ხარჯზეც შესასვლელი გადიდდა, სამზარეულო კი ორიგინალური სვეტებითა და მინის კარებით გამოიყო, რაც საჭიროების შემთხვევაში, იზოლაციის საშუალებას იძლევა.

იხილეთ პროექტი დეტალურად

3. სტუდიო თამარაშვილის ქუჩაზე

ბინა სტანდარტული სტუდიოს ტიპის სივრცის პრინციპით არის შექმნილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში რამდენიმე ფუნქციური ზონაა გაერთიანებული. ამრიგად, სამზარეულო და მისაღები ერთ სივრცეშია მოქცეული და ისინი ერთმანეთისგან სამუშაო კუნძულით არის გამოყოფილი. სამზარეულოს დიზაინში ვხვდებით ლურჯი ფერის ავეჯს, რომელიც იდეალურად ეხამება აგურის კედელსა და კუნძულის თეთრი ქვის ზედაპირს, რაც საინტერესო და მიმზიდველ ვიზუალს ქმნის.

იხილეთ პროექტი დეტალურად

4. კერძო სახლი თხინვალაში

სახლის ინტერიერზე, დიზაინერმა ნინო ჟღენტმა იმუშავა. პროექტის ავტორისა და სახლის მფლობელების გადაწყვეტილებით, სტუდიოს ტიპის დიდი ოთახი, ორ ნაწილად გაიყო და მოიცვა სამზარეულო და მოსასვენებელი ოთახი. სამზარეულო შექმნილია ლურჯი და მწვანე ფერებით, რომელიც ხის ელემენტებითაა გაფორმებული და ჰარმონიულად ერწყმის ნაცრისფერ კედლებს. შედარებით მკვეთრი მწვანისა და ლურჯის გამოყენება სივრცის აქცენტირებას ახდენს საერთო ინტერიერში.

იხილეთ პროექტი დეტალურად

5. პატარა ბინა სხვენში 

ძალიან საინტერესოდ მოწყობილ პატარა ბინაში, გამორჩეულ ადგილს სამზარეულო იკავებს. ღია ვარდისფერ და მწვანე ფერებში გადაწყვეტილი ეს ზონა ზღაპრულ ატმოსფეროს ქმნის და თითქოს, არარეალურ სამყაროში გვამოგზაურებს. ფართის სიმცირის მიუხედავად, თითოეული ადგილი მაქსიმალურადაა ათვისებული და სამზარეულო ერთდროულად პრაქტიკული და ვიზუალური თვალსაზრისით, ინტერიერის განსაკუთრებულს ნაწილს წარმოადგენს.

იხილეთ პროექტი დეტალურად

6. ბინა დიღმის მასივში

მოცემულ პროექტში, სამზარეულო მისაღები ოთახის სივრცეშია განთავსებული. ამიტომ სივრცის დაზოგვის მიზნითა და ესთეტიკურობის თვალსაზრისით, ჩაშენებული მაცივრისა და ტექნიკის დაპროექტება მოხდა. ბუნების დეტალებით შთაგონებული – მწვანე ფერის, ხის მასალისა და მცენარეების გამოყენება ინტერიერში, სამზარეულოს განსაკუთრებულ სიხალისეს, სიცოცხლეს, სიჯანსაღესა და ჰარმონიულობას სძენს. ოთახში შემოაქვს სიმყუდროვისა და სიმსუბუქის განცდა.

იხილეთ პროექტი დეტალურად

7. ფერადი ბინა ბათუმში

ბინა განსაკუთრებულ ყურადღებას ინტერიერში გამოყენებული თამამი და მკვეთრი ფერებით იქცევს. თვალშისაცემია მკვეთრი ლურჯი ფერის სამზარეულო, რომელშიც ხის მასალაა გამოყენებული და მისაღებ ოთახში განთავსებულ, ხასხასა ყვითელ სავარძელს კარგად ეხამება. ფერების სიმკვეთრე ბინის ხასიათსა და განწყობას ქმნის. ბუნების ელემენტებზე ხაზგასმას, მცენარეების გამოყენებას კი სივრცეში სიმყუდროვე შემოაქვს. საერთო ჯამში, ერთმანეთთან შერწყმული, ჰარმონიული ინტერიერი იქმნება.

იხილეთ პროექტი დეტალურად

8. ბინა ბაგებში 

ბუნების ხედის ინსპირაციით განხორციელდა ბინის ინტერიერის დიზაინი, რომელშიც მწვანე ფერები ჭარბობს, რათა სიმწვანე შიდა სივრცეშიც შემოსულიყო და სინთეზი, ერთგვარი გაგრძელების შეგრძნება შეექმნა ექსტერიერთან. ამ მხრივ, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს სამზარეულო. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ინტერიერში გამოყენებული მწვანე ფერი დღის განმავლობაში იცვლება და სხვადასხვა განათებაზე განსხვავებულ ეფექტს იძლევა. სამზარეულოს სივრცე, ბინის დანარჩენ ნაწილთან ერთად საოცრად მშვიდ და ჰარმონიულ განწყობას ქმნის.

იხილეთ პროექტი დეტალურად

9. დუპლექსი აღმაშენებლის გამზირზე

პროექტის ინტერიერში სამზარეულო, რომელიც მისაღებთანაა გაერთიანებული, შუშაბანდშია განთავსებული, რაც დღის ნებისმიერ მონაკვეთში ჭარბი სინათლისა და შუქის შემოსვლას უზრუნველყოფს. შუშაბანდისა და სამზარეულოს ფერები ერთმანეთს ეხამება და ღია სალათისფერ ტონებშია გადაწყვეტილი. ეს ჰარმონიული კომბინაცია კი ულამაზეს გარემოს ქმნის. ბინას ნათელი, მყუდრო და მშვიდი ატმოსფეროთი ავსებს და საოცრად სასიამოვნოდ გაგრძნობინებს თავს.

იხილეთ პროექტი დეტალურად

10. ბინა ბათუმში

ბათუმის ცენტრში მდებარე ბინა ორიგინალური დიზაინით გამოირჩევა და არასტანდარტული, ლურჯი ფერის ჭერით იქცევს ყურადღებას, რომელიც სივრცეს განსაკუთრებულ ხასიათს სძენს. ბინაში სამზარეულო და მისაღები ზონა გაერთიანებულია და ერთმანეთისგან ღია თაროთა სისტემით არის გამოყოფილი. თავად სამზარეულო მარჯნის რიფის ფერშია გადაწყვეტილი, რომელიც ნაზი და თვალისთვის სასიამოვნოდ აღსაქმელია. ის განსაკუთრებით მიმზიდველია ლურჯი ჭერის ფონზე და საერთო ჯამში, საკმაოდ პოზიტიურ განწყობას ქმნის ინტერიერში.

იხილეთ პროექტი დეტალურად

ეკლექტური დიზაინის შექმნის ძირითადი პრინციპები – ნინო პაიჭაძის გიდი

რა უპირატესობა აქვს დაბალსართულიან კორპუსში ცხოვრებას?