კარგად გაფორმებულ სახლებს გააჩნიათ რამდენიმე საერთო დეტალი და ბევრი რამ, რაც მათ ერთმანეთისგან გამოარჩევს. ზოგიერთი დიზაინერი ფერებს ეყრდნობა, ზოგი ფერთა პალიტრისთვის ორიენტირად ხელოვნების ნიმუშებს ან ხალიჩებს იღებს და ა. შ. თითოეულ მათგანს საკუთარი წესები გააჩნია. ზოგიერთი შედარებით უნივერსალურია — წესები, რომლებიც დაკავშირებულია ფორმასთან, სინათლესთან, ფერთან და სივრცესთან. სხვები კი უფრო ინდივიდუალურია და შესაბამისად, ეფუძნება პრეფერენციებსა და ინსტინქტებს. მაგრამ რა არის ეს წესები? დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ კითხვაზე გვპასუხობენ ინტერიერის დიზაინერები მთელი მსოფლიოდან.
ინსპირაციის პოვნა
ბრენდონ შუბერტი
„გამოიყენეთ ე.წ. ფერების ბორბალი. თუ დაბნეული ხართ, ეს შეიძლება იყოს შესანიშნავი შთაგონება ფერების მოულოდნელი კომბინაციებისთვის. ამით თავს შეიზღუდავთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ფერების ბორბალი შესანიშნავი გზაა ვარჯიშის დასაწყებად, რათა შექმნათ ფერთა კომბინაციები, რომლებიც ადამიანების უმეტესობისთვის ინტუიტიური არ არის“.
სწორი ფერის შერჩევა
სუზან დელისი
„ჩაატარეთ ექსპერიმენტები განათებაზე. დააკვირდით ფერებს დღისა და ღამის სხვადასხვა მონაკვეთებში და სივრცის განსხვავებულ ადგილებში. მოსასინჯად, ბევრი ადამიანი დაფებს ღებავს, მაგრამ მე უფრო საინტერესოდ ახალი ფერების ჩემს კედელზე გამოცდა მიმაჩნია. გარდა ამისა, ამ შემთხვევაში ნაბიჯი უკვე გადადგმულია და კედლის გადაღებვა გარდაუვალია. შეგიძლიათ ფერი ნახატის ან ფარდის მიღმა არსებულ ზედაპირზე გამოცადოთ, რათა ის მუდმივად არ ჩანდეს.“
ნეიტრალური ფერები
Buchanan Studio
„ნუ შეგეშინდებათ თეთრი კედლების. ისინი ქმნის შესანიშნავ ნეიტრალურ ფონს იმისთვის, რომ სივრცე შეივსოს სხვა ნივთების ფერებით, როგორიც არის ხელოვნების ნიმუშები, ავეჯი და ქსოვილები. ხშირად ჩნდება ცდუნება, კედლები თქვენთვის საყვარელ ფერებში შეღებოთ, რაც შეიძლება ფანტასტიკურ ვიზუალურ ეფექტს ქმნიდეს, თუმცა გახსოვდეთ, რომ ოთახში ფერის შემოსატანად ეს ერთადერთი გზა არ არის“.
ატმისფერი
ბეატა ჰოიმანი
„ატმისფერი წარმოუდგენლად სასიამოვნო ფერია კედლების შესაღებად — ის ლამაზად აისახება ადამიანების კანზე და წარმოაჩენს ფერს ლოყებსა და თვალებში“.
ლურჯი
ალექს გლოვერი
„ცისფერი გონებრივად დამამშვიდებელი ფერია, ამიტომ ის იდეალურად მუშაობს დიდ სივრცეებში, როგორიცაა საძინებლები, სამზარეულოები და მისაღები ოთახები. ლურჯი გონებრივად მასტიმულირებელია, ამიტომ ის შეეფერება პატარა სივრცეებს, როგორიც არის კაბინეტი, კომუნალური ოთახები, აბაზანაც კი, თუ თქვენ ამ სივრცეში ფიქრი მოგწონთ“.
მწვანე
ვიქტორია ბარკერი
„ყოველთვის ვირჩევ საღებავებს მიწიერი, ბუნებრივი ტონით, რათა ისინი ინტერიერში არ იყოს დომინანტი. მე ვფიქრობ, რომ ეს წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია თამამი ფერების შერჩევისას, რადგან ასეთი ფონი მათ „მოდუნებაში“ ეხმარება. თუნდაც ყველაზე კაშკაშა მწვანე ფერის არჩევისასაც ვზრუნავ, რომ მას მიწიერი ელფერი დაკრავდეს — როგორც წესი, ეს ბუნებრივი პიგმენტური საღებავის საშუალებით მიიღწევა”.
სითამამე
კეტრინ ოლი
„გადამეტების შიშით, თქვენი საყვარელი ფერით მხოლოდ ერთი ან ორ კედელს ნუ შეღებავთ, არამედ იყავით გაბედული და ის ყველგან გამოიყენეთ. პირველი მიდგომა შექმნის საპირისპირო ეფექტს და ამ კედლებს მთლიანი სივრცისგან გამოყოფს — რაც უფრო მეტ კონტრასტულ ხაზს ვხედავთ, მით მეტი რამ არის შესამჩნევი. შეგიძლიათ, კედლებთან ერთად, ჭერის შეღებვაც განიხილოთ, რაც საუკეთესო ვარიანტია უწყვეტობის ეფექტის შესაქმნელად და დაბალი ჭერის გასაქრობად“.
დასკვნა
ვიქტორია ფონ ვესტენჰოლცი
„მსხვილ პროექტებზე მუშაობისას მუდამ გახსოვდეთ, რომ ტენდენციები წარმავალია, ამიტომ ორიენტირდით კლასიკაზე და იმაზე, რაც დროს უძლებს“.
რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი